თბილისს ღამის ეკონომიკა ექნება. რა არის ეს?
თბილისის მერია ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს იწყებს. კონკრეტული კონცეფცია ჯერ არ არსებობს, თუმცა თბილისის ახლადარჩეული მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირების თანახმად, ღამის ეკონომიკის პროექტის მთავარი მიზანი იქნება თბილისის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება და ქალაქის საგადასახადო შემოსავლების გაზრდა.
დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე კალაძემ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელად ქართველი მუსიკოსი და ტელეპროდიუსერი სერგი გვარჯალაძე დანიშნა.
კალაძის თქმით, ღამის ეკონომიკის განვითარება “თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას; მისი თქმით, ღამის კულტურული ცხოვრება წაახალისებს ახალ სტარტაპებს და თბილისს უფრო მიმზიდველს გახდის ტურისტებისთვისაც.
“კონცენტრაცია არ უნდა იყოს მხოლოდ ცენტრალურ რაიონებსა და უბნებზე. ამ პროექტიით ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ გარეუბნებზეც”, – განაცხადა კალაძემ.
როგორც პროექტის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ განაცხადა, პირველ ეტაპზე დაგეგმილია ღამის საათებში თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის საკითხის მოგვარება. როგორც გვარჯალაძე ამბობს, სულ მალე ქალაქში 18:00 საათიდან 06:00 საათამდე მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს.
რა არის ღამის ეკონომიკა?
ღამის ეკონომიკა შედარებით ახალი ტერმინია და აღნიშნავს ისეთ ეკონომიკურ აქტივობებს, რომლებიც ხდება საღამოს (არა მხოლოდ ღამე), მას შემდეგ რაც ადამიანები ასრულებენ თავიან ძირითად საქმიანობას – სამსახურს, სწავლას და ა.შ.
ღამის ეკონომიკის მთავარი კომპონენტია ღამის კლუბები, თუმცა არა მხოლოდ ისინი. ღამის ეკონომიკის ნაწილია გვიანობამდე მომუშავე კაფე-რესტორნები, მუზეუმები, ცოცხალი მუსიკა, ბოულინგ-კლუბები თუ სხვა გასართობი და არა მარტო გასართობი დაწესებულებები. ასევე ტრანსპორტი, რომელიც ადამიანებს ღამის საათებში ემსახურება ან აფთიაქი, რომელიც ღამის საათებშიც ღიაა.
ღამის ეკონომიკის ბენეფიტებია: გართობა და რელაქსაცია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მძიმე სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვა უნდათ; აქტიური ღამის ცხოვრება მიმზიდველია ტურისტებისთვის, რომლებიც უცხო ქალაქში ადრე დაძინებას არ ჩქარობენ და ღამით გართობა უნდათ; ასევე მომგებიანია ეკონომიკურადაც – 24/7 რეჟიმში მომუშავე ობიექტებს ქალაქისთვის და მისი მოქალაქეებისთვის დამატებითი შემოსავალი მოაქვთ.
თუმცა, ღამის ცხოვრებას ბევრი რისკიც ახლავს თან – მოქალაქეები წუხდებიან სხვადასხვა გასართობი ობიექტებიდან გამოსული ზედმეტი ხმაურით, ღამის საათებში მანქანების მოძრაობითა და ზოგჯერ საცობებითაც; ასევე, არის კრიმინალის მატების რისკიც.