აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურმა ჟურნალისტი დისკრედიტაციაში დაადანაშაულა
აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჟურნალისტს ადანაშაულებს
აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჟურნალისტი ნიზფა არშბა დეპარტამენტის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ხნის წინ არშბამ მათგან უარი მიიღო საქართველოში გამგზავრებაზე.
სკანდალი მაშინ დაიწყო, როდესაც ნიზფა არშბამ თავის ტელეგრამის არხზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს, რადგან ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ასლან ბჟანიას მიერ ლობირებულ ბინების შესახებ კანონპროექტს.
- ბინების შესახებ კანონის წინააღმდეგ პროტესტი ასლან ბჟანიამ უცხოეთის დაზვერვის სამსახურების გავლენას დაუკავშირა
- სამოქალაქო საზოგადოებამ გაიმარჯვა: აფხაზეთში ბინების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა უკან გაიწვია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ამტკიცებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„პუბლიკაციის ავტორია მოქალაქე არშბა ნიზფა დარისმანოვნა, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ მიიღო დასაბუთებული უარი საქართველოში ხელახლა გამგზავრებაზე.
მსგავსი დეზინფორმაციის გამოქვეყნება სხვა არაფერია, თუ არა იმ სახელმწიფო სტრუქტურის დისკრედიტაციის მცდელობა, რომელშიც ასობით აფხაზი ოფიცერი კეთილსინდისიერად მსახურობს. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის რესპუბლიკისა და მისი სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებში შედის.”
ადგილობრივი ჟურნალისტური საზოგადოება ამ განცხადებამ აღაშფოთა.
„ანუ [ნიზფა დარისმანოვნამ] მიიღო უარი და ამიტომ გაავრცელა, თქვენი აზრით, მონაცემები, რომლებიც რეალობას არ შეესაბამებოდა? ან რა კავშირია ამ ორ მოვლენას შორის? – კითხვას სვამს ჟურნალისტი ელეონორა გილოიანი ტელეგრამის არხზე.
ხოლო „ნუჟნაია გაზეტას“ რედაქტორი იზიდა ჭანია ამბობს, რომ ნიზფა არშბას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის საქართველოში გამგზავრების მოთხოვნა საერთოდ არ გაუგზავნია და სპეცსამსახურის ხელმძღვანელობას არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს.
„ეს ასევე მეტყველებს ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელთა პროფესიული უნარების სრული ნაკლებობის შესახებ. ეგრეთ წოდებულ უარყოფაში ისინი არ უარყოფენ ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, არამედ ცდილობენ დაადანაშაულონ იგი ღალატში.“ – წერს ჭანია.
აფხაზეთის ჟურნალისტთა და მედია მუშაკთა ასოციაციამ მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, წარმოადგინოს აფხაზეთის ყველა იმ მოქალაქის სია, ვინც 2020 წლიდან დღემდე იმოგზაურა საქართველოში და მიუთითოს მათი წასვლის მიზნები.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო