აფხაზეთი: საპენსიო სასჯელი
2020 წლის აგვისტოდან, აფხაზეთის მცხოვრებლებს, რომლებიც რუსულ პენსიას იღებენ, მისი ბანკომატიდან გამოტანა აღარ შეუძლიათ. ამისათვის მათ ბანკის ფილიალში მისვლა და რიგში დადგომა სჭირდებათ. აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღო, რომ საბანკო ბარათებით, ზოგიერთი ადამიანი გარდაცვლილი ოჯახის წევრის პენსიას იღებდა.
მკაცრი ზომების შედეგად ახლა ზარალდება აფხაზი პენსიონერების უმრავლესობა.
წამლისთვის გჭირდება ფული? ჩადექი რიგში
ოდიკ კაკალია – პენსიონერი, ყოველთვიურად, დაახლოებით ერთსა და იმავე დღეს, ერთი და იმავე ბანკომატიდან ხსნიდა საკუთარ და დედამისის პენსიას, რომელიც თეძოს მოტეხილობის გამო, უკვე თითქმის ერთი წელია, სახლიდან ვერ გამოდის.
თანხის გაცემის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მიდიოდა, რათა რიგში არ მდგარიყო, რადგან ინფარქტის შემდეგ, მამაკაცისთვის დიდხანს ფეხზე დგომა არ შეიძლება.
• მოსაზრება: აფხაზეთის ეკონომიკას ძნელბედობის ჟამი დაუდგა
• ტყვარჩელი: ქალაქი აფხაზეთში, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის
• ანტიკრიზისული სოფლის მეურნეობა: ორი ამბავი აფხაზეთიდან
„პენსიის მიღება ჩარიცხვის დღესვე არ მჭირდება, ვმუშაობ, ამიტომ, პენსიის მიღებამდე სულ უფულოდ არ ვრჩები, მაგრამ არიან ძალიან ხანშიშესული ადამიანები, რომლებსაც არავინ ეხმარება და როდესაც ვხედავ, როგორ იკავებენ ისინი დილიდან რიგს, რათა პური იყიდონ – გული მეგლიჯება“, – ამბობს პენსიონერი.
მაგრამ ახლა, როდესაც აფხაზური ბანკომატები აღარ ემსახურებიან საპენსიო ბარათებს და დახმარების მისაღებად სალაროში მისვლაა საჭირო, სიტუაცია მათაც შეეცვალათ, ვისაც თანხის მისაღებად მისვლის გადადება შეეძლო.
რუსეთი პენსიას უხდის თავის მოქალაქეებს, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ. პენსიონერების საბანკო მომსახურებაზე გადაყვანის გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს რუსეთის საპენსიო ფონდმა და აფხაზეთის სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ.
რუსეთის საპენსიო ფონდში მიიჩნიეს, რომ პენსიონერების ბოლო აღრიცხვის მომენტიდან (ის ყოველ 10 თვეში ტარდება) აფხაზეთში უკანონოდ გაიცა 17 მილიონი რუბლი (დაახლოებით, 225 ათასი დოლარი).
აფხაზეთის „სბერბანკის“ სალაროებში შეადგინეს პენსიის მიღების გრაფიკი. სამი დღის განმავლობაში მას აძლევენ 1930-იან წლებში დაბადებულებს, შემდეგ 1940-იანში და ა.შ.
პენსიის მიღება კვირების განმავლობაში იწელება.
და ყოველდღიურად ბანკების ფილიალებში რიგები იქმნება. სანიტარიული შეზღუდვების გამო, ბანკის შენობაში მკაცრად კონკრეტული რაოდენობის ადამიანებს უშვებენ, დანარჩენები კი სიცხეში დგანან.
„მე და დედაჩემს ყოველთვიურად გარკვეული წამლების ნაკრების შეძენა გვჭირდება, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გვაქვს დანიშნული. მისი მიღების გადადება არ შეიძლება, სისხლის მაჩვენებელი მაშინვე უარესდება. მათი ზუსტად ვადებში შესაძენად, პენსიის ასაღებად მისვლაა საჭირო. ის რომ მიიღო, საჭიროა რიგში დგომა, რაც ასევე არ არის უსაფრთხო ხანშიშესულთა ჯანმრთელობისთვის“, – ამბობს ოდიკ კაკალია.
დამატებითი სირთულეები
სოხუმში, „სბერბანკის“ დამატებითი ფილიალის ხელმძღვანელი, ლოლიტა ზადე რუსული პენსიის გაცემის პირველ დღეებში ძალიან შთაგონებული იყო. ხალხის ნაკადი არ იყო და მოლარეები ასწრებდნენ რიგის შექმნის გარეშე კლიენტების მომსახურებას.
„ჩვენ ერთი საათით ადრე დავიწყეთ გახსნა, რამაც ძალიან გაახარა ჩვენი კლიენტები. რა თქმა უნდა, თავიდან ბანკომატებზე მიჩვევა და შემდეგ გადაჩვევა, ხანდაზმული კლიენტებისთვის საკმაოდ რთული საკითხია, მაგრამ რას ვიზამთ, ეს ჩვენთვისაც პრობლემაა. თანამშრომლებს საქმე დაემატათ, ხელფასი კი იგივე დარჩა“, – ამბობს ლოლიტა ზადე.
შეიცვალა არა მხოლოდ გაცემის წესი, არამედ პენსიის დარიცხვაც. ადრე, პენსია მოსახლეობას ერთმანეთის მიყოლებით, რაიონების მიხედვით ერიცხებოდა. მაგალითად, პირველ რიცხვში სოხუმში, ხუთში – გუდაუთაში და ა.შ. ახლა ყველა პენსიონერზე დახმარების გაცემა ერთსა და იმავე დღეს იწყება.
იმისათვის, რომ „სბერბანკის“ ფილიალებზე, რომლებიც პენსიას გასცემენ, ზეწოლა მოეხსნათ, პირველი სექტემბრიდან გაიხსნა დამატებითი ოფისები – ორი სოხუმში, ერთი გუდაუთაში და კიდევ ერთი, სოფელ ბზიფში. ბანკის პრესრელიზში ნათქვამია, რომ „პენსიის გაცემის პროცესში „სბერბანკის“ მაქსიმალურად ბევრი თანამშრომელი ჩაერთვება“.
ყველა პენსიონერს არ განუცდია სტრესი ბანკომატებიდან ისევ სალაროებზე დაბრუნებაზე. მაგალითად, რიმა აიბას, რომელმაც პლასტიკური ბარათი ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ აიღო, მისით არასოდეს უსარგებლია. ვერ მოერგო ბანკომატებსა და გადახდის ტერმინალებს.
„ყოველ ჯერზე ჩემს გოგოებთან მივდივარ. ვჭორაობ, ახალ ამბებს ვიგებ. მე ისინი მიყვარს და მათ მე. და სანამ რიგში დგახარ, შეგიძლია ბევრი საინტერესო რამ გაიგო. იურთიერთო. ბანკომატებით კი დაე, ახალგაზრდებმა ისარგებლონ“, – ამბობს რიმა აიბა.
მეტი ბიუროკრატია
ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პენსიის მისაღებად ნათესავის ნაცვლად, რომელსაც პირადად არ შეუძლია ბანკში მისვლა, საჭიროა მინდობილობა, რომელსაც 10 თვის ვადა აქვს.
რიტა სამსონია იღებს საკუთარ პენსიას, დედამისისა და პარალიზებული ქმრის. ის თავის ყოველთვიურ ხარჯებს საერთო თანხაზე გათვლით გეგმავს, რომელსაც სამივე პენსიის შეჯერებით იღებს. ახლა, ქალის თქმით, მთელი ფინანსური გრაფიკი დაენგრა.
„არა მხოლოდ მინდობილობისთვის დავდიოდი რამდენიმე კვირა, ახლა, იძულებული ვარ, რიგში ვიდგე თვეში სამჯერ. ჩვენი ოჯახისთვის ეს უბრალოდ კატასტროფაა“, – ამბობს პენსიონერი.
კრიტიკოსები სოციალურ ქსელებში ამტკიცებენ, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ნახავდნენ დამნაშავეებს – რომლებიც გარდაცვლილი პენსიონერების დახმარებას იღებდნენ და არ გადაიტანდნენ ბრალსა და სასჯელს მოხუცებზე.
კომენტარი
„დაე, ხელისუფლებამ გაუწიოს ორგანიზება პენსიის საკუთარი ხარჯებით მიტანას“, – განუცხადა ოპოზიციური პარტია „აიტაირას“ ლიდერმა, ლეონიდ ლაკერბაიამ Telegram-არხს D News Abkhazia:
„თუკი ამ პრობლემის სწრაფად გადაწყვეტა გსურთ, არ დააყოვნოთ, არის ძველი, გამოცდილი მეთოდი. ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი სოფლები, სადაც შეიძლება ჩასვლა და სადაც უნდა ჩავიდეთ და ჩავიტანოთ პენსია სწორედ იქ. რატომ არ შეიძლება ამის გამოყენება? ეს ხომ ჯერ კიდევ მაშინ ხდებოდა, როდესაც ასეთი შემოსავლები და ასეთი შესაძლებლობები არ გვქონდა.
არაფერი, საკუთარი ხარჯით გაუკეთეთ ორგანიზება პენსიის მიტანას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დროულად რიცხავს. ხელისუფლებამ კი სხვა ბერკეტი მოძებნოს იმ ხალხთან საბრძოლველად, რომლებიც ამას დარღვევებით აკეთებენ“.