ჰააგის ტრიბუნალმა აგვისტოს ომის საქმეზე დაკავების ორდერები გამოსცა
აგვისტოს ომის საქმე
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა აგვისტოს ომის საქმეზე 3 პირზე გამოსცა დაკავების ორდერები:
ესენი არიან:
- გენერალ-ლეიტენანტი მიხეილ მინძაევი – ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის როლს ასრულებდა 2005-2008 წლებში;
- დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შსს-ს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი ჰამლეტ გუჩმაზოვი;
- ცხინვალის ნრეგიონის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში დავიდ სანაკოევი.
გენერალ-მაიორი ვიაჩესლავ ბორისოვი, რომელიც ამ საქმის მეოთხე ბრალდებულია, იმ დროს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილე იყო, თუმცა ბორისოვი გარდაცვლილია.
პროკურორ კარიმ ხანის თქმით, მის მიერ დოკუმენტირებული დაპატიმრების ორდერები კერძოდ შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის დროს ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებას, არასათანადო მოპყრობას, მძევლად აყვანასა და უკანონო გადაყვანას. გამოძიებამ აგრეთვე გამოავლინა რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალების გენერალ-მაიორ ვიაჩესლავ ბორისოვის სავარაუდო როლი კონკრეტულ დანაშაულში.
● “ომზე მახსენდება მონო-ბარათი”. ვის როგორ ახსოვს აგვისტოს ომი
● ფოტოარქივი. სოხუმის დაცემის დღე, ქართველები ტოვებენ აფხაზეთს
● ომი მწარეა. ბავშვობაც ომით ვნახე და სიბერეც – 89 წლის ვენერა ედიშერაშვილი გორიდან. ვიდეო
ჰააგის ტრიბუნალის პროკურორის ოფისის განმარტებით, მაშინვე, როგორც კი საქართველოს შეიარაღებული ძალები განდევნეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან, რუსეთის ძალებმა – უპირატესად კი სამხრეთ ოსეთის ძალებმა – დაიწყეს ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის დაკავება. უმრავლესობა მათ შორის იყო ასაკოვანი ან ავადმყოფი და არ შესწევდათ უნარი დაეტოვებინათ თავიანთი სახლები. ასევე, მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბევრი მათგანი უკანონოდ იყო დაკავებული ანტისანიტარულ და საფრთხის შემცველ პირობებში, მათ აყენებდნენ შეურაცხყოფას, სცემდნენ, აწამებდნენ და ამცირებდნენ.
პროკურორის თქმით, მისმა ოფისმა მსგავსი მოპყრობის ფაქტები გამოავლინა „უკრაინის ვითარების“ წინასწარი გამოძიების დროს:
„მსურს გავიმეორო ჩემი მოწოდება მსგავს კონფლიქტებში მონაწილე ყველა მხარისადმი, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვა არ არის თავისუფალ არჩევანზე. ისინი, ვისაც აქვს იარაღი, ვინც მონაწილეობს შეიარაღებულ კონფლიქტში, ზიდავს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოქცევის პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთს. თუკი ისინი დაარღვევენ მას, ჩემი ოფისი უფლებამოსილია მათ პასუხი აგებინოს კანონის უზენაესობის შესაბამისად“, – ამბობს კარიმ ხანი.
მისივე განმარტებით, როგორც კი წინასასამართლო პალატა დაამტკიცებს დაპატიმრების ორდერებს, იგი მჭიდროდ ითანამშრომლებს რეესტრის ოფისთან ამ სამი პირის დასაკავებლად:
“მომავალში, იმედი მაქვს ყველა სახელმწიფოსი, განსაკუთრებით – რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყნების, რომ უზრუნველყოფენ ამ პირების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგენას.“
● როგორი უნდა იყოს აფხაზურ-ქართული დიალოგი და უნდა იყოს თუ არა საერთოდ
● ცხინვალი: ომის დამნაშავეები დაისჯებიან ხანდაზმულობის ვადის მიუხედავად
2021 წლის 21 იანვარს ევროპულმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ″.
სტრასბურგმა დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეების მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე – მათ შორისაა სიცოცხლის უფლების ხელყოფა, წამება, კერძო საკუთრების დაწვა და განადგურება.
აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა. კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომის დროს და ომის შემდგომ პერიოდში დაარღვია სიცოცხლის უფლება, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართა წამებას და არაადამიანურ და ღირსების შემლახავ ზომებს, დაარღვია თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, სამართლებრივი დაცვის უფლება, საკუთრების უფლება, განათლების უფლება და მიმოსვლის თავისუფლება.
სტრასბურგის სასამართლომ მკაფიოდ განასხვავა აქტიური საბრძოლო მოქმედებები, რომლებიც მიმდინარეობდა 8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში და მოვლენები, რომლებიც განვითარდა უკვე 12 აგვისტოდან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერიდან.
სტრასბურგის სასამართლომ თითქმის სრულად დააკმაყოფილა საქართველოს სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც 12 აგვისტოს შემდგომ რუსეთის მოქმედებებს ეხება.
ევროსასამართლომ დაადგინა, რომ 12 აგვისტოს შემდგომ კონფლიქტურ ზონაზე “ეფექტურ კონტროლს” რუსეთი ახორციელებდა და სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი ადამიანის უფლებათა კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაში, რომელთა შორისაა სიცოცხლის უფლება, წამება და არაადამიანური მოპყრობა.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს სარჩელი, რომელიც საომარი მოქმედებების აქტიურ ეტაპზე (2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე) მომხდარ მოვლენებს უკავშირდება, რადგან ვერ დაადგინა ე.წ. “ეფექტური კონტროლი” რუსეთის მხრიდან ამ კონკრეტულ პერიოდში.
“სამხედრო ძალებს შორის კონფრონტაცია და ბრძოლა მიმართული იყო კონტროლი დაემყარებინათ ტერიტორიაზე, ქაოსის გათვალისწინებით იქ კონტროლი არავის ჰქონდა დამყარებული”, – მიიჩნია სასამართლომ.