საქართველოში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დადასტურდა. რა ვიცით ამ დროისთვის
მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.
“პაციენტს ვირუსული დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო შემთხვევების შესწავლას”. – წერია განცხადებაში.
რა არის მაიმუნის ყვავილი
მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად მღრღნელებისა და პრიმატებისგან გადაეცემა. ადამიანებს შორის ვირუსი ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას.
მაიმუნის ყვავილი გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს და ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21-დღემდეა (მეტწილად 7-14 დღე).
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიხედვით, ჯანმო-ს მიერ შემუშავებულია მაიმუნის ყვავილის შემთხვევის განსაზღვრების სამუშაო ვერსია შემდეგია:
შესაძლო შემთხვევა – ცხელებით (>38.3⁰C) მიმდინარე მწვავე დაავადება, რომელსაც თან ახლავს თავის ძლიერი ტკივილი, ლიმფოადენოპათია, წელის ტკივილი, მიალგია, ძლიერი სისუსტე და 1-3 დღის შემდეგ განვითარებული პროგრესული გამონაყარი, რომელიც ხშირად სახიდან იწყება და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, მათ შორის ფეხის ტერფებსა და ხელის გულებზე.
სავარაუდო შემთხვევა – რომელიც არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული, მაგრამ გააჩნია ეპიდემიოლოგიური კავშირი დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.
დადასტურებული შემთხვევა – კლინიკურად თავსებადი შემთხვევა, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიული კვლევის შედეგად.
აღსანიშნავია, რომ XX საუკუნეში ინტენსიური ვაქცინაციის პერიოდში მაიმუნის ყვავილის აფეთქებები იშვიათი, იზოლირებული და ხანმოკლე იყო.
რა ვიცით ამ დროისთვის
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დღეს განმარტეს, რომ დაავადების გავრცელების არანაირი რისკი არ არსებობს:
“პაციენტმა სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. ჰყავდა მინიმალური რაოდენობის კონტაქტები და ყველა მათგანი იყო ე.წ. დაბალი რისკის კონტაქტი. პაციენტის კონტაქტებზე ზედამხედველობა დაწესებულია. თავად პაციენტი კი გამოჯანმრთელებამდე იყო სრულად იზოლირებული, შესაბამისად, „გავრცელების არანაირი რისკი არ არსებობს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამავე უწყების გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა თქვა, რომ ამ პაციენტის კონტაქტები კარანტინში არ ყოფილან, რადგან ამის საჭიროება არ იყო. მათზე ზედამხედველობა 21 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ამ დროისთვის უკვე ვიცით, რომ მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგოდ მასობრივი ვაქცინაცია არ განიხილება. ზოგადად კი, ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს და მსოფლიოში მისი მარაგებიც საკმარისია:
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას 40 მილიონ დოზამდე აქვს, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს და რამდენიმე ქვეყანას. დღევანდელი ხედვით, მასობრივი ვაქცინაცია მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგოდ არ განიხილება. იქ, სადაც ენდემურად იყო მაიმუნის ყვავილი, იქაც არ იყენებენ მასობრივად ვაქცინას და ე.წ. ბეჭდისებრი აცრა განიხილება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დრომდე გამოვლენილი 1600 შემთხვევა, ყველა მსუბუქია და არცერთი ლეტალური გამოსავალი ენდემური ქვეყნების გარეთ არ დაფიქსირებულა.