აფხაზეთში დაგეგმილია ე.წ. ერთიანი სოციალური გადასახადის დანერგვა, რაც ხუთი არსებული, არასაბიუჯეტო ფონდებში განაწილებული გადასახადის ერთიან გადახდად გაერთიანებას ითვალისწინებს. რეფორმის ფარგლებში ასევე შემცირდება გადასახადის განაკვეთი — 20-დან 18 პროცენტამდე, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეებისთვის ეს მაჩვენებელი 9.5-დან 5 პროცენტამდე დაეცემა.
გადასახადების მინისტრის, ედგარ ბენიას განცხადებით, ცვლილებები მიმართულია ადმინისტრირების გამარტივებაზე, ჩრდილოვანი დასაქმების შემცირებაზე და სოციალური პროგრამების მდგრადი დაფინანსების უზრუნველყოფაზე.
საკანონმდებლო ინიციატივამ უკვე გაიარა პარლამენტში პირველი მოსმენა. თუმცა ვეტერანების ორგანიზაციები, რომლებიც რეფორმის ამ სახით მიღებას ეწინააღმდეგებიან, შიშობენ, რომ ცვლილებები შეამცირებს აფხაზეთის ომში დაზარალებულების სოციალური უზრუნველყოფის ხარისხს.
მთავრობა ვეტერანების შეშფოთებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ არ იგეგმება არსებული არასაბიუჯეტო ფონდების გაუქმება ან გაერთიანება, მათ შორის — შშმ პირთა ფონდის. ე.წ. პრემიერმინისტრ ვლადიმირ დელბას განმარტებით, კანონის არსი გადასახადების გამჭვირვალე და ცენტრალიზებულ ადმინისტრირებაში მდგომარეობს.
“დღეს ბიზნესის მიერ განხორციელებულ გადახდებს სათანადო ადმინისტრირება არ ახლავს. განსაკუთრებით ეს დაზღვევის მიმართულებას ეხება. მხოლოდ პენსიონერების ფონდს გააჩნია იმგვარი მექანიზმი, რომელიც ვალის იძულებით გადახდას უზრუნველყოფს. დანარჩენი ფონდები ამ შესაძლებლობის გარეშე რჩებიან, რაც სხვა გადამხდელების მიმართ უსამართლობაა.“ – ამბობს დელბა.
დელბას შეფასებით, ერთიანი სოციალური გადასახადი გამარტივებს პროცესს და ამცირებს სისტემურ გაურკვევლობებს.
ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი მოადგილე, დმიტრი შამბა, ასევე აცხადებს, რომ ინვალიდთა ფონდის გაუქმება დღის წესრიგში არ დგას.
“პირიქით — კანონპროექტი მიზნად ისახავს, რომ ვეტერანებმა საჭირო დახმარება დროულად და შეფერხებების გარეშე მიიღონ.“ — განმარტავს შამბა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო