არააფხაზებმა აფხაზეთში მოქალაქეობის უფლება უნდა დაამტკიცონ
სოხუმის მკვიდრ ელენა კუვიჩკოს შიდა პასპორტის ჩვეულებრივი გამოცვლა შეიძლება აფხაზეთის მოქალაქეობის დაკარგვად დაუჯდეს. მიზეზი კი ისაა, რომ 1994 წლიდან 1998 წლამდე ის რუსეთში სწავლობდა, ქალაქ ლუგანსკის პედაგოგიურ ინსტიტუტში, და შესაბამისად, აფხაზეთის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.
სიტუაცია აბსურდულად გამოიყურება, მაგრამ აფხაზეთში ელენას მსგავს მდგომარეობაში უკვე რამდენიმე ასეული ადამიანია. საქმე კი მოქალაქეობის შესახებ ახალ კანონშია.
გადამწყვეტი სწორედ ის პერიოდია, როდესაც კუვიჩკო სასწავლებლად გაემგზავრა – სწორედ იმ წლებში აფხაზეთში პირველად დაიწყეს პასპორტების გაცემა. ელენამ თავისი აფხაზური პასპორტი 2006 წელს მიიღო, საპასპორტო-სავიზო სამსახურში აფხაზეთის გარეთ გატარებული სწავლის წლები საპატიო მიზეზად მიიჩნიეს.
თუმცა, 2016 წლის მაისში აფხაზეთში ახალი პასპორტი გამოუშვეს და დაიწყო პასპორტების გამოცვლის პროცედურა, რომელიც 2018 წლის ბოლომდე გასტანს. გამოცვლის მიზეზი გახდა მასობრივი დარღვევები, რაც გალის რაიონში კომპაქტურად მცხოვრები ქართველებისთვის პასპორტების გაცემას უკავშირდებოდა.
[su_quote]აფხაზეთში მცხოვრები ქართველების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა, აფხაზეთში კი ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ რუსეთთან არის დაშვებული. ქართველებისთვის პასპორტების გაცემასთან დაკავშირებულ სკანდალს 2014 წელს მაშინდელი პრეზიდენტის ალექსანდრ ანქვაბის ვადამდელი გადადგომა მოჰყვა. [/su_quote] ახალი კანონი მოსახლეობას ორ კატეგორიად ჰყოფს – ეთნიკურ აფხაზებად და სხვა დანარჩენებად. აფხაზს არაფრის დამტკიცება არ სჭირდება, მათ შორის არც იმის, რომ მას, პოტენციურად, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდეს.
მაგრამ ყველა დანარჩენისთვის, ქართულ თემთან დაკავშირებული გართულების გამო, დაწესდა ბევრი შეზღუდვა, რამაც პრობლემა შეუქმნა ბევრ მაცხოვრებელს, მათ შორის – ელენა კუვიჩკოსაც.
ახლა პასპორტის გამოცვლისას, აფხაზების გარდა, აფხაზეთში მცხოვრებმა ყველა ეროვნების ადამიანმა უნდა დაამტკიცოს, რომ 1994 წლიდან 1999 წლამდე პერიოდში აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ახალი პასპორტის მისაღებად მათ საბუთების მთელი ჩამონათვალი უნდა წარადგინონ: საშუალო განათლების ატესტატი, უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი, საბჭოთა პასპორტის ნიმუში, შრომის წიგნაკი, სამხედრო ბილეთი, და სხვა.
არააფხაზური წარმოშობის ყველა მაცხოვრებელმა ახლა საპასპორტო მაგიდებში უნდა იაროს და ხშირად დამამცირებელი დაკითხვები გაიაროს. ზოგიერთს მოქალაქეობა ჩამოერთვა, და მას შემდეგ, რაც მასზე საკუთარ უფლებას დაამტკიცებენ, მოქალაქეობის აღდგენის პროცედურა პრეზიდენტთან არსებულ მოქალაქეობის კომისიასთან უნდა გაიარონ.
აღსანიშნავია, რომ ამ დამამცირებელი პროცედურით უკმაყოფილების მიუხედავად, სასამართლოსთვის არც ერთ ადამიანს არ მიუმართავს. და არც ერთ ეროვნულ თემს ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.
მხოლოდ ერთხელ, როდესაც 20 მარტს პრობლემა აფხაზეთის საზოგადოებრივ პალატაში განიხილებოდა, სომხური თემის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პასპორტის გამოცვლის პროცედურა „ადამიანებს თავს მეორეხარისხოვნად აგრძნობინებს“.
სწორედ ამ სხდომაზე მოჰყვა თავის ამბავს ელენა კუვიჩკო. ის ერთ-ერთი მათგანია, ვისაც მოქალაქეობა ჩამოერთვა – ფაქტობრივად იმის გამო, რომ ის 1994-1998 წლებში რუსეთში სწავლობდა. ის მოქალაქეობის აღდგენის პროცედურის გავლაზე უარს აცხადებს, და პირველი ადგილობრივი მაცხოვრებელი გახდება, რომელიც საჩივრით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც კი ის ბოლოს და ბოლოს ამუშავდება.
მარტის დასაწყისში სიტუაციაში აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ჩაერია და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, მოქალაქეობის შესახებ კანონში სასწრაფოდ შეეტანა ცვლილებები, რათა ღმოეფხვრათ ის „სამართლებრივი ხარვეზები, რომლებიც სამოქალაქო პასპორტების ახალი ნიმუშის პასპორტებით შეცვლისას მოქალაქეებს ხელოვნურ პრობლემებს უქმნის“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო სამმართველოს უფროსი ედუარდ მარგარიანი ამბობს, რომ ეს შესწორებები მომზადდა და ჯერ კიდევ 19 მარტს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაეცა. კანონში პირველ რიგში შეთავაზებულია იმ შესწორების შეტანა, რომ ადამიანებს, რომლებიც მითითებულ წლებში აფხაზეთის გარეთ სწავლობდნენ, მუშაობდნენ, ან მკურნალობდნენ, საპატიო მიზეზი გააჩნიათ და ახალი პასპორტის მიღების უფლება აქვთ.
თუმცა, საზოგადოებრივი პალატის იურისტი ოლეგ პაპასკირი შესწორებების შეტანას არასაკმარის ზომად მიიჩნევს. ის დარწმუნებულია, რომ აუცილებელია „მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გაიწეროს, რომ მოქალაქეობის შესახებ კანონს უკუქმედება არ გააჩნია, და ის ადამიანები, რომლებსაც მისი ძალაში შესვლის მომენტში მოქალაქეობა არ ექნებათ, შესაბამისი პროცედურებისა და საფუძვლის გარეშე, მას ავტომატურად არ დაკარგავენ“.
– საკითხის გადაწყვეტა ნებისმიერ შემთხვევაში პარლამენტის ხელთაა, მაგრამ იქ არც შინაგან საქმეთ სამინისტროს მიერ შეთავაზებული შესწორებები, და არც რაიმე სხვა ალტერნატიული წინადადება არ შესულა. ამასობაში კი პასპორტიზაციის დასრულებამდე მხოლოდ 9 თვეა დარჩენილი.