სამოქალაქო პროტესტი, როგორც დემოკრატიის ფორმა აფხაზეთში. მოსაზრება
აფხაზეთში ხელისუფლებას არ ენდობიან, მაგრამ ხელისუფლება იძულებულია უპასუხოს დისიდენტების თუნდაც მცირე ჯგუფის პროტესტს. პუბლიცისტი დიმიტრი მუშბა განიხილავს, როგორ ხდება ეს და რა არის პროტესტის კონკრეტული ფორმა აფხაზეთისთვის.
ხელისუფლება და ერთი ადამიანის პროტესტი
აფხაზეთის მკვიდრი, მრავალშვილიანი მამა ჟანსუჰ ადლეიბა უკვე სამი კვირაა სოხუმის ცენტრალურ მოედანზე, ტურისტულ კარავში ზის და შიმშილობს. იგი იმ ადამიანების ხელმოწერებს აგროვებს, ვინც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას უჭერს მხარს.
ამისათვის ათი ათასი ხელმოწერაა საჭირო. ჯანსუჰმა ცხრა ათასი უკვე შეაგროვა. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუმბა და პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი შეეცადნენ, აქტივისტი შიმშილობის შეწყვეტაზე დაეთანხმებინათ, თუმცა, უშედეგოდ.
კომენტარი
პუბლიცისტი დიმიტრი მუშბა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე
ვინ დგას აფხაზეთში ნავთობის მოპოვების პროექტის უკან?
„პირველი და ყველაზე აშკარა დასკვნა არის საზოგადოების დაბალი ნდობა ხელისუფლების და, შესაბამისად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ. ასე იყო წინა ხელისუფლების დროს, ასეა ახლა და სავარაუდოდ, შემდეგშიც ასე იქნება.
ადამიანები იცვლებიან, პრობლემები რჩება.
როდესაც პრემიერ-მინისტრი საჯაროდ ამბობს, რომ ქვეყანაში არანაირ ბიზნესს არ ფლობს, აქციის მონაწილეები პასუხობენ, რომ მისი სიტყვების არ სჯერათ. აქ, ჩემი აზრით, მინისტრთა კაბინეტის გარკვეული პირების მიმართ დამოკიდებულება მთლიანად ხელისუფლების მიმართ ამძაფრებს უნდობლობას.
- მოსაზრება: როგორი უნდა იყოს აფხაზეთის კონსტიტუცია
- კომენტარი აფხაზეთიდან: “არ გვინდა, სხვა ქვეყნის ქსეროასლი გაგვხადონ”
- ვინ და რატომ ებრძვის არასამთავრობო ორგანიზაციებს აფხაზეთში
აფხაზეთის მცხოვრებთა მეხსიერებაში ჯერ ისევ ცოცხლობს, 2014 წლის მოვლენები, როდესაც საჯარო გახდა ხელშეკრულებების შინაარსი, რომლის მიხედვითაც ჩვენმა მთავრობამ ნავთობის მოპოვების უფლება ორ კომპანიას მიანიჭა.
ერთ-ერთი მათგანი იყო “როსნეფტი”. მოგვიანებით, როგორც ვიცი, იქ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა აფხაზეთის ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი [კრისტინა ოზგანი].
მეორე ხელშეკრულება ჩვენმა მთავრობამ იმ დროისთვის უცნობ კომპანია “Апсны Ойл” – თან გააფორმა. საიდან გაჩნდა ეს კომპანია უცნობია, წარმომადგენელიც კი არ ჰყავდა აფხაზეთში. მისი საწესდებო კაპიტალი ათი ათასი რუბლი იყო[დღევანდელი კურსით ეს არის დაახლოებით $200].
მაშინ ყველა ცდილობდა გაეგო, რა დამსახურებით მიიღო ამ კომპანიამ აფხაზეთში ნავთობის მოპოვების უფლება. უფრო მეტიც, ხელშეკრულებით წარმოებული მთელი ნავთობი ამ კომპანიის საკუთრება გახდა.
ეს იყო აბსოლუტურად კოლონიური შეთანხმება, რომელიც არღვევდა აფხაზეთის კონსტიტუციას. აფხაზი ხალხი იყო “პაპუასის” როლში, რომელიც მისი ნებით აძლევდა ბუნებრივ სიმდიდრეს სხვას.
მაშინ ხელისუფლებამ არ შეაფასა თავისი ხალხის კომპეტენცია და წინდახედულობა. მაგრამ, სამოქალაქო საზოგადოების ჩარევის წყალობით, ეს „გარიგება“ ჩაიშალა.
თუმცა, გარიგების დეტალები უცნობი დარჩა: ტენდერის პირობები, მომლაპარაკებლების და პასუხისმგებელი პირების ვინაობა.
კიდევ ერთი მომენტი, რომელიც აზიანებს ხელისუფლების იმიჯს, არის ნავთობის მოპოვების ღია ადვოკატირება ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის მიერ, როდესაც ის პარლამენტის წევრი იყო.
იმავდროულად, ყოფილმა დეპუტატმა ალმას ძაპუამ, იმავე ნავთობის საქმეში მოქმედი პრემიერის ჩართვის ვერსია საჯაროდ გააჟღერა და აუდიტის ჩატარების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა კიდეც.
დავუბრუნდეთ დღევანდელ მდგომარეობას. ბევრი ადამიანი, ვინც პირდაპირ თუ ირიბად იყო დაკავშირებული ზემოხსენებულ სქემასთან, დღეს ხელისუფლებაშია.
“Апсны Ойл” გამოვიდა მისტიკური ნისლიდან და იწყებს გაფართოებას ადგილობრივი საწვავის ბაზარზე. ამავდროულად, საწვავის ფასები უცებ იმატებს.
რა ჰქვია ამას, დასკვნები თავად გამოიტანეთ.
პროტესტის ფორმის შესახებ
„აფხაზეთის ყველა ხელისუფლება, უნდა მას ეს თუ არა, იძულებულია უპასუხოს სამოქალაქო პროტესტს.
ადამიანთა მცირე ჯგუფის აზრსაც კი უნდა მოუსმინონ. ერთ ადამიანსაც კი შეუძლია მიიპყროს ქვეყნის ხელმძღვანელობის ყურადღება.
ეს არის ჩვენი აბსოლუტური ღირსება, დემოკრატიული საზოგადოების ნიშანი და სიამაყის მიზეზი. ზოგი ამას წესრიგის ნაკლებობას უწოდებს. მაგრამ ჩემთვის ასეთი არეულობა ჯობია, ვიდრე, როცა ხალხს ხელკეტებით სცემენ და თავიანთი აზრის გამოთქმისთვის ციხეში სვამენ.
თუმცა არის მნიშვნელოვანი „მაგრამ“. ეს არის ის, რომ აქციის მონაწილეებმაც იგივე წესი უნდა დაიცვან.
მოსწონთ თუ არა ხელისუფლება, მათ უნდა ისწავლონ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კონსტრუქციული დიალოგის წარმართვა და არ მიმართონ შეურაცხყოფას.
ეს არ არის მხოლოდ ეტიკეტი, ის ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთის მომავლისთვის. ის, რომ 20 და 50 წელიწადში, ისევე როგორც საუკუნეების წინ, ხელისუფლებასა და ხალხს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ფორმატი იარსებებს. ეს არის ის, რაზეც ჩვენი საზოგადოება დიდწილად დგას. ”
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო