რა ვიცით ჩეჩენ ქალზე, რომელიც საქართველოდან ძალით ან მოტყუებით ჩეჩნეთში წაყვანის შემდეგ მოკლეს
ალია ოზდამიროვას მკვლელობა
ჩეჩნეთის მოქალაქე ალია ოზდამიროვა, რომელიც მუქარის გამო თავისი ქვეყნიდან საქართველოში გაიქცა, 9 ნოემბერს საქართველოდან ჩეჩნეთში მოტყუებით ან იძულებით იქნა გადაყვანილი, ხოლო 12 ნოემბერს ის დაკრძალეს. ოზდამეროვას მეგობრები და უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ ალია “ღირსების მკვლელობის” მსხვერპლი გახდა.
ორგანიზაცია СК SOS-ის ინფორმაციით, 33 წლის ალიამ ჩეჩნეთი 20 ოქტომბერს დატოვა. გოგონა აცხადებდა, რომ მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაცია გარკვეული პირებისთვის, მათ შორის, ბიძაშვილებისთვის გახდა ცნობილი, რის გამოც მას ემუქრებოდნენ. ამის შემდეგ ალია სტამბოლში გაემგზავრა, საიდანაც საქართველოში გადავიდა.

გამოძიებისას ასევე გაირკვა, რომ ალიას თავის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებითაც ემუქრებოდნენ – მას ინვესტორებისგან ფულის მოპარვას ედავებოდნენ. ალია უარყოფდა ბრალდებას და ამბობდა, რომ მახე დაუგეს. მისი თქმით, ხალხის მოტყუების მოტივი არ ჰქონდა, რადგან შეძლებული ოჯახიდან იყო და ირწმუნებოდა, რომ სწორედ ბიზნესპარტნიორებმა მიითვისეს მის მიერ გამომუშავებული მთელი ფული.
რა ვიცით ალია ოზდამიროვაზე და როგორ მოხვდა ჩეჩენი ქალი საქართველოში
ალია ოზდამიროვა ჩეჩნეთის გავლენიანი ოჯახიდან იყო. მისი მამა, უსმან ოზდამიროვა, გუდერმეშის რაიონის უფროსი, ასევე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მინისტრის მოადგილე და რამზან კადიროვის უახლოესი წრის წევრი იყო, თუმცა მას ქალიშვილზე არასოდეს უძალადია.
საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, უსმან ოზდამიროვას გარდაცვალების შემდეგ, 2020 წლიდან ყველაფერი შეიცვალა და ალია ვერავინ დაიცვა მისი ძმებისგან, რომლებიც ასევე კადიროვთან იყვნენ დაკავშირებული. მათგან ერთი კადიროვის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, დანარჩენები კი დაცვის თანამშრომლები არიან.
გავრცელებული ცნობებით, მას ძმებმა საქართველოში გამოქცევამდე სცემეს, რადგან მის ბიზნესპარტნიორებს ინვესტორებისგან აღებული დავალიანება ჰქონდათ დასაფარი და დას სწორედ ამ ფულის მოპარვაში ადანაშაულებდნენ. გაქცევისას ქალს ეს ფული თან არ ჰქონია. ის ამბობდა, რომ ფულის მოპარვის არანაირი მიზანი არ ჰქონდა, რადგან საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო – საკუთარ ბიზნესპარტნიორებს კი მისი ნაშოვნი მოგების მითვისებაში სდებდა ბრალს.
ალია ოზდამიროვა ადამიანის უფლებადამცველებთან კონტაქტზე იყო 2023 წლიდან, თუმცა ჩეჩნეთი მხოლოდ 2025 წლის 20 ოქტომბერს დატოვა – ამ დღეს სომხეთის პოლიციამ ერევანში კიდევ ერთი ჩეჩენი დევნილის, აიშატ ბაიმურადოვას გარდაცვალება დაადასტურა.
საქართველოში მოსახვედრად ჩეჩენი ქალი ჯერ სტამბოლში გაფრინდა და თურქეთის გავლით ჩამოვიდა თბილისში. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ის მზად იყო საჯაროდ ელაპარაკა სამშობლოში მის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და შანტაჟზე მას შემდეგ, რაც უსაფრთხო ქვეყანაში გადავიდოდა. უფლებადამცველებმა მისი ისტორიაც მისი თხოვნის საფუძველზე გაასაჯაროვეს – ალიას სურდა, ეს ამბავი გასაჯაროებულიყო, “თუკი მას რამე დაემართებოდა”.
ის საქართველოს დატოვებას 8 ნოემბერს გეგმავდა, თუმცა მანამდე მას “ადვოკატის მეგობარმა” ამცნო, რომ რუსეთში “ტერორიზმის დაფინანსებისთვის” მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თბილისს დაუბრკოლებლად ვერ დატოვებდა. როდესაც უფლებადამცველებმა ეს ცნობა გადაამოწმეს, მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების შესახებ ინფორმაცია ვერ იპოვეს.
ამ ცნობის მიღების შემდეგ ის დაუკავშირდა ბაქოში მყოფ ბიძას, რომელმაც დაუდასტურა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ნამდვილად აღიძრა, თუმცა შეჰპირდა, რომ დაეხმარებოდა საქართველოს დატოვებაში, რადგან საზღვარზე “ჰყავდა ნაცნობი”.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, ბიძამისი ალიას ეუბნებოდა, რომ ნათესავებს მისი მოკვლა სურდათ, მაგრამ თავად ამას არ დაუშვებდა და დახმარებისთვის მზად იყო. სამართალდამცავები კი ქალს აფრთხილებდნენ, რომ ეს მახე იყო და უმჯობესი იქნებოდა, მათ ინსტრუქციებს მიჰყოლოდა.
СК SOS-ის მონაცემებით, 9 ნოემბერს ალიამ საქართველოსა და რუსეთის საზღვარი გადაკვეთა. მეორე დღეს კი მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რაც 12 ნოემბერს ალიას დაკრძალვით დადასტურდა. ოჯახის თქმით, ალია ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა.
თუმცა, გოგონას მეგობრები და უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ალია “ღირსების მკვლელობის” მსხვერპლი გახდა. მათი ცნობით, ზუსტად უცნობია, უკავშირდება თუ არა მისი იძულებითი დაბრუნება და შესაძლო მკვლელობა მის ორიენტაციას ან ოჯახის უკმაყოფილებას ბიზნესის პრობლემების გამო.
ამასთან, კრიზისული ჯგუფი ასაჯაროებს გარდაცვლილი ქალის ხმოვან შეტყობინებას, რომელშიც ის პოლიციისა და თავისი ძმის მონაწილეობით საკუთარ წამებაზე საუბრობს.