"ოცნებამ" პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ახალი ამკრძალავი კანონები დაამტკიცა
ახალი ამკრძალავი კანონები
“ქართულმა ოცნებამ” პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ახალი ამკრძალავი კანონები დაამტკიცა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლს ამ ცვლილებით მე-10 ნაწილი ემატება, რომლის მიხედვითაც, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება შემდეგი ქმედებისთვის:
- სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა;
- ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერების ქონის შემთხვევაში;
- თუ განზრახ შექმნის დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის;
- მოაწყობს დროებით კონსტრუქციას, თუ მისი მოწყობა ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას და ა.შ.
- ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.
აღნიშნული მუხლის დარღვევა გამოიწვევს:
- ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით;
- თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით;
უალტერნატივოდ 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა წესდება თუ აქციის მონაწილეები დაარღევენ შემდეგს:
- იქონიებენ ცეცხლსასროლი იარაღს, ფეთქებად, ადვილაალებად, რადიოაქტიურ ნივთიერებას, ცივი იარაღს ან პიროტექნიკურ ნაწარმს;
- იქონიებენ ისეთ საგანს ან ნივთიერებას, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;
- მონაწილეობენ იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა.
ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში
რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებს, ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება:
- სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
- იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის − დაისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
- არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი – დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
- ორგანიზატორის მიერ ჩადენილი, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია – დაისჯება ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის [პოლიციის დაუმორჩილებლობა, შეურაცხყოფა] მესამედ დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება:
- პოლიციის დაუმორჩილებლობა ან შეურაცხყოფა – ჩადენილი მესამედ – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
- ჩადენილი არაერთგზის – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე
- ჩადენილი არასრულწლოვნის მიერ – დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.