საქართველოს პრემიერი: ხელისუფლებაში სააკაშვილი რომ ყოფილიყო, აქ მეორე მარიუპოლს მოაწყობდნენ
ხელისუფლებაში სააკაშვილი რომ ყოფილიყო, აქ მეორე მარიუპოლს მოაწყობდნენ
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილი რომ ყოფილიყო, აქ მეორე მარიუპოლს მოაწყობდნენ. ღარიბაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას უთხრა, რომ აქ ომი არ იქნება და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო უკრაინელების მხრიდან ბრალდებები.
“თქვენთვის საინტერესო სკანდალურ განცხადებას გავაკეთებ და მომისმინეთ ყურადღებით: მინდა ჩვენს ხალხს სრული პასუხისმგებლობით ვუთხრა და განვუმარტო, მთელი ეს აჟიოტაჟი, ვითომ სკანდალები და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ იყო მიმართული მხოლოდ ერთი მიზნისკენ, რომ რაიმენაირად საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. მას შემდეგ, რაც მე და ჩვენმა გუნდმა მკაფიოდ განვაცხადეთ და ვუთხარით, რომ ჩვენს მათ შორის უკრაინელ მეგობრებს, რომ არანაირი არავითარი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება საქართველოში, მას შემდეგ დაიწყო მთელი ეს უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი”, – ამბობს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სააკაშვილმა ყველაზე დიდი, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა,” როცა თავიდან არ აარიდა” ქართველ ხალხს და ქვეყანას ომი და “შედეგად, ქვეყანა დაინგრა.”
“რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში? სააკაშვილი ჩამოვიდა ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რევოლუცია, მასობრივი მკვლელობები, მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერების და მომხდარიყო გადატრიალება. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ნიშნავდა ოკუპირებულ ქვეყანაში ახალი ომის დაწყებას. თქვენ გესმით საერთოდ, რამხელა ბინძურ პროვოკაციას ავარიდეთ ქვეყანა?” – აცხადებს საქართველოს პრემიერი.
ღარიბაშვილმა კომენტარი არ გააკეთა 26 აპრილს გავრცელებულ ჩანაწერებზე და აღნიშნა: “მსგავსი შინაარსის ჩანაწერებზე მე არ გავაკეთებ კომენტარს, არ მაინტერესებს საერთოდ.”
ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა რუსული პროპაგანდისტული მედია Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი. იგი კიდევ ერთხელ გამოდის ინიციატივით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღადგინოს.
“საქართველომ უარი უთხრა უკრაინას აფხაზეთში მეორე ფრონტის გახსნით დახმარებაზე. მოდით, უკვე გავხსნათ საჰაერო მიმოსვლა მათთვის.“ – წერს სიმონიანი.
საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ ომის დაწყებიდან მეორე დღეს დაიძაბა, როდესაც საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება. ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინამ ომი ვერ აიცილა და ამის გამო ყველაზე მეტად უკრაინელი ხალხი, სახელმწიფო დაზარალდება.
იმავე დღეს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება უკრაინის საკითხზე პოზიციის გამო. საქართველოს რეაქციას დასავლეთის ანტირუსულ სანქციებზე კარასინმა “გაწონასწორებული” უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში „ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩება“.
ამის შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი ჯერ დროებით, შემდეგ კი საბოლოოდ გაიწვია.
ბოლო სკანდალი საქართველოსა და უკრაინას შორის უკრაინული დაზვერვის განცხადებას უკავშირდება, რომლის მიხედვით, რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს. მათი განმარტებით, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და მოუწოდა უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით.
ამის შემდეგ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკრაინის ხელისუფლებას სამი პირობა წაუყენა, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, შესაძლოა საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ჩასულიყო. პირობებს შორის იყო ბოდიში კონტრაბანდაზე, ელჩის გაწვევა და ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების თანამდებობებიდან გათავისუფლება.
საბოლოოდ სიტუაცია უკრაინის რადას სპიკერის და შალვა პაპუაშვილის ონლაინშეხვედრამ განმუხტა, სადაც გადაწყდა, რომ საქართველოდან უკრაინაში საპარლამენტო დელეგაცია გაემგზავრებოდა.