საქართველოს პრეზიდენტი: ევროპის გზაზე რეალური შანსის გაშვებას თაობები არ გვაპატიებენ
საქართველოს პრეზიდენტი 26 მაისს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ევროპის გზაზე რეალური შანსის გაშვებას საზოგადოება, თაობები არ გვაპატიებენ. პრეზიდენტის თქმითვე, სამართლიანი სასამართლოს მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ, რაც სირცხვილია.
სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა და ჩამოაყალიბა ის საერთო ფასეულობები, რომელიც მოიცავდა ყველაფერს, “რაც დღეს ჩვენი ევროპული მომავლის გასაღებს წარმოადგენს” ანუ 4 მთავარი ფასეულობა და პრინციპი:
“1) სამართლიანი სასამართლო, რომელიც საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს: ეს იქნება ანტიკური ხანის ჩვეულებითი სამართალი, მე-13 საუკუნის “წიგნი სამართლისა კაცთა შეცდომისა ყოველივე”, მე-14 საუკუნის მეფე გიორგი ბრწყინვალის სისხლის სამართალს თუ ვახტანგ VI-ის სამართლის ძეგლების უნიკალური კრებული. ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ.
2) ქართული კულტურის ქვაკუთხედად მიიჩნეოდა, ის რაც ევროპისთვისაც განმსაზღვრელ ფასეულობას წარმოადგენდა – შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება. დღესაც, ამ ტრადიციის გაგრძელება გვევალება ჩვენც და ევროპასაც.
3) ევროპასა და საქართველოს ქრისტიანობა ერთნაირად გვკარნახობდა, ადამიანის სამყაროს ცენტრად აღიარებას და მაშასადამე, მისი ყველა უფლების პატივისცემას და დაცვას. და ადამიანს რომ ვამბობ, ქალს ვამბობ. ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე, ესეც დღის წესრიგში დგას.
4) დაბოლოს, ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად. თამარ მეფის XII საუკუნეს უკავშირდება პირველი მონახაზი აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების დაყოფა და დაბალანსება, “კარავი”-ს და “დარბაზი”-ს სახით, რაც ქართული პარლამენტარიზმის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევა.“
პრეზიდენტის თქმით, 26 მაისი მხოლოდ წარსულის გაცოცხლების დღე არაა და არც ჩვეულებრივი დღესასწაული, არამედ დაფიქრების და გააზრების დღე:
“დღე, როცა ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენს თავს ვკითხოთ, ნუთუ ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც ესაჭიროება ამ ქვეყანას, მის მომავალს, მისი მოსახლეობის კეთილდღეობას, მის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ეს კითხვა ყველამ თავის თავს უნდა დაუსვას, ყველა მოქალაქემ, ამ ქვეყნის ყველა შვილმა.”
1918 წელს ჯერ ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა გამოცხადდა, რომელიც ძალიან მალე დაიყო სამ სახელმწიფოდ. თავდაპირველად, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა გამოცხადდა. 1918 წლის 28 მაისს კი, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა.
“ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა”, – წერია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში, რომელიც ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს, ხუთ საათსა და ათ წუთზე მიიღო.
ასე შეიქმნა თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებული პირველი ქართული რესპუბლიკა, რომელმაც მხოლოდ სამი წელი იარსება. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და საქართველო საბჭოთა იმპერიის ნაწილი გახდა.
ეს მოკლე, დიდი მიღწევებითა და შეცდომებით სავსე სამი წელი ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელია საქართველოს ისტორიაში. თუმცა, ეს პერიოდი ამ დრომდე არ არის კარგად შესწავლილი, ამიტომ ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს.