ცხინვალი რუსეთისკენ მიისწრაფვის, მაგრამ მას იქ არ ელიან. რატომ და რას უნდა ველოდოთ?
ცხინვალის შეერთება რუსეთთან
რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი, რომელიც სამხრეთ ოსეთის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 17 ივლისისთვის ჩანიშნა, აღარ ჩატარდება.
ახლად არჩეული პრეზიდენტი ალან გაგლოევი ამ იდეისადმი თავდაპირველად კრიტიკულად იყო განწყობილი. მაშინ, ჯერ კიდევ ოპოზიციის ლიდერმა და პარტია “ნიხასის” ხელმძღვანელმა, გაგლოევმა ბიბილოვი „წინასაარჩევნო პიარისთვის“ მკაცრად გააკრიტიკა.
მაგრამ, საბოლოოდ, ინიციატივის ბედი მოსკოვის კატეგორიულმა, უარყოფითმა რეაქციამ გადაწყვიტა.
რეფერენდუმს უნდა განესაზღვრა, სურს თუ არა ცხინვალის მოსახლეობას რუსეთის შემადგენლობაში შესვლა. თუ ურჩევნია დარჩეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით, რომელიც აღიარა რუსეთმა და კიდევ ოთხმა ქვეყანამ (ნიკარაგუა, ნაურუ, ვენესუელა და სირია). დანარჩენი მსოფლიო და გაერო განაგრძობს მის საქართველოს ტერიტორიად განხილვას.
ეს ცხინვალის უკვე მეხუთე მცდელობა იყო შესულიყო რუსეთის შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის დაშლისა და 1990-იანი წლების დასაწყისში ქართულ-ოსური შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ.
- ოსი სამხედროების ნაწილმა უკრაინაში ბრძოლაზე უარი თქვა და ცხინვალში დაბრუნდა
- როგორ იყენებს რუსეთი ცხინვალს უკრაინაში თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მხარდასაჭერად
- როგორ არსებობს მცირე ბიზნესი ცხინვალში. ფერმერის ისტორია
ვინ და რატომ არის რუსეთთან შეერთების “მომხრე” და “წინააღმდეგი”
ცხინვალის პოლიტიკურ ძალებს აერთიანებთ სურვილი, რაც შეიძლება მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ რუსეთთან. მაგრამ, განსხვავებულია მათი მოსაზრებები რუსეთთან შეერთების შესახებ.
რუსეთთან შეერთების მომხრეები საუბრობენ “ოსი ხალხის გაერთიანების ისტორიულ სურვილზე” (ჩრდილოეთ ოსეთთან, რუსეთის ფედერაციის სუბიექტთან). რეფერენდუმს მხარს უჭერდა ცხინვალის ყველა ყოფილი პრეზიდენტი – ლუდვიგ ჩიბიროვი, ედუარდ კოკოითი და ლეონიდ თიბილოვი.
სახელმწიფო დუმის დეპუტატი ჩრდილოეთ ოსეთიდან არტურ ტაიმაზოვი, ამბობს: „ჩვენ ვლოცულობთ, რომ ორი ოსეთი ერთ რესპუბლიკად გაერთიანდეს. დღეს ყველა ოსის მთავარი მიზანი ჩვენი ხალხის ერთად ცხოვრებაა“.
რუსეთთან შეერთების ოპონენტების მთავარი არგუმენტი კი არის, ისტორიაში პირველად, დამოუკიდებელი ოსური სახელმწიფოს შექმნის ისტორიული შანსზე უარის თქმის დაუშვებლობა.
“არ უნდა ვიჩქაროთ”
ალან გაგლოევმა, რომელმაც 2022 წლის ივნისში საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, განაცხადა, რომ რეფერენდუმს აჩერებს და მას მაშინ ჩაატარებს, “როცა ამის დრო დადგება”.
„არ უნდა ვიჩქაროთ და ეს საკითხი მოსკოვთან უნდა განვიხილოთ”.
იგივე თქვა რუსეთის ელჩმა ცხინვალში მარატ კულახმეტოვმა:
„სამხრეთ ოსეთში პლებისციტის ჩატარების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რუსული მხარის აზრის გათვალისწინების გარეშე მიიღეს, ჩვენი შეთანხმებების საწინააღმდეგოდ”.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „რუსეთი რეფერენდუმთან დაკავშირებით არანაირ ზომებს არ იღებს”.
გადაწყვეტილებას ათი ათასზე ნაკლები ადამიანი მიიღებდა
ცხინვალის ინფორმაციით, რეფერენდუმში მონაწილეობა დაახლოებით 40 ათას ადამიანს უნდა მიეღო. რეფერენდუმი ჩატარებულად ითვლება, თუ აქტივობა 50 პროცენტს გადააჭარბებს. შეერთების გადაწყვეტილება კი მიიღება მაშინ, თუ ამ პოზიციას ამომრჩეველთა 50 პროცენტზე მეტი დაუჭერს მხარს.
გამოდის, რომ სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა მხოლოდ 9800 მოსახლეს შეუძლია.
რეფერენდუმის ჩატარებას 30 წელია ცდილობენ
პირველი მცდელობა, 1992 წელი
საქართველოსგან დამოუკიდებლობისა და რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთში პირველად 1992 წლის 19 იანვარს ჩატარდა. რეფერენდუმში ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 73-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. დამოუკიდებლობას ხმა 99,75 პროცენტმა მისცა.
1992 წლის 29 მაისს არაღიარებული რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი“ მიიღო.
მეორე მცდელობა, 2006 წელი
2006 წლის 12 ნოემბერს, არაღიარებულ სამხრეთ ოსეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ახალი პლებისციტი გაიმართა.
ამომრჩეველთა 99,88 პროცენტმა დადებითად უპასუხა კითხვას: „ეთანხმებით თუ არა, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ შეინარჩუნოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ამჟამინდელი სტატუსი და აღიარებული იყოს საერთაშორისო საზოგადოების მიერ?” აქტივობამ 95,1 პროცენტი შეადგინა.
მესამე მცდელობა, 2008 წელი
2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ აპირებდა ცხინვალის რუსეთთან შეერთებას. თუმცა მოსკოვმა ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.
მეოთხე მცდელობა, 2014 წელი
გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების თემა დღის წესრიგში 2014 წელს დაბრუნდა. ანატოლი ბიბილოვმა, მაშინდელი პარლამენტის სპიკერმა და პარტია „ერთიანი ოსეთის“ ლიდერმა, უკრაინის ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის ფონზე „შესაძლებლობის ფანჯრის” შესახებ განაცხადა.
ამ რეფერენდუმის საფუძველზე ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში შევიდა. ეს ქმედება მსოფლიოში არავის უღიარებია, ყირიმი ანექსირებულად ითვლება, მათ შორის ასეთი პოზიცია დაფიქსირებულია გაეროს მიერ.
სამხრეთ ოსეთში საჯარო დებატების შემდეგ გამოცხადდა, რომ რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმს 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკოსი ჩაატარებდა. ეს ანატოლი ბიბილოვი გახდა.
მეხუთე მცდელობა, 2022 წელი
პრეზიდენტობის ვადის ბოლომდე ბიბილოვს რეფერენდუმის საკითხი არ დაუყენებია. ხოლო 2022 წლის 30 მარტს, არჩევნების წინ (რომელიც მან საბოლოოდ წააგო), საზოგადოებისთვის მოულოდნელად, რუსეთთან შეერთების კანონიერი პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა.
„გეოპოლიტიკური ვითარება ახლა შესაძლებელს ხდის ოსი ხალხის საუკუნოვანი ოცნების რეალიზებას – გაერთიანება ისტორიული სამშობლოს – რუსეთის ნაწილად“, – განაცხადა მან.
ოპოზიციამ ბიბილოვი რეფერენდუმის თემის რეიტინგის ასამაღლებლად გამოყენებაში დაადანაშაულა. სამოქალაქო პლატფორმაში გაერთიანებულმა აქტივისტთა ჯგუფმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ გაგლოევის კანდიდატურას არჩევნებში, განაცხადეს, რომ რეფერენდუმის ჩატარებისთვის დაახლოებით ათი ათასი ხელმოწერა “ადმინისტრაციული ზეწოლის შედეგად მოიპოვეს”.
რეფერენდუმი დაჯდებოდა დაახლოებით 40 მილიონი რუბლი [დაახლოებით 640 ათასი დოლარი ამ სტატიის გამოქვეყნების დროს არსებული გაცვლითი კურსით]. ცხინვალის ბიუჯეტი თითქმის მთლიანად რუსეთის ინვესტიციებითა და ფინანსური მხარდაჭერით ყალიბდება.
- შვიდმა ქვეყანამ რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა
- რუსი ტურისტები სამხრეთ ოსეთში – რა მოსწონთ და რა აინტერესებთ. ვიდეო ცხინვალიდან
- რატომ არ არის ცხინვალში ფსიქიატრიული საავადმყოფო
მოსკოვი მხარს უჭერს საქართველოს უკრაინის საკითხში თავშეკავების სანაცვლოდ?
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რეფერენდუმის ინიციატივას „პროვოკაცია“ უწოდა და განაცხადა:
„[რუსული] ოკუპაციის პირობებში არცერთ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა. მეტიც, ასიათასობით ჩვენი მოქალაქე გააძევეს სახლებიდან და ეთნიკური წმენდის შედეგად დაბრუნების საშუალება არ აქვთ“.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩვენ არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს არის ჩვენი სამართლებრივი ვალდებულება საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, რომელსაც ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვიცავთ“.
„საქართველო ძალიან რბილი და ლოიალურია რუსეთის მიმართ და სანქციების პირობებში, თუ რუსეთი რეფერენდუმს დასთანხმდებოდა, სამხრეთ ოსეთის ოფიციალური გაწევრიანება საქართველოსთან დაშორების მაჩვენებელი იქნებოდა. ახლა არ არის საუკეთესო დრო ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად“, – ამბობს ვალერი ძუცატი, ჩრდილოეთ კავკასიის ანალიტიკოსი რუსულ გამოცემა «Кавказский узел»-თან
„პესკოვის განცხადება რეფერენდუმის შესახებ საქართველოსკენ არის მიმართული და არა სამხრეთ ოსეთისკენ. მათ შეეძლოთ მათთვის ყველაფერი პირადად აეხსნათ“.
კრასნოდარის სახელმწიფო დუმის გავლენიანმა დეპუტატმა კონსტანტინე ზატულინმა საკმაოდ მკვეთრად განაცხადა:
„ეს რეფერენდუმი ახლა რუსეთისთვის უადგილოა… ქართველებს ულვაშები არ უნდა დავაწიწკნოთ“.
მაგრამ პარალელური სიგნალი იყო ივნისში რუსეთში რატიფიცირებული შეთანხმება სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივების შესახებ.
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი როლანდ ქელეხსაევი, საზოგადოებრივი მოძრაობა “კავშირი ალანია – რუსეთის” თანათავმჯდომარე, არა გაერთიანების, არამედ რუსეთთან საკავშირო სახელმწიფოს შექმნის მომხრეა:
„მათ, ვინც გაერთიანების მომხრეა, მორიგი ქართული აგრესიის ეშინიათ. მათ ასევე სურთ მოიხსნას საპასპორტო და საბაჟო კონტროლი რუსეთთან საზღვარზე, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ ნიჟნი ზარამაგზე”.
რუსეთთან და ბელორუსთან საკავშირო სახელმწიფოს ფორმატი უფრო მისაღები და სტაბილური მეჩვენება“.
გაზეთ «Свободный взгляд»-ის მთავარი რედაქტორი ბადრი გაზატი მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების მოწინააღმდეგეები უმცირესობაში არიან და გულისხმობს ცხინვალის ქართველ მოსახლეობას:
„მოსკოვთან ნებისმიერი კავშირის წინააღმდეგი შესაძლოა იყოს ცხინვალის ეთნიკურ ქართველთა ნაწილი”.
„ვაღიარებ, რომ რესპუბლიკაში არის პროქართული, პროდასავლური განწყობები, თუმცა ამაზე საჯაროდ საუბარი არაპოპულარულია.
ბიბილოვი დასაბრუნებლად ემზადება?
საზოგადო მოღვაწე ალიხან ხუგაევი აცხადებს, რომ „ანატოლი ბიბილოვი გულწრფელი არ იყო, როდესაც რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განაცხადა“:
„რა სტატუსით ხედავს ის რესპუბლიკას რუსეთის ნაწილად? და რა უშლიდა ხელს ჩაეტარებინა რეფერენდუმი სპიკერობისა და პრეზიდენტობის ცხრა წლის განმავლობაში? რატომ გაახსენდა მას რეფერენდუმი მაშინ, როცა მისი აბსოლუტური ძალაუფლება ჩამოიშალა?
რეფერენდუმი ძალაუფლებისთვის ჩვეულებრივ ჩხუბად გადაიქცევა. აშკარად ჩანს ანატოლი ბიბილოვის შურისძიების გულწრფელი გეგმები”.
ბიბილოვის ხელისუფლებაში დაბრუნების განზრახვაზე სხვა ექსპერტებიც საუბრობენ.
ანალიტიკური ტელეგრამ-არხი brief თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს:
„სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეჯამებისას უკვე ექსპრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს ვლადისლავ სურკოვი ესაუბრა [იგი ითვლება კრემლის მთავარ კურატორად ცხინვალსა და აფხაზეთში – JAMnews]. მან დაჟინებით გაუწია რეკომენდაცია შეეწყვიტა პროვოკაციები, უთანხმოება საზოგადოებაში და არ ჩაენაცვლებინა რუსეთის ხელმძღვანელობა თავისი პოლიტიკური თამაშებით.
საუბრის შემდეგ ვლადისლავ იურიევიჩმა განაცხადა, რომ ბიბილოვთან დიალოგის გამართვას აზრი აღარ აქვს. ის უკონტროლოა და ყველაფერს გააკეთებს, რომ სტატუსი შეინარჩუნოს. მათ შორის, ცხინვალის ახალ პრეზიდენტად პარლამენტის ხელმძღვანელისა და ოპოზიციის ლიდერის არჩევით“.
ჯგუფი ВЧК-ОГПУ , რომელიც ცნობილია თავისი გამოძიებებით, ტელეგრამის არხზე წერს:
„ანატოლი ბიბილოვმა შეწყვიტა სამხრეთ ოსეთის კვაზი-სახელმწიფოს პრეზიდენტობა, მისმა ხალხმა კი, კგბ-ს ყოფილი ოფიცრის, გადამდგარი ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ალან გაგლოევის გამარჯვების შემდეგ, რესპუბლიკაში საკვანძო პოსტები და ფინანსური და ბიზნეს სქემების საკონტროლო ზონები დაკარგა.
მაგრამ ომი ძალაუფლებისა და ეკონომიკური რესურსებისთვის [გრძელდება]. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შეუტიეს რუსეთის მაღალჩინოსნებს, რომლებიც რეფერენდუმის ჩატარების შეუფერებლობის შესახებ განცხადებების გამო ეჭვმიტანილი იყვნენ ქართველებთან თითქმის შეთანხმებაში. რუსეთის ელჩი სამხრეთ ოსეთში მარატ კულახმეტოვი ექსტრემალური გახდა.
ექს-პრეზიდენტი პარლამენტში კენჭისყრას აპირებს. სავსებით შესაძლებელია, რომ იქ ვადაზე ადრე მოხვდეს, ერთ-ერთ დეპუტატს შეცვლის. პარლამენტში არსებობს მის მიერ კონტროლირებადი პარტია “ერთიანი ოსეთი” (“ერთიანი რუსეთის” სამხრეთ ოსური კლონი).
და ორი წლის შემდეგ, ბიბილოვი კვლავ ჩაიგდებს ძალაუფლებას საპარლამენტო არჩევნებში, იმ დროისთვის ახალი ოპოზიციის შექმნის იმედით. ან იყიდის ყველას, ვისი ამბიციები ან მოლოდინები ალან გაგლოევის, ახალი ხელმძღვანელისგან არ დაკმაყოფილდება. ბიბილოვმა იცის როგორ იყოს გულუხვი და მისი “მუთაქაც” სავსეა ფულით. (მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ხარჯებმა 350 მილიონი რუბლი შეადგინა. დაახლოებით 5 მილიონ 700 ათასი დოლარი).
და სიგარეტის ბიზნესი – ეს საერთოდ, კლონდაიკია. რუსმა მებაჟეებმა “ნიჟნი ზარამაგის” საკონტოროლი-გამშვებ პუნქტზე შემოიღეს უპრეცედენტო კონტროლის ზომები მას შემდეგ, რაც ბიბილოვის კლანმა ასობით მილიონი რუბლის ღირებულების ყალბი სიგარეტის გადაზიდვა დაიწყო.
სტატია მომზადებულია ცხინვალის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო