აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 ადამიანის ნეშტი გადმოასვენეს
ოკუპირებული აფხაზეთიდან შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 ადამიანის იდენტიფიცირებული ცხედარი საქართველოში დღეს გადმოასვენეს – მათგან 6 სამხედრო და 7 მშვიდობიანი მოქალაქეა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ნეშტების ოჯახებისთვის გადაცემისა და დაკრძალვასთან დაკავშირებული ოფიციალური ცერემონიალი 23-24 აპრილს არის დაგეგმილი, ხოლო სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში.
ასევე, ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, ნეშტების დაკრძალვა მოხდება სხვადასხვა ადგილებზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე. იდენტიფიცირებულთაგან 4 ნეშტის დაკრძალვა კი სამხედრო პატივით, დიღმის ძმათა სასაფლაოზე შედგება.
“როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2300-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მათი ბედისა და ადგილსამყოფელის დადგენა კი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია”, – ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
_________________________________
● ქართულ-აფხაზური კონფლიქტი: გამოსავალი არ ჩანს, არც დიალოგის სურვილი. ხედვა სოხუმიდან
● გამოკითხვა: ქართველები მზად არიან აფხაზებთან პირდაპირი დიალოგისთვის?
● აფხაზი ოპოზიციონერი: თბილისთან მოლაპარაკება ილუზიაა
________________________________
• 2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ–აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო–უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს სწავლობს. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა ბაბუშერას ძმათა სასაფლაოს გახსნა და ცხედრების ექსჰუმაცია.
• 2010 წლიდან დღემდე აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტი მოიძიეს, რომელთაგან 126 (მათ შორის ეს 25 ნეშტი) ამოცნობილია. დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.
• 90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად, 2 400-ზე მეტი ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
• აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა საქართველოს შეიარაღებული ძალების დამარცხებით. დაუზუსტებელი მონაცემებით, შეიარაღებულ კონფლიქტს ემსხვერპლა 13 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. აფხაზეთიდან დევნილად იქცა 300 ათასამდე ადამიანი
__________________________
რა მთავარი პრობლემები არის შენარჩუნებული დაურეგულირებელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გამო – გამოკითხვა აფხაზეთში: