პოლონეთი: მასობრივი პროტესტი აბორტზე დაწესებული ახალი შეზღუდვების გამო
საპროტესტო ტალღამ გადაუარა პოლონეთის ქალაქებს მას შემდეგ, რაც ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ აბორტის აკრძალვის კიდევ უფრო გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს.
22 ოქტომბრის საღამოს, ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ვარშავის ქუჩებში მაშინვე, როგორც კი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები – „ჩემი სხეული – ჩემი არჩევანი“, „ქალი ინკუბატორი არ არის“ და ა.შ.
• საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთში: კონსერვატორები უფრო მეტნი აღმოჩნდნენ
• სამსახური პოლონეთში – ახალგაჭრილი გზა ევროპაში საქართველოს მოქალაქეებისთვის
მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები მმართველი პარტიის, „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის სახლთან მივიდნენ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. პოლონეთის დედაქალაქი COVID-19-ის პანდემიის გამო, „წითელ ზონაშია“, შესაბამისად, ხალხმრავალი შეკრებები აკრძალულია. ათობით ადამიანი დააკავეს.
მეორე დღეს, მრავალრიცხოვანი აქციები გაიმართა ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში.
რას ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილება
პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ორსულობის შეწყვეტა იმ შემთხვევაში, თუკი ნაყოფი გამოუსწორებლად არის დაზიანებული, ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ახლა, ორსულობის შეწყვეტა აღარ შეიძლება, თუკი ბავშვი აუცილებლად ავადმყოფი დაიბადება.
პოლონეთში (მოსახლეობა 38 მილიონი), აბორტები დაშვებულია მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტისა და ქალის ჯანმრთელობისთვის პირდაპირი საფრთხის არსებობის შემთხვევაში. გასულ წელს, მსგავსი შემთხვევები, შეწყვეტილი ორსულობის საერთო რიცხვის, მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენდა. ისინი, ვისაც ოპერაციის გაკეთება საზღვარგარეთ შეეძლო, ამას იქ აკეთებდნენ, დანარჩენები, არალეგალურ მომსახურებებს მიმართავდნენ.
ევროსაბჭომ დაუყოვნებლივ დაგმო ეს გადაწყვეტილება.
პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პანდემიის შუაგულში ასეთი გადაწყვეტილების მიღება, როდესაც ადამიანებს გაპროტესტების შესაძლებლობა არ აქვთ – „ცინიზმზე უარესია“.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ახლა პარლამენტს შესაბამისი კანონის მიღების საშუალებას აძლევს, რომელიც კიდევ უფრო შეზღუდავს აბორტის უფლებას.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ უკვე განაცხადა, რომ მაშინვე მოაწერს ასეთ კანონს ხელს, როგორც კი პარლამენტი მიიღებს.
ქვეყნის პარლამენტში, უმრავლესობას კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ ფლობს, რომელიც დიდი ხანია, თანმიმდევრულად გამოდის აბორტის უფლების წინააღმდეგ. ამ პოზიციას იზიარებს პოლონეთის კათოლიკური ეკლესიაც, რომელიც ქვეყანაში დიდი გავლენით სარგებლობს.