აფხაზეთში დაკავებულია ქართველი მღვდელი, მამა პიმენი (რომან ქარდავა). ოფიციალური ინფორმაცია, კონკრეტულად რის გამო მოხდა დაკავება, ჯერჯერობით არ გავრცელებულა. თუმცა აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა, მამა ვისარიონმა განაცხადა, რომ პიმენი “გალის რაიონის მოსახლეობას ნაციონალისტურ იდეებს უნერგავდა“. ცნობილია, რომ გალის რაიონში ძირითადად ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ.
მამა ვისარიონის თქმით, მამა პიმენი მსახურებას აფხაზეთის ეპარქიის კურთხევის გარეშე აწარმოებდა, რაც დაუშვებელია. მიუხედავად იმისა, რომ რომან ქარდავა თავად გალის რაიონში ცხოვრობს, ვისარიონის შეფასებით, ეს მას უფლებას არ აძლევს, ეკლესიური მსახურება უნებართვოდ განახორციელოს.
ოფიციალურად აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში იმყოფება, თუმცა ფაქტობრივად, 1992-93 წლების ომის შემდეგ, საქართველოს ეკლესიას რეგიონში გავლენა არ გააჩნია.
ამჟამად აფხაზეთში ორი არაღიარებული მართლმადიდებელი ეკლესია მოქმედებს: აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც მამა ვისარიონი ხელმძღვანელობს, და აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია არქიმანდრიტ დოროფეს მეთაურობით. ეს ორი სტრუქტურა ერთმანეთს ედავება, როგორ და ვისი მეშვეობით უნდა მოხდეს აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება — ვისარიონი რუსული ეკლესიის ხაზით ხედავს ამ გზას, დოროფე კი კონსტანტინოპოლის პატრიარქის გავლით.
გალის რაიონში არსებული ეკლესიები, სადაც მამა პიმენი მსახურობდა, აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ექვემდებარება. ქარდავას წინააღმდეგ წარსულშიც მიღებულა გადაწყვეტილებები: 2008 წელს მას გალის რაიონში მსახურების უფლება ჩამოართვეს და აფხაზეთიდან გააძევეს. მიმდინარე მოვლენები მაშინდელი ისტორიის კიდევ უფრო დრამატულ განვითარებად ფასდება.