ყოფილი რუსი მზვერავი ინგლისში მოწამლეს
ინგლისის ქალაქ სოლსბერიში, სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი და ქალი იპოვეს. მამაკაცი რუსული დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი აღმოჩნდა.
თვითმხილველთა აზრით, სკრიპალი ძალიან უცნაურად იქცეოდა, თითქოს ან ძალიან ნასვამი იყო, ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მის გვერდით მჯდომი გოგონა ხელებით ასევე უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა და არაადეკვატურად იქცეოდა.
ისინი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც უკვე მეორე დღეა, მძიმე მდგომარეობაში არიან, – იუწყება BBC.
ბრიტანული მედია ვარაუდობს, რომ სკიპალის თანმხლები გოგონა მისი ქალიშვილია, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება.
შენობა, სადაც ისინი აღმოაჩინეს, დაკეტეს და ახლა იქ მომწამვლელი ნივთიერებების სპეციალისტები მუშაობენ.
1990-იან წლებში სერგეი სკრიპალი გენერალური შტაბის მთავარ სამმართველოში მსახურობდა, სტრუქტურაში, რომელიც უფრო საბჭოთა სახელწოდებით არის ცნობილი – მთავარი სადაზვერვო სამმართველო (ГРУ) – ეს რუსული დაზვერვის ცენტრალური ორგანოა.
როგორც რუსული სპეცსამსახურები ირწმუნებიან, 1995 წელს ევროპაში ერთ-ერთი მივლინების დროს სკრიპალი ბრიტანეთის დაზვერვამ გადაიბირა. 1999 წელს მან პოლკოვნიკის წოდებით სამსახური დატოვა, რამდენიმე წელიწადს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმუშავა, რის შემდეგაც 2004 წელს უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) დააპატიმრა.
2006 წელს სკრიპალი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულეს და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ 2010 წელს ის რამდენიმე რუსთან ერთად, რომლებიც ასევე სახელმწიფოს ღალატისთვის იყვნენ მსჯავრდებულები, აშშ-ში აღმოჩენილ რუს მზვერავებში გაცვალეს.
სკრიპალი ინგლისში, ქალაქ სოლსბერიში დასახლდა. ერთ წელიწადში მისი ცოლი გარდაიცვალა. რამდენიმე წლის მერე კი რუსეთში დასასვენებლად გამგზავრებული მისი ვაჟიც დაიღუპა.
BBC-ს წყაროები იუწყებიან, რომ სკრიპალი პერიოდულად ჩნდებოდა МИ6-ის ოფისში (დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სადაზვერვო სამსახური), სადაც ГРУ-ს შესახებ ლექციებს კითხულობდა.
ბრიტანეთის პოლიციას ჯერჯერობით მომხდარის არანაირი ვერსია არ გაუვრცელებია, თუმცა ყველაზე სარწმუნოა მოწამვლის ვერსია.
2006 წელს ინგლისში ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, ალექსანდრ ლიტვინენკო მოწამლეს. 2000 წელს ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელობისა და პირადად ვლადიმირ პუტინის (რომელიც 1998-დან 1999 წლამდე ამ ორგანიზაციის დირექტორი იყო) შესახებ გაკეთებული ხმაურიანი განცხადებების შემდეგ, ლიტვინენკო იძულებული გახდა, ოჯახიანად გაქცეულიყო რუსეთიდან. მათ დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიღება შეძლეს.
ლიტვინენკო ბრიტანეთის სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობდა. 2006 წელს ის რადიოაქტიური ნივთიერებით მოწამვლის შდეგად გარდაიცვალა. გამოძიების შემდეგ, რომელიც ათ წელიწადს გრძელდებოდა, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლიტვინენკოს მკვლელობის უკან დიდი ალბათობით იდგა რუსეთის ფედერალური სამსახური, რომელიც ვლადიმირ პუტინის ხელდასმით მოქმედებდა.