IRI-ის ახალი კვლევა: 83% საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს
IRI-ის ახალი კვლევა
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა – საქართველო (IRI Georgia) გამოაქვეყნა ახალი სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა უმნიშვნელოვანეს პრობლემად კვლავ უმუშევრობას და მაღალ ფასებს ასახელებს. ამავე კვლევით ვიგებთ, რომ მოსახლეობაში ყველაზე მაღალი ნდობით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სარგებლობს. ასევე, მოსახლეობის 83% საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს.
კვლევა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში ჩატარდა. შერჩევა მოიცავდა ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64%.
მთავარი, რაც გავიგეთ IRI-ის კვლევიდან:
ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა
კვლევის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უმნიშვნელოვანეს პრობლემად უმუშევრობას (40%) და მაღალ ფასებს (18%) ასახელებს.
გამოკითხულთა 8-8%-მა უმნიშვნელოვანეს პრობლემად ომი და სიღარიბე დაასახელა, 9%-მა კი – სხვა.
პერსონალური მოწონების რეიტინგი
საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად მოსწონს:
● პატრიარქი ილია მეორე – 91%
● თბილისის მერი კახა კალაძე – 53%
● პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი – 52%
● პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 47%
● სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია – 46%
● ანა დოლიძე – პარტია – “ხალხისთვის” – 44%
● ექსპრემიერი გიორგი გახარია – 40%
● ელენე ხოშტარია – პარტია “დროა” – 39%
● დავით უსუფაშვილი – პარტია “ლელო” – 39%
● “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე – 39%
● ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია – 37%
● კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი – 37%
● საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი – 31%
● “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი – 31%
● პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი – 27%
● პარტია “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე – 27%
ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს
კვლევის თანახმად, მომდევნო კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 31% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა.
მმართველ პარტიას მოჰყვება:
- ენმ – 16%
- გიორგი გახარია – საქართველოსთვის – 4%
- დროა – 2%
- სტრატეგია აღმაშენებელი – 2%
- ლეიბორისტული პარტია – 2%
- ხალხისთვის – 2%
- ლელო – 2%
- პატრიოტთა ალიანსი – 1%
- კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო – 1%
- გირჩი – მეტი თავისუფლება – 1%
- მოქალაქეები – 1%
- სხვა პარტიები – 2%
- ხმას არ მივცემდი – 4%
- ბიულეტენს გადავხაზავდი – 11%
- არ ვიცი – 12%
- უარი პასუხზე – 7%
ვადამდელი არჩევნები
კვლევის თანახმად, მოსახლეობის 30% სრულად, ხოლო 19% ნაწილობრივ უჭერს მხარს ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.
11% ვადამდელი არჩევნების ნაწილობრივ წინააღმდეგია, 25% კი სრულად წინააღმდეგი.
ევროკავშირი, NATO და აშშ
IRI-ის კვლევით ვიგებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას საქართველოს მოსახლეობის 74% სრულად, ხოლო 14% ნაწილობრივ უჭერს მხარს.
ამავე კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 60% სრულად, ხოლო 15% ნაწილობრივ ემხრობა NATO-ში გაწევრიანებას. 4% ნაწილობრივ, ხოლო 6% სრულად ეწინააღმდეგება ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას.
ასევე:
● მოსახლეობის 43%-ის აზრით, ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე დიდი სარგებელი ეკონომიკის გაძლიერებაა;
● მოსახლეობის 31% მიიჩნევს, რომ NATO-ში გაწევრიანების ყველაზე დიდი სარგებელი უსაფრთხოებაა.
კვლევის თანახმად, საზოგადოების 28% ფიქრობს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე დიდი დაბრკოლება პოლიტიკური არასტაბილურობაა. NATO-ს შემთხვევაში 32% თვლის, რომ დაბრკოლება რუსეთია.
რუსეთი
ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხის მომტან ქვეყნად მოსახლეობის 90% რუსეთს ასახელებს. 8% – თურქეთს, 5% – აშშ-ს, 3% კი – სომხეთს.
მოსახლეობის უმეტესობა ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს (54%), აშშ-ს (53%) და უკრაინას (45%) მიიჩნევს.
კითხვაზე – “რომელი ქვეყანაა საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი” – პასუხები ასე გადანაწილდა:
● ევროკავშირი – 45%
● აშშ – 42%
● თურქეთი და უკრაინა – 32-32%
● აზერბაიჯანი – 24%
● ჩინეთი – 14%
● რუსეთი – 11%
ამასთან, მოსახლეობის 25% ამბობს, რომ მკაცრად ეწინააღმდეგება რუსეთთან დიალოგის გაღრმავებას, ხოლო 11% – გარკვეულწილად ეწინააღმდეგება. მოსახლეობის 28% გარკვეულწილად მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგის გაღრმავებას.
კიდევ ერთი საინტერესო მიგნება: მოსახლეობის 47% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთთან ურთიერთობას ძალიან კარგად ან კარგად უძღვება.
ასევე, 53% თვლის მთავრობის რეაქციას რუსეთის უკრაინაში აგრესიაზე სრულიად საკმარისად, ანდა ძირითადად საკმარისად.
სოციალური ქსელები
საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 97% ყველაზე ხშირად სოციალურ ქსელ Facebook-ს იყენებს.
შემდეგ მოდის:
- Instagram – 25%
- TikTok –13%
- Twitter – 3%
- Linkedin – 2%
- Telegram – <1%
- არც ერთს – 2%
- უარი პასუხზე – <1%
კვლევით ასევე ვიგებთ, რომ მოსახლეობის 53% მსოფლიოში მიმდინარე სიტუაციის შესახებ ინფორმაციისთვის სწორედ Facebook-ს იყენებს.
მედია
გამოკითხულთა 82%-ისთვის ინფორმაციის ძირითადი წყარო ქართული სატელევიზიო არხებია.
● 8% – ქართული საინფორმაციო საიტებიდან.
● 3% – ქართული ბეჭდური მედიიდან.
● 3% – რუსული ტელეარხებიდან.
● 3% – დასავლური საინფორმაციო ინტერნეტგვერდებიდან.
● 2% – დასავლური ტელემედიიდან.
● 4% – მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას არ ეცნობა.
რაც შეეხება ქართულ არხებს: აქ პირველ ადგილს ტელეკომპანია “იმედი” იკავებს, მეორე ადგილზეა “მთავარი არხი”, რომელსაც მოსდევს “ტვ პირველი” და “რუსთავი2”.
თანამდებობის პირის სქესი
კითხვაზე – “თუ თანამდებობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის და მათ აქვთ იდენტური კვალიფიკაცია, გარდა იმისა, რომ ერთი კაცია, ხოლო მეორე ქალი, რომელ კანდიდატს დაუჭერდით უფრო მეტად მხარს?” – 16%-მა უპასუხა, რომ კაცს, ასევე 16% კი მხარს ქალ კანდიდატს დაუჭერდა.
ხოლო გამოკითხულთა 66% ამბობს, თანამდებობაზე არჩევისას ადამიანის სქესს მნიშვნელობა არ აქვს.