ამერიკული თუ თურქული შეთავაზება? 90-იან წლებში სომხეთ-აზერბაიჯანის ტერიტორიული გაცვლის განხილვა
მეღრის გაცვლა მთიან ყარაბაღში
სომხეთში აქტიურად განიხილავენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებს, რომელთა შესახებ რამდენიმე დღის წინ “რადიო თავისუფლებამ” (Azatutyun) განაცხადა. აღნიშნული მასალების მიხედვით, 1990-იანი წლების ბოლოს სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები (რობერტ ქოჩარიანი და ჰეიდარ ალიევი) განიხილავდნენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობას ტერიტორიული გაცვლის გზით. შეთავაზება გულისხმობდა მთიანი ყარაბაღის სომხეთთან მიერთებას, სანაცვლოდ კი სომხეთს სამხრეთ საზღვარზე მდებარე მეგრი, აზერბაიჯანისთვის უნდა გადაეცა, რაც ბაქოს საშუალებას მისცემდა, დაემყარებინა პირდაპირი კავშირი ნახიჩევანის ექსკლავთან.
თუმცა, ეს შეთანხმება საბოლოოდ არ შედგა.
გასაჯაროებული დოკუმენტების თანახმად, 1999 წელს, სომხეთის პარლამენტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რობერტ ქოჩარიანმა შუამავლებს განუცხადა, რომ ქვეყანაში არსებული შიდა არასტაბილურობისა და ირანთან საზღვრის შენარჩუნების აუცილებლობის გამო, ვერ შეძლებდა მოლაპარაკებების გაგრძელებას.
2000 წლის იანვარში, დავოსში ჰეიდარ ალიევთან შეხვედრისას, ქოჩარიანმა ახალი პირობა წამოაყენა. მან აღნიშნა, რომ სომხეთი მზად იყო მეგრის გადაცემაზე დაეწყო მოლაპარაკებები, თუ თურქეთი დათანხმდებოდა 1915-1916 წლების სომეხთა გენოციდის განხილვას. ალიევმა ეს წინადადება უარყო, რაც, როგორც ჩანს, ქოჩარიანის სტრატეგიის ნაწილი იყო.
სომხეთის პრეზიდენტმა შექმნილი ვითარება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი ბერდენიკოვს, განუმარტა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე პროგრესის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა პარლამენტში მომხდარი თავდასხმა, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ ეროვნული ასამბლეის სპიკერი კარენ დემირჩიანი და პრემიერმინისტრი ვაზგენ სარქისიანი. ქოჩარიანის თქმით, მათი არყოფნის პირობებში შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი გახდა, რადგან „ხელშეკრულების კრიტიკა იზრდება როგორც მემარჯვენე ფლანგიდან, ასევე ლევონ ტერ-პეტროსიანის მომხრეების რიგებიდან“.
გასაჯაროებული დოკუმენტები და სომხეთ-აზერბაიჯანის ტერიტორიული გაცვლის იდეა აქტიურ დისკუსიას იწვევს როგორც პოლიტიკოსებში, ისე ანალიტიკოსებს შორის.
პარტია “რესპუბლიკის” ლიდერმა, არამ სარქისიანმა განაცხადა, რომ ქოჩარიანმა “კრიმინალური დანაშაული” ჩაიდინა, როცა ამ ვარიანტზე თანხმობა განაცხადა. მისი თქმით, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ევალებოდა, ხოლო მეგრი სომხეთის სუვერენული ტერიტორიაა.
“როდესაც სომხეთს მეგრის ყარაბაღზე გაცვლას სთავაზობდნენ, ქოჩარიანი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო იმით, რომ აზერბაიჯანი თითქოს ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებდა. მას უნდა ეპასუხა: “რა კავშირი აქვს სომხეთს აზერბაიჯანთან?“ ეს საკითხი მაშინვე უნდა დახურულიყო, რათა ის დღემდე სპეკულაციის საგანი არ გამხდარიყო”, – აღნიშნა მან.
რას ამბობენ პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები გასაჯაროებული დოკუმენტების შესახებ და რა სხვა დეტალები იკვეთება?
„ტერიტორიების გაცვლა პრობლემას ვერ მოაგვარებს, არამედ კიდევ უფრო გაამწვავებს“
ცნობილია, რომ ტერიტორიული გაცვლის იდეაზე პირველად საჯაროდ 1992 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა პოლ გობლმა ისაუბრა. სწორედ ამიტომ, ეს ინიციატივა „გობლის გეგმად“ არის ცნობილი, თუმცა უცნობია, თავად გობლმა შეიმუშავა თუ არა იგი.
გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული შესაძლებლობა მანამდეც განიხილებოდა. 1990-იანი წლების დასაწყისში თურქეთის პრეზიდენტმა თურგუთ ოზალმა ეს იდეა აშშ-ის პრეზიდენტს შესთავაზა. თუმცა, ჯორჯ ბუშ უფროსის ადმინისტრაცია ამ წინადადებით არ დაინტერესებულა.
ანკარამ ეს საკითხი კვლავ წამოსწია აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის მმართველობის დროს. 1997 წელს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ონურ ოიმენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტროუბ თელბოტს დაურეკა და კიდევ ერთხელ შესთავაზა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება “საზღვრების შეცვლის“ გზით.
ოიმენმა აღნიშნა, რომ თურქეთს ამ საკითხზე რუსეთთან უკვე ჰქონდა საუბარი და ვაშინგტონის პოზიცია მოიკითხა. თელბოტმა უპასუხა, რომ ასეთ შეთანხმებას შესაძლოა კონფლიქტის მხარეების ყურადღება მინსკის ჯგუფის მიერ შემოთავაზებული დარეგულირების გეგმიდან გადაეტანა. უფრო მეტიც, მან ხაზი გაუსვა, რომ ტერიტორიული გაცვლა პრობლემას ვერ მოაგვარებდა, არამედ კიდევ უფრო გაამწვავებდა:
“მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიღებული გამოცდილება აჩვენებს, რომ საზღვრების შეცვლა პანდორას ყუთის გახსნას ჰგავს. ყარაბაღის შემთხვევაში, ეს საუკეთესო შემთხვევაში ჩიხში შეგვიყვანს, ხოლო უარეს შემთხვევაში – ძალადობის ესკალაციას გამოიწვევს“.
თუმცა, თელბოტმა დასძინა, რომ თუ აზერბაიჯანელები და სომხები მოლაპარაკებების გზით, ძალადობის გარეშე შეთანხმდებიან, მინსკის ჯგუფი და აშშ მხარს დაუჭერენ.
მინსკის ჯგუფი 1992 წელს შეიქმნა. ეს იყო ეუთოს წევრი ქვეყნების ჯგუფი, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის შუამავლობას ახორციელებდა 2020 წლის ომამდე. ჯგუფში შედიოდნენ გერმანია, იტალია, ფინეთი, შვედეთი, ბელარუსი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. მისი თანათავმჯდომარეები იყვნენ რუსეთი, აშშ და საფრანგეთი.
“მთიანი ყარაბაღი სრულად უჭერდა მხარს შეთანხმებას“
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, შუამავლები ტერიტორიული გაცვლის იდეის შესახებ მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებასაც გაესაუბრნენ. 1999 წლის დეკემბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მოთხოვნით, ეუთოს მინსკის ჯგუფი რეგიონში ჩავიდა, რათა დაეზუსტებინა, თუ როგორ უყურებდა ყარაბაღის მხარე ამ შეთანხმებას. ამერიკელმა თანათავმჯდომარემ, კერი კავანომ, მაშინ ვაშინგტონში საკუთარ ხელმძღვანელობას აცნობა:
“არკადი ღუკასიანმა [არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტმა] დაადასტურა, რომ იგი სრულად უჭერს მხარს ქოჩარიან-ალიევის შეთანხმებას. მე კი პირობა დავდე, რომ ამ ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტს გადავცემდი“.
დიპლომატიური დეპეშების მიხედვით, იმავე პერიოდში შუამავლები საერთაშორისო დონორებთანაც მუშაობდნენ. მათთან განიხილებოდა ტერიტორიების აღდგენისა და მოსახლეობის გადასახლების საკითხი შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ფრანგი თანათავმჯდომარე დაინტერესდა, როდის იქნება მიზანშეწონილი მსოფლიო ბანკის თანამშრომლების რეგიონში ვიზიტი საჭიროებების შესაფასებლად. არკადი ღუკასიანმა უპასუხა, რომ რაც შეიძლება მალე. უფრო მეტიც, მან პირობა დადო, რომ ინფორმაცია გასაიდუმლოებული დარჩებოდა.
“მან [ღუკასიანმა] აღნიშნა, რომ სრული კონფიდენციალურობის დაცვა აუცილებელია, რადგან ეს გადამწყვეტი ფაქტორია შეთანხმების მისაღწევად. საუბარი მან დაასრულა ხაზგასმით, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუს კვო ვერ გაგრძელდება უსასრულოდ და რომ აუცილებელია მშვიდობის დამყარება და განვითარება“, – აცნობა კავანომ ვაშინგტონს
“ტერიტორიების გაცვლის ვარიანტი არასდროს ყოფილა განხილული” – რობერტ ქოჩარიანი
სომხეთის პრეზიდენტმა 2000-იან წლებში განაცხადა, რომ მინსკის ჯგუფს ტერიტორიული გაცვლის განხილვა არ შესთავაზა. ქოჩარიანი არ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა განიხილა ჰეიდარ ალიევთან მისი პირდაპირი კონტაქტების დროს შუამავლების გარეშე.
ტერიტორიების გაცვლის იდეის კომენტირებისას ის ხაზს უსვამს, რომ თავიდანვე აშკარად უარყოფითად იყო განწყობილი:
“ეს მხოლოდ კომუნიკაციებს ეხებოდა. ტერიტორიების გაცვლის ვარიანტი არასოდეს განიხილებოდა. მაგალითად, განიხილეს შემდეგი პრინციპი: მისაღებია თუ არა ტერიტორიული გაცვლა? მე ვუთხარი: არა, ჩვენ ვკარგავთ სტრატეგიულ საზღვარს ირანთან. სულ ესაა. ”მე არ ვცვლი ტერიტორიებს სომხურ მიწებზე,” – თქვა მან სომხურ ტელევიზიებთან ინტერვიუში 2008 წლის თებერვალში.
ლევონ ქოჩარიანი: “მეგრი გაცვლას არ ექვემდებარებოდა“
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ვაჟმა და ოპოზიციური ფრაქცია “ჰაიასტანის“ დეპუტატმა, ლევონ ქოჩარიანი გამოეხმაურა პუბლიკაციას და Facebook-ის საკუთარ გვერდზე რვაპუნქტიანი განცხადება გამოაქვეყნა.
- „ჰეიდარ ალიევი თანახმა იყო, არცახი სომხეთს მიერთებულიყო მეგრის სანაცვლოდ.
- სომხურმა მხარემ მეგრის არცახზე გაცვლაზე უარი თქვა.
- სომხური დიპლომატიის წარმატებული მუშაობის შედეგად მოლაპარაკებების მაგიდაზე გაჩნდა ახალი წინადადება, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანს მხოლოდ სახმელეთო გზა (ესტაკადა) უნდა მიეცემოდა მეგრის გავლით.
- არცახი უნდა გამხდარიყო სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული ნაწილი ლაჩინის დერეფანთან ერთად.
- მიუხედავად საწყისი შეთანხმებისა, აზერბაიჯანმა ბოლო მომენტში ამ ვარიანტზე უარი თქვა.
- დღეს, არცახის დაკარგვის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანი მოლაპარაკებებს აწარმოებს აზერბაიჯანისთვის მეგრის გზის გადაცემაზე, სანაცვლოდ კი არაფერს იღებს.
- ფაშინიანის მმართველობის პერიოდში სომხეთმა დაკარგა არცახი, აზერბაიჯანმა კი მოახდინა სომხეთის ტერიტორიების ოკუპაცია — იმაზე უფრო დიდი ტერიტორიის, ვიდრე მეგრია, და მის დაბრუნებას არ აპირებს.
- ეს, სულ მცირე, უცნაური და არასწორია, როდესაც მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე ზოგიერთი ოფიციალური პირის მოსაზრებები გასაჯაროვდა, მაგრამ თავად დოკუმენტი, რომელიც ამ მოლაპარაკებების შედეგად შეიქმნა და რომელშიც მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ მეგრი გაცვლას არ ექვემდებარებოდა, საიდუმლოდ რჩება.“
“ეს არის ფაქტები. ის ხმაური, რომელსაც ხელისუფლება და სხვა ძალები ამ საკითხის გარშემო ქმნიან, საზოგადოებისთვის კვლავ სიცრუის შესთავაზებას ისახავს მიზნად, სანამ მორიგ ერთპიროვნულ დათმობაზე წავა“, — წერს ქოჩარიანი.
„ტყუის შვილის პირით“ – არამ სარგსიანი
პარტია “რესპუბლიკის“ ლიდერი არამ სარგსიანი ასევე გამოეხმაურა გასაიდუმლოებული დოკუმენტების გახმაურებასა და მათ ირგვლივ გაჩენილ დისკუსიას. მისი თქმით, რობერტ ქოჩარიანმა საკუთარი გზავნილი შვილის პირით გადმოსცა, თუმცა თავადვე მიაწოდა მას მცდარი ინფორმაცია.
სარგსიანის განცხადებით, მეგრის გაცვლის ვარიანტი მართლაც განიხილებოდა. მეტიც, პრესაში გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, ამ შეთანხმების სანაცვლოდ საერთაშორისო პარტნიორები სომხეთს 6 მილიარდ დოლარს, ხოლო აზერბაიჯანს 8 მილიარდ დოლარს პირდებოდნენ. მისი თქმით, იმ დროს სომხეთის პრემიერმინისტრს, ვაზგენ სარგსიანს, და პარლამენტის თავმჯდომარეს, კარენ დემირჩიანს, შეთანხმების ყველა დეტალი არ გააცნეს, თუმცა ისინი მაინც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მიწების გაცვლას.
პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ რობერტ ქოჩარიანი ოდესღაც ცდილობდა მის დარწმუნებას, თითქოს მისი ძმა, რომელიც 1999 წლის 27 ოქტომბრის ტერაქტის დროს დაიღუპა, მეგრის გაცვლის იდეას უჭერდა მხარს. თუმცა, მოგვიანებით, არამ სარგსიანმა წაიკითხა ძმის მიერ იმ დღეს გაკეთებული ჩანაწერები და დარწმუნდა, რომ ეს სიმართლე არ იყო:
“ამის შემდეგ ქოჩარიანი გაჩუმდა. რადგან გაგრძელება იმას ნიშნავდა, რომ სწორედ ისინი იყვნენ 27 ოქტომბრის მკვლელობის დამკვეთები. ეს ასევე ნიშნავდა, რომ 27 ოქტომბრის თავდასხმა მეგრის დერეფნის გამო მოხდა, რომელსაც დემირჩიანი და სარგსიანი ეწინააღმდეგებოდნენ.“
1999 წლის 27 ოქტომბერს შეიარაღებული ჯგუფი სომხეთის ეროვნული ასამბლეის სხდომათა დარბაზში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. თავდასხმას რვა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის – პარლამენტის სპიკერი, ორი ვიცე-სპიკერი, პრემიერმინისტრი, სამი დეპუტატი და ერთი მინისტრი. დამკვეთები დღემდე უცნობია. თუმცა, თავის დროზე, რობერტ ქოჩარიანი აცხადებდა, რომ ამ საქმის გამოძიება “მარტივ უბნის პოლიციელსაც“ შეეძლო.
„მეგრის საკითხზე ოფიციალური წინადადება არ არსებობდა“ – ტატულ აკოპიანი
ჟურნალისტმა და ანალიტიკოსმა ტატულ აკოპიანმა, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტზე არაერთი კვლევის ავტორია, ლევონ ქოჩარიანის განცხადებას უპასუხა. მისი თქმით, ის “100%-ით ან თითქმის 100%-ით“ ეთანხმება ქოჩარიანის მიერ წარმოდგენილი რვა პუნქტიდან შვიდს.
თუმცა, აკოპიანი არ ეთანხმება მესამე პუნქტს, რომლის მიხედვითაც “აზერბაიჯანს მხოლოდ სახმელეთო გზა (ესტაკადა) უნდა მიეღო მეღრის გავლით“. მისი თქმით, შეთანხმების ფარგლებში სომხეთის ტერიტორია კიდევ უფრო უნდა შემცირებულიყო:
“ბატონ ქოჩარიანს რამდენიმე დოკუმენტს ვაჩვენებდი. სხვათა შორის, ის თავადაც შეძლებს მათ მიღებას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან. ეს დოკუმენტები მოწმობს, რომ მოლაპარაკებების გვიან ეტაპზე, 2001 წელს, სომხეთმა კიდევ უფრო დიდი დათმობებზე წასვლა გადაწყვიტა და დათანხმდა, რომ ქვეყნის ტერიტორია დამატებით დაახლოებით 35 ჰექტარით შემცირებულიყო. საუბარია არაქსის ნაპირას მდებარე ტერიტორიაზე.“
ამავდროულად, აკოპიანი აცხადებს, რომ მეგრის ტერიტორიული გაცვლის ოფიციალური ვერსია და ოფიციალური “ქი-უესთის წინადადება“ არ არსებობდა. მოლაპარაკებების პროცესში მხოლოდ სხვადასხვა “შავი ვერსიები“ მზადდებოდა. ერთ-ერთ ასეთ ვარიანტში კი განიხილებოდა არა ერთი, არამედ ორი დერეფანი:
- მეგრის სუვერენული გასასვლელი (sovereign passage);
- სუვერენული დერეფანი ფიზულის ან აღდამის მიმართულებიდან შუშისკენ.
„ანუ, აზერბაიჯანელები იღებდნენ დერეფანს შუშის პირდაპირი კავშირისათვის. შესაბამისად, ეს ქალაქი ფაქტობრივად მათ კონტროლქვეშ გადადიოდა,“ – აღნიშნავს აკოპიანი.
მისი აზრით, მოლაპარაკებების სრული სურათი მხოლოდ მაშინ გამოიკვეთება, როდესაც თემაზე განცხადებებს გააკეთებენ ეუთოს მინსკის ჯგუფის კიდევ ორი თანათავმჯდომარე – რუსეთი და საფრანგეთი.