მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი, როგორც წესი, ოქტომბრიდან იწყება, წელს სოხუმი რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვას უკვე აგვისტოში დაიწყებს. გადაწყვეტილების მიზანია ზამთრის მაღალი ტარიფების თავიდან არიდება და რესურსების ეკონომიურად განაწილება.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ბადრა გუნბას თქმით, მთავრობამ შესაბამის უწყებებს დაავალა შეიმუშაონ ელექტროენერგიის გამოდინების გრაფიკი რუსეთიდან, რათა წლის ბოლოს ელექტროენერგიის შესყიდვაზე თანხის მოძიება არ გახდეს საჭირო. აფხაზეთი გეგმავს ენერგიის იმპორტს დაბალ ტარიფებზე — უქმე დღეების ან ღამის საათების მიხედვით, რაც ნოემბერ-დეკემბრის ტარიფებთან შედარებით ორჯერ იაფია.
ენერგოდეფიციტი აფხაზეთში განსაკუთრებით აქტუალური 2020 წლიდან გახდა, როცა კრიპტოვალუტის მაინინგის შედეგად ელექტროენერგიის მოხმარება 2 მილიარდიდან 3 მილიარდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. მას შემდეგ, აფხაზეთი წლიურად საშუალოდ 30%-იან ენერგოდეფიციტს აწყდება.
გასული ზამთარი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო — ბევრ დასახლებას ელექტროენერგია დღის უმეტეს ნაწილში საერთოდ არ მიეწოდებოდა. ხელისუფლება ამჟამად მუშაობს ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც სეზონური ენერგოწყვეტების შემცირებას და სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
აფხაზეთში ენერგოდეფიციტის მთავარი მიზეზის — არალეგალური კრიპტომაინინგის — აღმოფხვრა ხელისუფლებას კვლავაც ვერ გადაუწყვეტია. არსებული ნიშნებით, მთავრობის მცდელობები ამ მიმართულებით პრაქტიკულად ჩავარდა.
რეგიონის ერთადერთი გენერაციის წყარო, ენგურის ჰესი, გაზრდილი მოხმარების სრულად დაკმაყოფილებას ვეღარ ახერხებს.
წარსულში ელექტროენერგიის დეფიციტის ნაწილი რუსეთიდან ე.წ. ჰუმანიტარული დახმარების ფორმით იფარებოდა — აფხაზეთი შემოდგომა-ზამთრის სეზონებში გარკვეული ოდენობის ელექტროენერგიას უფასოდ იღებდა, დარჩენილი ნაწილი კი შეღავათიანი ტარიფებით შეძენილი ელექტროენერგიით ივსებოდა — ისევ რუსეთისგან.
თუმცა ბოლო წლებში, ბიუჯეტში არსებული მუდმივი დეფიციტის გამო, აფხაზეთს უკვე უჭირს თუნდაც შეღავათიანი შესყიდვების დაფინანსება. შედეგად, ზამთრის თვეებში რეგიონში მოქმედებდა ელექტროენერგიის ეტაპობრივი გამორთვის რეჟიმი — ელექტროენერგია მოსახლეობის უმრავლესობას დღეში 4-დან 6 საათის განმავლობაში არ მიეწოდება.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო