აზერბაიჯანი OPEC-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავს
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციაში (OPEC) გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს მართავს, – იუწყება The Wall Street Journal, ორგანიზაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
ორი წლის წინ აზერბაიჯანი მონაპოვარის კოორდინირებული შემცირების შესახებ შეთანხმების მონაწილე გახდა, რასაც OPEC -ის წევრები და არაწევრებიც შეუერთდნენ. ამ შეთანხმებას ხშირად „OPEC პლუსს“ უწოდებენ.
ამ დღეებში ბაქოში ვიზიტით იმყოფებოდა OPEC-ის გენერალური მდივანი მაჰამედ სანუსი ბარკინდო. ის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰაბაზოვს შეხვდა.
„აზერბაიჯანის, როგორც ნავთობმრეწველობის აკვნის, მომავალი OPEC-შია. ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ დადებულ გარიგება „OPEC პლუსის“ მხარდაჭერაში აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. OPEC და აზერბაიჯანი, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების შენარჩუნების მიზნით, ყველაზე სარფიანი ქმედებების განსაზღვრისთვის თანამშრომლობას აგრძელებენ“, – განაცხადა ბარკინდომ პრეს-კონფერენციაზე.
ბარკინდომ ასევე აცნობა ჟურნალისტებს, რომ ილჰამ ალიევმა „OPEC პლუსის“ ერთ-ერთი კონფერენციის ბაქოში ჩატარება შესთავაზა.
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია – საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც, ნავთობის მოპოვების კვოტების კონტროლის მიზნით, 1960 წელს ხუთი ნავთობმომპოვებელი ქვეყნის მიერ შეიქმნა. ბოლო დროს OPEC-ში ორი ახალი ქვეყანა შევიდა – გაბონი და ეკვატორული გვინეა, და ორგანიზაციის წევრთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ნავთობის მოპოვებაში კარტელის წილი 1970 წლის შემდეგ 55%-დან დაახლოებით 40%-მდე შემცირდა.