ლუგარის ლაბორატორია საინფორმაციო ფრონტის წინა ხაზზე
“ქოდა სთორის” სტატია საქართველოში არსებულ ამერიკულ ლაბორატორიაზე 2018 აპრილში გამოქვეყნდა. JAMnews-მა ქართველ მკითხველს ამ სტატიის ქართული ვერსია შესთავაზა.
თემის აქტუალობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ განვაახლოთ გიორგი ლომსაძის ეს მასალა, სადაც დეტალურად არის მოთხრობილი საქართველოში არსებულ ლაბორატორიაზე, რომელიც რუსეთსა და დასავლეთს შორის გაჩაღებული საინფორმაციო ომის ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა.
რას ამბობს რუსული პროპაგანდა
უკვე მერამდენე წელია, რუსული მედიის მთავარ საფრთხობელად იქცა ამბავი იმის შესახებ, რომ თითქოს და ამერიკელი სამხედროები რუსეთის უშუალო საზღვართან – საქართველოში ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებენ.
ამერიკისა და საქართველოს მთავრობებმა არაერთხელ გააკეთეს განცხადება, რომ საქართველოში არსებული ლაბორატორიის მთავარი მისია დაავადებათა ეპიდემიის გამოვლენა და მათი შეჩერებაა.
რუსეთს არ სჯერა, რომ ამერიკის მთავრობამ რუსეთის საზღვართან კვლევითი ცენტრის ასაშენებლად გადასახადების გადამხდელთა $350 მილიონი დოლარი მხოლოდ იმიტომ დახარჯა, რომ საზოგადოების ჯანმრთელობის უსაფრთხოება უზრუნველეყო.
ლაბორატორია შვიდი წლის წინ გაიხსნა, ამ ხნის განმავლობაში მას რუსეთის მთავრობაც და კრემლის მხარდამჭერი მედიაც დაუღალავად უტევს.
რას აღარ აბრალებს ლაბორატორიას რუსული მედია და რუსი ჩინოვნიკები: დაწყებული აზიური ფაროსანას ხელოვნურად გავრცელებიდან, დამთავრებული ზიკას ვირუსის გადამტანი კოღოების მოშენებით, რომ შემდეგ ეს კოღოები რუსეთის საზღვრებთან გაუშვან. ლაბორატორიის სახელს დაუკავშირეს სამხრეთ ოსეთში ღორის გრიპის ეპიდემიაც.
2018 წლის 12 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ამ თემაზე საუბრისას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა, მარია ზახაროვამ, ლუგარის ლაბორატორია ახსენა და განაცხადა, რომ “რუსეთის საზღვართან პენტაგონის დაფინანსებული ლაბორატორიის არსებობა მოსკოვის დიდ შეშფოთებას იწვევს ”.
“კრემლი ლაბორატორიის დაარსების დღიდან, აქტიურად ეწევა პროპაგანდას მის წინააღმდეგ,” – ამბობს სოფო გელავა, მედიის განვითარების ფონდიდან (MDF), რომელიც ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთში გაკეთებული განცხადებების მონიტორინგს ახორციელებს.
კრემლის პროპაგანდას ავრცელებს ბევრი მედია საშუალებაც რუსულ. ინგლისურ თუ ქართულ ენაზე. ეს ინფორმაცია პოპულარული ხდება სოციალურ ქსელებში და არაინფომირებულ ადამიანებში შისსა და უნდობლობას იწვევს.
რა არის ლუგარის ლაბორატორია?
ოფიციალურად ამ დაწესებულებას რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი (Richard G. Lugar Center for Public Health Research) ეწოდება.
კვლევითი ცენტრი თბილისის აეროპორთან ახლოს მდებარეობს. ის უმაღლესი სტანდარტებითაა მოწყობილი და ბიოუსაფრთხოების მესამე დონე აქვს მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ აქ მუშაობენ ყველა სახის მიკრობთან, რამდენიმე ყველაზე საშიში პათოგენის – მაგალითად, ციმბირის წყლულის და შავი ჭირის გარდა.
საქართველოს კვლევით ინსტიტუტებში ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან იყო შემორჩენილი უამრავი სინჯარა საშიში ბაქტერიებითა და ვირუსებით. ლუგარის ლაბორატორიის გახსნის შემდეგ, ეს პათოგენები იქ გადაიტანეს, რადგან ქართულ კვლევით ინსტიტუტებში მათი შენახვის წესები სათანადოდ დაცული არ იყო.
“ეს კი მთელს ქალაქს უქმნიდა საფრთხეს,” – ამბობენ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები.
სწორედ უსაფრთხოების მიზნით შეარჩიეს ცენტრის ასაშენებლად ქალაქის განაპირა რაიონი.
“ინფექციურ დაავადებებს საქართველოში 1937 წლიდან აკვირდებიან. ჩვენ იგივე საქმეს ვაგრძელებთ, რასაც ძველ კვლევით ცენტრში აკეთებდნენ, ოღონდ ამას გაცილებით უსაფთხო გარემოში ვაკეთებთ,” – ამბობს ლაბორატორიის დირექტორი პაატა იმნაძე.
მისი თქმით, საქართველო მრავალი დაავადების საფრთხის წინაშეა, მაგალითად როგორიცაა შინაური ცხოველისთვის სახიფათო ბრუცელოზი, ასევე ციმბირული წყლული და ყირიმის ჰემორაგიური ციებ-ცხელება.
გარდა ამისა, ამბობს იმნაძე, მსგავსი ლაბორატორიები საქართველოს გარდა ბევრ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიცაა.
“რუსეთსაც აქვს ანალოგიურად აღჭურვილი დაწესებულებები და მათგან ერთი, მეოთხე დონის ბიო-უსაფრთხოების მქონე ლაბორატორიაცაა, რომელსაც ებოლასთან და მის მსგავს სასიკვდილო ვირუსებთან გამკლავება შეუძლია,” – ამბობს იმნაძე.
რატომ აფინანსებენ ლაბორატორიას ამერიკელები?
თბილისის ლაბორატორია ნამდვილად აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერაა დაფინანსებული.
2013 წლიდან ლაბორატორიას საქართველოს ეროვნული დაავადებათა კონტროლის ცენტრი მართავს (NCDC), რაც აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) ანალოგია. ამერიკელი თანამშრომლების რაოდენობა კი, ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა.
ხარჯების დაფარვაში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ახლაც მონაწილეობს. პერსონალის უმრავლესობა ქართველია, თუმცა აქ ასევე მუშაობს პენტაგონის სამედიცინო კვლევების განყოფილებაში დასაქმებული რამდენიმე ამერიკელი მეცნიერიც , რასაც კრემლი “შემაშფოთებლად” მიიჩნევს.
მსგავსი ამერიკული ლაბორატორია არ არის მხოლოდ საქართველოში. ეს არის ქსელი, რომელიც ამერიკული სტრატეგიის ნაწილია. ამ სტრატეგიის მიზანია შეამციროს ის პოტენციური საფრთხე, რასაც საბჭოთა დროს წარმოებული ბიოქიმიური იარაღის ნარჩენები შეიცავს. სწორედ ამ საფრთხის გასანეიტრალებლად შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომლის ნაწილიც არის ლუგარის ლაბორატორია. [ამ პროგრამის შექმნაში წამყვანი როლი შეასრულა აშშ-ის ყოფილმა სენატორმა რიჩარდ ლუგარმა, რომელმაც პირადად გახსნა ლაბორატორია თბილისში. სწორედ ამიტომ, ის მის სახელს ატარებს].
11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ კი, აშშ-ის მთავრობამ გადაწყვიტა, არ დაეზოგა რესურსები მორიგი ტერორისტული აქტის აღსაკვეთად. იმ პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს წინააღმდეგ ციმბირის წყლულის ვირუსის მეშვეობით ბიოლოგიური შეტევა მზადდებოდა. ამ ხმებმა მოსახლეობაში საყოველთაო შიში გამოიწვია. სწორედ ამის გამო, აშშ-მ გადაწყვიტა ბიოლოგიური საფრთხოს შემთხვევაში ადრეული შეტყობინების სისტემა აემოქმედებინა.
“ლაბორატორიის ყველა ოთახში ვარ ნამყოფი”
ლუგარის ცენტრის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც თავისი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს, ამბობს, რომ ეს ლაბორატორია აშშ-ის სტრატეგიულ უპირატესობას ანიჭებს და აძლევს საშუალებას ბიოლოგიური საფრთხის შემთხვევაში ადრეულად გააფრთხილოს მოსახლება. ამით აშშ-ი დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საკუთარი ქვეყნისთვის.
“რაც შეეხება საქართველოს, – ამბობს ცენტრის ყოფილი თანამშრომელი, – საქართველოს გამოწვევებისთვის ეს ლაბორატორია მართლაც ზედმეტად დიდია და ზედმეტად კარგადაც კი არის აღჭურვილი”.
ყოფილმა თანამშრომელმა უარყო რუსეთის ბრალდებები ბიოქიმიური იარაღის დასამზადებელ საიდუმლო სამუშაოებზე.
“ლაბორატორიის ყველა ოთახში ვარ ნამყოფი და არ მჯერა რომ იქ რაიმე საიდუმლო კვლევა ტარდება”, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ამის სავარაუდოდ არც თავად რუსეთს სჯერა, რადგან მათი დაზვერვა, წესით საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება ლაბორატორიაში.
“დარწმუნებული ვარ, რაღაც დროს მათი აგენტებიც აუცილებლად იმუშავებდნენ იქ”, -ამბობს ყოფილი თანამშრომელი აშშ-დან.
ამ აზრს იზიარებს ამერიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარიც:
“წლების განმავლობაში აშშ-დან როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პერსონალს ჩაუტარებია ლაბორატორიაში კვლევა და მათ შესახებ რუსეთმა ყველაფერი იცოდა,” – ამბობს ის.
“გარდა ამისა, რუსეთისთვის მომგებიანიც კი არის, რომ თბილისში არის ლაბორატორია, რომელიც განუწყვეტლივ აკვირდება ნივთიერებებს, რომლისგანაც საფრთხე ემუქრება გარშემო ქვეყნების მოსახლეობას”, – მეილით უპასუხა სენატორმა Coda-ს შეკითხვებს.
პაატა იმნაძე ამბობს, რომ ლაბორატორიაში ყოფილან რუსი ჟურნალისტებიც. მათთვის სპეციალურად მოეწყო ღია კარის დღე, რომ თავად ენახათ, რა ხდება ლაბორატორიაში.
“ჩვენთან რუსი მეცნიერებიც მუშაობდნენ,” – ამბობს იმმაძე.
მისი აზრით, რუსეთი უბრალოდ ვერ ეგუება მის მახლობლად წარმატებულ პროექტს, თანაც ამერიკელების მიერ დაფინანსებულს.
“წარსულში, იმისათვის რომ გაგვეგო, რა დაავადებასთან გვქონდა საქმე, მათი [რუსეთის] დახმარება გვჭირდებოდა. ახლა კი ხალხი ჩვენ მოგვმართავს”, – თქვა იმნაძემ.