აფხაზეთში დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელიც სოხუმის აეროპორტში ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას აეროპორტის ავტოსადგომზე აფეთქების მოწყობა უკრაინული დაზვერვის დავალებით სურდა.
დაკავებულის სახელი და გვარი არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ის 1980 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქეა და სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა ინჟინრად — იმ კომპანიაში, რომელიც აეროპორტის ტერიტორიაზე საქმიანობს. მისი დაკავება სწორედ სამუშაო ადგილზე მოხდა.
შეგახსენებთ, რომ სოხუმის აეროპორტმა ფუნქციონირება სულ ცოტა ხნის წინ, 2025 წლის მაისში განაახლა, 32 წლიანი პაუზის შემდეგ. ამ დროისთვის ავიამიმოსვლა მხოლოდ რუსეთთან ხორციელდება, ხოლო აეროპორტის ექსპლუატაციაც ძირითადად რუსეთის მხარის მიერ მიმდინარეობს.
დაკავებულის თქმით, 24 თებერვალს მას სოციალური ქსელების მეშვეობით დაუკავშირდნენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლები და თანამშრომლობა შესთავაზეს, რაზეც ის დათანხმდა.
მამაკაცი ამტკიცებს, რომ აეროპორტის ავტოსადგომზე აფეთქების მოწყობას გეგმავდა — აფეთქებას, რომლის შედეგადაც, ჩანაფიქრის მიხედვით, შეიძლებოდა ბევრი ადამიანი დაღუპულიყო. მან, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მიიღო წვდომა აეროპორტის საინჟინრო გეგმებზე და ეს მასალები უკრაინის დაზვერვას გადასცა შესაბამისი შენიშვნებით იმ ადგილებზე, სადაც შეიძლებოდა ასაფეთქებელი მოწყობილობების დამონტაჟება.
ამ ყველაფერს დაკავებული ყვება ვიდეოჩანაწერში, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. უწყებამ მასზე გამოძიება დაიწყო მუხლით — “ჯაშუშობა“.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო