მმართველმა პარტიამ სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა
სომხეთის ხელისუფლებამ მეოთხე პრეზიდენტად, სომხეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში არმენ სარგსიანი დაასახელა.
საბჭოთა წლებში (1984-85 და 1989-91 წლებში) არმენ სარგსიანი გახლდათ კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარი და მასწავლებელი, მუშაობდა ლონდონის მათემატიკის უნივერსიტეტში. 1996 წელს ის სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა, მაგრამ ამ პოსტზე მხოლოდ ერთი თვე დაჰყო.
მარტში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები წინა არჩევნებისგან შემდეგი ასპექტებით განსხვავდება:
- კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, სომხეთში საპრეზიდენტო მმართველობის სისტემა საპარლამენტოთი შეიცვალა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს სათავეში არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი ჩაუდგება. პრეზიდენტის პოსტი იქნება სიმბოლური, წარმომადგენლობითი
- პრეზიდენტს აირჩევენ არა ქვეყნის მოქალაქეები, არამედ, პარლამენტი
- პრეზიდენტს აირჩევენ 7 წლით, მაგრამ მას ეს პოსტი მხოლოდ ერთი ვადით შეუძლია დაიკავოს
- საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება ჩატარდეს ორ ტურად
- პრეზიდენტი უნდა იყოს უპარტიო
არმენ სარგსიანის კანდიდატურა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა წარადგინა, რომლის უფლებამოსილების ვადაც აპრილში იწურება.
სერჟ და არმენ სარგსიანები ერთმანეთს დღეს, სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში შეხვდნენ. სერჟ სარგსიანმა არმენ სარგსიანს შესთავაზა ოთხ საპარლამენტო ძალასთან შეხვედრა, რათა მათგან თანხმობა და მხარდაჭერა მიიღოს.
„ჩვენ გვინდა, რომ ეს არჩევნები ერთ ტურად ჩატარდეს და მარტის დასაწყისში უკვე გვეყოლება სომხეთის მეოთხე პრეზიდენტი“, – ბრძანა სერჟ სარგსიანმა.
მოქმედმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი უნდა იყოს შემდგარი და ნათელი პიროვნება, საზრიანი პოლიტიკოსი, მაგრამ არა პოლიტიზირებული ადამიანი, უნდა შეეძლოს დიალოგის ორგანიზება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან და მოსახლეობის სხვადასხვა ფენაში დაძაბულობის განმუხტვა.
არმენ სარგსიანმა გადაწყვეტილების მისაღებად გარკვეული დრო მოითხოვა და აღნიშნა, რომ მას სურს შეხვდეს ეროვნულ ასამბლეაში წარმოდგენილ პარტიებს, მეცნიერებისა და ინტელიგენციის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს.
„თუ ამ შეხვედრების შემდეგ მე მივიღებ ამ გადაწყვეტილებას, შევეცდები პატივით აღვასრულო სომხეთის პრეზიდენტის მოვალეობა და გავამართლო თქვენი და თქვენი პარტიის წევრების ნდობა“ – განაცხადა არმენ სარგსიანმა.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ არმენ სარგსიანი, ყოველ შემთხვევაში, კენჭისყრაზე მაინც დათანხმდება და ეს გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მიიღო, ვიდრე საჯაროდ განაცხადებდა, და სომხეთის მე -4 პრეზიდენტიც, ფაქტობრივად, უკვე ცნობილია.
მის კანდიდატურას ხომ პარლამენტი დაამტკიცებს, რომლის უმრავლესობასაც წარმოადგენს პარტია, სერჟ სარგსიანის ხელმძღვანელობით.
ადრე JAMNews-მა დეტალურად გააშუქა სიტუაცია, რომელიც მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა ქვეყანაში.
https://jam-news.net/?p=80900&lang=ka