აფხაზეთი ღვინის მასალაზე გადასახადს გააუქმებს, რამაც სამ თვეში მთლიანად "მოკლა“ ადგილობრივი ღვინის ექსპორტი
გადასახადი ღვინის მასალებზე
აფხაზეთის პარლამენტი ღვინის მასალაზე აქციზის გადასახადს გააუქმებს. ამ გადასახადის მოქმედების სამი თვის განმავლობაში, ადგილობრივი ღვინის ექსპორტი მთლიანად შეჩერდა და ბიუჯეტის ზარალმა 100 მილიონ რუბლზე მეტი [1 მილიონი დოლარი] შეადგინა.
„ღვინის მასალა“ არის მეღვინეობის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ყურძნის გადამუშავების შემდეგ მიღებულ ბუნებრივ ღვინოს. მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერი ღვინო ითვლება ღვინის მასალად, სანამ არ შეიფუთება მზა პროდუქტად და არ ჩამოისხმება.
2024 წლის იანვარში აფხაზეთში შემოღებული კანონი „აქციზის შესახებ“ ითვალისწინებს სოხუმში შემოტანილ ღვინის მასალებზე გადასახადის დაწესებას მისი ღირებულების 30%-ის ოდენობით. კანონის ავტორებს იმედი ჰქონდათ, რომ ეს ხელს შეუწყობდა ხაზინის შევსებას, მაგრამ შედეგი საპირისპირო დადგა.
ახალი გადასახადის გამო, იანვრის ბოლოს, აფხაზეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა გადასახადის გადამხდელმა კომპანია „აფხაზეთის ღვინოები და წყლები“ მუშაობა შეაჩერა. აქციზის გადასახადი ავტომატურად აისახა მათი პროდუქციის თვითღირებულებაზე და დისტრიბუტორებმა უარი თქვეს მათ ახალ ფასებად გაყიდვაზე.
- საგადასახადო შეღავათები აფხაზეთში: ააღორძინებს ეკონომიკას თუ სოხუმს ოფშორად გადააქცევს?
- სერბი მეღვინეები ჩინეთის ბაზრის ათვისებას აპირებენ. თუმცა, საქართველოს გამოცდილება ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა
- აზერბაიჯანთან ჩაკეტილი საზღვრის გამო საქართველომ 1,5 მილიონი ტურისტი დაკარგა და 400 მილიონი დოლარი იზარალა
„აფხაზეთის ღვინოები და წყლები“ არის საბჭოთა დროიდან ცნობილი აფხაზური ღვინის „ლიხნი“, „ფსოუ“, „აფხაზეთი“ და ა.შ. მფლობელი, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსულ ბაზარზე. გასულ წელს წარმოებული 28 მილიონი ბოთლი ღვინოდან აფხაზეთში მხოლოდ ერთი მილიონი ბოთლი გაიყიდა, დანარჩენი კი რუსეთში გავიდა.
მაგრამ ასეთი მოცულობის ღვინის დასამზადებლად, თავად კომპანიის საკუთრებაში არსებული ვენახებიდან მოსავალი არ არის საკმარისი. ამიტომ, დაკარგული ღვინის მასალას გარედან ყიდულობს.
მთავრობის მიერ შემოღებულმა აქციზმა ღვინის ფასი გაზარდა და მისი წარმოება წამგებიანი გახადა. „აფხაზეთის ღვინოებმა და წყლებმა“, ისევე როგორც ყველა სხვა მარანმა, რომელიც ექსპორტზე მუშაობდა, მუშაობა შეაჩერა.
აფხაზი ეკონომისტის, ახრა არისთავის თქმით, ღვინის აქციზის გამო, სოხუმის ბიუჯეტმა უკვე დაკარგა 100 მილიონ რუბლზე მეტი, „და ეს არ ითვალისწინებს თავად მეღვინეების ზარალს“.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო