მოსაზრება: რეზოლუციაში აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებული ჩანაწერი ადასტურებს თუ ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ - მტერი
აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება
ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან – ევროპასთან და აშშ-სთან იმ ხარისხის ურთიერთობები რომ გვქონდეს, რა ურთიერთობაც თუნდაც სამი წლის წინ გვქონდა, სირიის ახალი მთავრობის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაწვევის საკითხი ძალიან მარტივად გადაწყდებოდა, – ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა, რითაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული “პორტოს დეკლარაციის“ ის ნაწილი შეაფასა, სადაც OSCE PA სირიის ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების “დამოუკიდებლობის“ აღიარება გაიწვიოს.
ექსპერტის შეფასებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია მკაფიო გამოვლინებაა იმისა, რომ დამოკიდებულება რაც დასავლეთში “ქართული ოცნების“ მიმართ არის, ძლიერდება და ოცნების განცხადებები, რომ მზად არის პარტნიორებთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, საკმარისი არ არის.
ეუთოს საპარლამენტო ასაბლეამ მიიღო “პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები”, რომელშიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც არის საუბარი. “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისთვის მხარი არ დაუჭერიათ.
დოკუმენტში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს სირიის მთავრობას, უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის “დამოუკიდებლობის” აღიარება და აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ასევე, გააუქმოს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების “დამოუკიდებლობის” აღიარება და აღიაროს უკრაინის მთლიანობა.

ვალერი ჩეჩელაშვილი: “რეზოლუციაში აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებული ჩანაწერი ადასტურებს თუ ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ – მტერი. საქართველოს მეგობარი ქვეყნები, იმის მიუხედავად, თუ როგორ კრიტიკას აყალიბებენ “ქართული ოცნების“ მიმართ, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს ყველა განცხადებაში უპირობოდ უჭერენ მხარს, რაზეც დიამეტრულად განსხვავებული პოზიცია აქვს პუტინის ადმინისტრაციას. ვიცით ლავროვის განცხადება, რომ 2008 წლის ომის შედეგები არ გადაიხედება და წერტილი!
ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან – ევროპასთან და აშშ-სთან იმ ხარისხის ურთიერთობები რომ გვქონდეს, რა ურთიერთობაც თუნდაც სამი წლის წინ გვქონდა, სირიის ახალი მთავრობის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაწვევის საკითხი ძალიან მარტივად გადაწყდებოდა. კარგია, რომ ამის თაობაზე თურქეთის მთავრობას სთხოვეს, მაგრამ ის, რომ ჩვენ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები არა გვაქვს, ეს დაბრკოლება არ არის.
ასეთი რადიკალური ცვლილებების შემდეგ, სავსებით ნორმალური იქნებოდა სირიის მთავრობას მივმართოთ წინადადებით, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთ და ამ კონტექსტში ჩვენი რეგიონების აღიარების გაწვევა ვთხოვოთ. დიპლომატიური არხები ამისთვის არსებობს და გასაკვირია, რომ “ქართული ოცნება“ ასეთ შესაძლებლობას არ მიმართავს.
არის დრო საუბრების და არის დრო ქმედებების! ევროპასა და ვაშინგტონში არის მოლოდინი იმისა, რომ “ქართული ოცნება“ რაღაც ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, რაც პოლიტიკური კომპრომისებისთვის მის მზადყოფნას დაადასტურებს. ეს უნდა გამოიხატოს იმაში, რომ არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოვიდეთ და ქვეყანაში ნორმალური, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი დაიწყოს. ამის გარეშე გაძლიერდება ის იზოლაციის ნიშნები, რაც საერთაშორისო არენაზე “ქართული ოცნების“ მიმართ აშკარაა.“