აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. რაზე ისაუბრეს მხარეებმა
გაზიარება
გაზიარება
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული რთული ვითარება; მასშტაბური სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ატარებს; ე.წ. ბორდერიზაცია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ; ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფა და აღნიშნულ რეგიონებთან ფაქტობრივად შეწყვეტილი მიმოსვლა – ეს ის თემებია, რომლებზეც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის სათათბიროს წევრმა, გრიგორი კარასინმა ონლაინ ფორმატში ისაუბრეს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საუბარი ასევე შეეხო შეთანხმებას ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ, რომელსაც სოხუმმა და მოსკოვმა მოაწერეს ხელი.
12 ნოემბერს, მოსკოვში ვიზიტის დროს, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც რუსეთსა და აფხაზეთს შორის დამტკიცდა საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის პროგრამა.
ქართული მხარის შეფასებით, აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს და ამ საკითხებზე უფრო დეტალური საუბარი გაიმართება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე.
მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების დინამიკა. აღინიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის გარკვეულწილად შემცირდა, რაც პანდემიითაა გამოწვეული.
საუბარი შეეხო საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხსაც.
მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებასთან ერთად, შესაძლებელი იქნება პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა. თუმცა, ამ ეტაპზე, რუსეთის მხარეს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წამოიჭრა ლუგარის ლაბორატორიის საკითხი. ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, შესაბამის ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მზად იქნება, მიიღოს უცხოელ ექსპერტთა მიერ დაკომპლექტებული ჯგუფი, მათ შორის – რუსი ექსპერტები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ლუგარის კონტექსტში პროპაგანდისტული აჟიოტაჟი სრულიად მიუღებელია.
“რუსეთის მხარე 2021 წლიდან გეგმავს ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციას, სატრანსპორტო მიმოსვლის ხელშეწყობის მიზნით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
რაც შეეხება ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრის თარიღს, ის ჯერ-ჯერობით უცნობია.
2012 წელს “ქართული ოცნების” საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აღდგა საქართველო–რუსეთის პირდაპირი დიალოგი, რომელიც წლების წინ შეწყვეტილი იყო და მოლაპარაკებები მხოლოდ ჟენევის ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც რუსეთი და საქართველო სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებთან და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობდნენ.
საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის წარმომადგენლის თანამდებობა შემოიღო და ამ პოსტზე დიპლომატი ზურაბ აბაშიძე დანიშნა, რომელსაც რუსეთში ელჩად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა.
შეიქმნა რუსეთთან პირისპირ მოლაპარაკების ახალი ფორმატი. ამ ფორმატის ფარგლებში ერთმანეთს რეგულარულად ხვდებიან ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი.
მათი საუბრის თემაა ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული საკითხები.