მოსაზრება: აფხაზეთში ელექტროენერგიის ფასი გაორმაგდება
აფხაზეთში ელექტროენერგია გაძვირდება
აფხაზეთში მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი თითქმის გაორმაგდება. მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი ნაბიჯი „აფხაზეთის ენერგომომარაგების ოპტიმიზაციისთვის“.
JAMnews-ის რედაქტორი აფხაზეთში ინალ ხაშიგი ამ გადაწყვეტილების მიზეზებსა და შესაძლო შედეგებზე საუბრობს.
ახალი ტარიფების მიხედვით, რომელიც პირველი ივლისიდან ამოქმედდება, ფიზიკური პირები ერთ კილოვატსაათში, 40-ის ნაცვლად 70 კაპიკს [დაახლოებით 0,8 ცენტს] გადაიხდიან. იურიდიული პირებისთვის კი ტარიფი 80 კაპიკიდან 1,40 რუბლამდე გაიზრდება [დაახლოებით 1,7 ცენტი].
ელექტროენერგიის ტარიფების მოსალოდნელი ზრდა გასაკვირი არ არის. მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ აფხაზეთს მძიმე ენერგეტიკული კრიზისი შეექმნა, რის გამოც, დღემდე მოქმედებს ელექტროენერგიის გათიშვის მოძრავი რეჟიმი, მთავრობა რეგულარულად ითხოვს ტარიფების გაზრდას.
თუმცა, ახლა, როდესაც ეს იდეა განხორციელების ეტაპზეა, აფხაზურმა საზოგადოებამ ის უკიდურესად უარყოფითად აღიქვა.
სოციალური ქსელები სავსეა აღშფოთებული კომენტარებით. სამხედრო მოქმედებებმა უკრაინაში უკვე ისედაც იმოქმედა ყველაფრის ფასზე – ბენზინიდან დაწყებული საკვები პროდუქტით დამთავრებული. ახლა კი ამას ელექტროენერგიის გაორმაგებული ტარიფიც ემატება. მიუხედავად იმისა, რომ ხელფასები და პენსიები იგივე რჩება.
“სამაშველო ტარიფი”
ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი, მოსალოდნელ მატებას აფხაზური ენერგიის „გადამრჩენელ ტარიფს“ უწოდებს. თითქოს ის ამით თავს იმართლებს. ამასთანავე ღიად აცხადებს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის ზედა ზღვარი – ფასები კიდევ რამდენჯერმე გაიზრდება, რომ 2025 წლისათვის სამართლიან ნიშნულს მიაღწიოს.
ახალი ტარიფის პარამეტრები ჯერ დამტკიცებულ არ არის. თუმცა, სავარაუდოდ, ეს იქნება დაახლოებით ორი ან სამი რუბლი [დაახლოებით 25-30 ცენტი] კილოვატ საათში.
ცხადია, რომ მოხმარებულ ენერგიაზე ასეთი დაბალი ტარიფები სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. თუმცა, როგორც ამბობენ, ოფიციალური პირების მინიშნებები მეზობლების მხრიდან, რომ რუსეთსა და საქართველოში მომხმარებელი ბევრად მეტს იხდის, მთლად სამართლიანი არ არის.
რადგან აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა – აფხაზი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის თვითღირებულების ფორმირებაში არ შედის ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტი, რომელიც მნიშვნელოვნად იმოქმედებდა ფასზე – გენერაციის ხარჯები.
ანუ, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის იმ 40 პროცენტისთვის, რომელიც ეკუთვნის აფხაზეთს, სოხუმი გროშსაც არ იხდის. (დარჩენილ 60 პროცენტს, 1992-93 წლების ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ დაუყოვნებლივ დადებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველო იღებს)
შედეგად, ხარჯების გაანგარიშება მოიცავს ენგურჰესიდან გამომუშავებული ენერგიის მიწოდებას, ქსელებისა და ენერგეტიკული ობიექტების შენარჩუნების ხარჯებს.
ცუდი მფლობელი
თუმცა, აფხაზეთის ენერგოსექტორის პრობლემა დაბალ ტარიფებში კი არა, კატასტროფულად ცუდ მართვაშია. უფრო სწორად, ენერგეტიკის სექტორის მთავარი მონოპოლისტი, სახელმწიფო – სახელმწიფო კომპანია „ჩერნომორენერგო“ ცუდი მფლობელი აღმოჩნდა.
250 ათას მცხოვრებიანი აფხაზეთის ელექტროენერგიის წლიური მოხმარება, (სადაც არ არის დიდი ენერგო ინტენსიური მრეწველობა) დაახლოებით 2500 მილიონი კილოვატ/საათია. დაახლოებით ამდენივეს მოიხმარს მილიონნახევრიანი თბილისი.
ანუ, ახლა აფხაზეთს არ ჰყოფნის იქ კვოტა, რომელსაც ენგურჰესიდან იღებს. დეფიციტს რუსეთიდან მიღებული ნაკადი ავსებს. ამ დეფიციტის მიზეზები საიდუმლოა.
რიცხვებიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ კონტროლი, რაზე და როგორ მოიხმარენ აფხაზეთში ელექტროენერგიას, უკიდურესად დაბალ დონეზეა.
იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში (აქედან ნახევარი პერიოდი ის რეჟიმია, როდესაც კრიპტოვალუტის მაინინგი ოფიციალურად აიკრძალა) მოხმარება თითქმის 600 მილიონი კილოვატ/საათით გაიზარდა, დანახარჯების აღრიცხვა, როგორც ასეთი, საერთოდ არ არსებობს.
“ადრე ვიხდიდი, მაგრამ ახლა არ გადავიხდი”
ამ ფონზე ძალიან უცნაურად გამოიყურება მთავრობის ქმედებები, რომელსაც გასულ წელს 100 მლნ რუბლი გამოუყო ბიუჯეტმა გამრიცხველიანებისთვის. თუმცა, ეს თანხა სხვა მიზნებს მოხმარდა.
იგივე სავალალო მაჩვენებლებია ელექტროენერგიის გადასახადის აკრეფის კუთხით. ახლა ეს მონაცემი 35 პროცენტს არ აღემატება. ახალი ტარიფების ამოქმედების შემთხვევაში კი, ელექტროენერგიის მოხმარებაზე ეფექტური კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების გარეშე, სრული კოლაფსი ემუქრება.
მაგალითად, ტელეგრამის არხის “Respublika”-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა თქვა, რომ “ადრე იხდიდა, მაგრამ ახლა არ გადაიხდის”.
დარწმუნებული ვარ, მთავრობას არ აქვს განსაკუთრებული ილუზია, რომ ახალი ტარიფები ენერგეტიკის სექტორს გააჯანსაღებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას რუსული პარამეტრების მიხედვით გავასწორებთ, ადმინისტრირებისა და აღრიცხვის სისტემას კი იგივე დონეზე დავტოვებთ, აფხაზეთის ენერგეტიკულ ინდუსტრიაში მდგომარეობა შეიძლება მხოლოდ გაუარესდეს, მაგრამ არანაირად არ გაუმჯობესდება.
მაშინ რისთვის ეს ყველაფერი?
მაშინ ჩნდება კითხვა: რა ლოგიკით მოქმედებს ხელისუფლება?
ჩემი მოკრძალებული აზრით, ლოგიკა ძალიან მარტივია. რა თქმა უნდა, არც ერთი პასუხისმგებელი თანამდებობის პირი ამის შესახებ ხმამაღლა არ გეტყვით, მაგრამ …
როცა დეფიციტი გაქვს და აკანონებ კრიპტოვალუტის მაინინგს, ბიუჯეტში კი ერთი გროშიც არ შედის, კრიზისში ვარდები. მერე მაინინგს კი კრძალავ, მაგრამ კრიპტოფერმები მუშაობას აგრძელებენ და ენერგეტიკის სექტორი “ფეთქდება”. ამავდროულად, ელექტროენერგიის დეფიციტი გაურკვეველი პირობებით კომპენსირდება რუსეთიდან. ახლა ვზრდით ტარიფებს, მაგრამ ისევ ისე, ყველანაირი იმედის გარეშე, რომ რომ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდება.
ხელსაყრელ მომენტში ხელისუფლება პასუხისმგებლობას თავს აარიდებს და იტყვის, რომ აფხაზეთი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ პრობლემა დამოუკიდებლად მოაგვაროს.
ქცევის ასეთ „მნიშვნელოვან“ სტრატეგიას, ჩემი აზრით, შეუძლია ინდუსტრიის მხოლოდ გაკოტრება გამოიწვიოს, მაგრამ არა მისი აყვავება.
ზოგადად, „ენერგეტიკული სექტორის რეფორმის“ მთელი არსი, გულისხმობს „ჩერნომორენერგოს“ ხელოვნური გაკოტრების გზით, ენერგეტიკის ინდუსტრიის შემდგომ დენაციონალიზაციას და მისი აქტივების უცხოურ კომპანიებზე გადაცემას. ბუნებრივია, ახალი მფლობელები არც აფხაზ პარტნიორებს დატოვებენ უყურადღებოდ.
აფხაზეთში ელექტროენერგია გაძვირდება
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო