"აზერბაიჯანი არ ცნობს რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას" - კომენტარი ბაქოდან
აზერბაიჯანი გააორმაგებს ბუნებრივი აირის ექსპორტს ევროპაში, მიუხედავად იმისა, რომ მიწოდების მოცულობის ორჯერ გაზრდის შემთხვევაშიც კი, აზერბაიჯანული გაზი ამ სახელმწიფოების მოთხოვნილებების მხოლოდ ოთხი პროცენტის დაკმაყოფილებას შეძლებს. ბოლო პერიოდში აზერბაიჯანელი ექსპერტები რუსულ საფრთხეზე ალაპარაკდნენ. პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ჯუმშუდ ნურიევის თქმით, რუსული პროვოკაციები შესაძლოა გადავიდეს ცენტრალური აზიიდან კავკასიაში – საქართველოსა და აზერბაიჯანში.
ამ კვირის დასაწყისში აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს „გაგების მემორანდუმს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის.” დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ამ მემორანდუმის მიხედვით, აზერბაიჯანი ევროკავშირის ქვეყნებისთვის მიწოდებული საწვავის მოცულობას წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის.
დღეისათვის აზერბაიჯანიდან ევროკავშირის ქვეყნებს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ მეშვეობით ყოველწლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდება.
ეკონომისტების აზრით, ევროკავშირის ქვეყნების წლიური საჭიროება ბუნებრივ აირზე დაახლოებით 500 მილიარდი კუბური მეტრია. ამ მოცულობის 60 პროცენტი რუსულ გაზზე მოდის. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირი აპირებს სერიოზულად შეამციროს გაზის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანული გაზის ექსპორტის ორჯერ გაზრდის შემთხვევაშიც კი ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვნილების მხოლოდ ოთხი პროცენტის დაფარვა მოხერხდება, აზერბაიჯანის საექსპერტო საზოგადოებაში დაიწყეს საუბარი რუსეთის საფრთხეზე.
“დაძაბულობამ პიკს მიაღწია 2020 წლის 10 ნოემბერს”
ბაქოსა და კრემლს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა განსაკუთრებით მეგობრული მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ამბობს მეჯლისის (აზერბაიჯანის პარლამენტის) ყოფილი წევრი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯუმშუდ ნურიევი.
„ზოგიერთ მომენტში ურთიერთობაში დაძაბულობა საკმაოდ სერიოზულად გამოიხატა. დაძაბულობის პიკად მიმაჩნია 2020 წლის 10 ნოემბერი. მაგრამ შემდეგ დაიწყო ურთიერთობების დათბობა“, – აცხადებს ნურიევი.
ის დარწმუნებულია, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება აზერბაიჯანის ხელშია. ასევე, დაძაბულობის შემცირება გამოიწვია 2022 წლის 23 თებერვალს, ალიევისა და პუტინის მიერ ორ ქვეყანას შორის მოკავშირეობის მემორანდუმის გაფორმებამაც.
„ამჟამად დაძაბულობა დაბალ დონეზეა. მაგრამ არსებობს რუსეთის სამხედრო ელიტის გარკვეული ხაზი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული სომხეთთან. მტრობის ელემენტები აზერბაიჯანის მიმართ მათ დამოკიდებულებაში ჩანს.
კერძოდ, უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობის განეიტრალებას, რუსეთი სხვა საკითხებზე ყურადღების გადატანით ცდილობს. ამიტომ, ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობაში იგრძნობა არა ღია, არამედ ფარული დაძაბულობა.“ – დასძინა მან.
„პროვოკაციების ცენტრალური აზიიდან კავკასიაში გადატანის საშიშროება არსებობს“
“ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, ოპოზიციის გააქტიურება და საზღვარგარეთ ემიგრანტების ქმედებები ცხადყოფს, რომ შესაძლებელია აზერბაიჯანის წინააღმდეგ ახალი პროვოკაციები“ – განაცხადა ჯუმშუდ ნურიევმა.
„ექსპერტები აქამდეც აცხადებდნენ, რომ არსებობს დაძაბულობის კერების გადატანის საფრთხე შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან კავკასიაში – საქართველოსა და აზერბაიჯანში.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მსგავსი პროვოკაციებისთვის.“
“მოსკოვი ატარებს კოლონიალურ პოლიტიკას”
“რუსეთის დამოკიდებულება აზერბაიჯანის მიმართ არასდროს ყოფილა მეგობრული – მიიჩნევს ეკონომისტი ვაჰიდ აჰმედოვი, აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი – ამ ბოლო დროს მუქარებიც იყო – მოსკოვიდან ხშირად ჩამოდიან აქ.
„აიღეთ თუნდაც ყარაბაღის საკითხი: 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების რომელი პუნქტები განხორციელდა? არ მომხდარა არც საზღვრების დელიმიტაცია და არც სომხეთის შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიიდან გაყვანა. არც აზერბაიჯანის ძირითადი ნაწილის ნახიჩევანთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი დაწყებულა.“
“მსოფლიო და თავად აზერბაიჯანი შეიცვალა”
აჰმადოვმა აღნიშნა, რომ კრემლის გაღიზიანების კიდევ ერთი ფაქტორი აზერბაიჯანისა და თურქეთის დაახლოებაა.
„რუსეთს არ მოსწონს, რომ თურქეთი გახდა აქტიური მოთამაშე რეგიონში, რომელიც ავითარებს ძმურ ურთიერთობებს აზერბაიჯანთან. თუმცა ამ პროცესებზე რაიმე სახის გავლენის მოხდენა შეუძლებელია.
შეიცვალა მსოფლიოც და თავად აზერბაიჯანიც. თურქეთთან გვაქვს სერიოზული პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და ჰუმანიტარული კავშირები. თურქეთი და აზერბაიჯანი პასუხისმგებელნი არიან ერთმანეთის უსაფრთხოებაზე.“
“ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას”
აზერბაიჯანს არასდროს შეუწყვეტია რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობა, აღნიშნა აზერბაიჯანელმა დეპუტატმა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ყოველთვის არსებობდა, რუსეთი ჩვენი მეზობელია. არსებობს მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირები. შეუძლებელია არ აღვნიშნო პრეზიდენტ ილჰამ ალიევის კარგი ურთიერთობა რუსეთთან.
მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას – აზერბაიჯანი სუვერენული სახელმწიფოა, მოსკოვი კი საოკუპაციო პოლიტიკას ატარებს.
მოვლენები მოლდოვაში, საქართველოში და ახლა უკრაინაში – რაც მოხდა და ხდება ჩვენ თვალწინ. მაგრამ აზერბაიჯანში ამის გაკეთება თითქმის შეუძლებელია იმ მიზეზების გამო, რაც მე ზემოთ აღვნიშნე.
თავად რუსეთი უნდა იყოს დაინტერესებული აზერბაიჯანთან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობებით“, – შეაჯამა ვაჰიდ აჰმედოვმა.