რუსეთი ბაქოში ფრენების სიხშირეს ზრდის, აზერბაიჯანს კი თვითმფრინავების დაკავებაში ადანაშაულებს
რუსული თვითმფრინავების დაკავება
უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, რუსეთის ხელისუფლებამ აზერბაიჯანში ავიაკომპანია “აეროფლოტის” რეისები შეაჩერა. დაახლოებით სამი კვირის შემდეგ კი გადაწყვეტილება შეცვალა და აზერბაიჯანის ხელისუფლება რუსული თვითმფრინავების დაკავებაში დაადანაშაულა. აზერბაიჯანში ამ განცხადებას გაკვირვება მოჰყვა.
- საქართველოში საწვავის ფასი ანტირეკორდს ხსნის
- რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის ახალი სასჯელი – 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
- „გაზსადენი სომხეთიდან ხანკენდამდე უკანონოა“ – კომენტარი ბაქოდან
რუსეთის განცხადება და აზერბაიჯანის დაბნეულობა
უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგად, საზღვარგარეთ რუსული ავიახაზების თითქმის 80 თვითმფრინავი დააკავეს. ამის შესახებ, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელის ვიტალი საველიევის სიტყვებზე დაყრდნობით, სააგენტო “ინტერფაქსი” იუწყება.
”ქვეყანაში სულ 1,367 ათასი თვითმფრინავი გვქონდა (სანქციამდე – IF). 78 დავკარგეთ, ისინი ჩვენი ფრენების დროს დააკავეს,” – განაცხადა საველიევმა ფედერაციის საბჭოს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.
მისი განცხადებით, რუსული თვითმფრინავები დააკავეს მათ შორის რუსეთის ფედერაციის “მეგობრულ” ქვეყნებში – თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.
ამ განცხადებას აზერბაიჯანის მთავრობაში გაკვირვება მოჰყვა.
„რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადება აზერბაიჯანში რუსული თვითმფრინავების დაკავების შესახებ, არ ასახავს რეალობას და გასაკვირია“, – განაცხადა აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურმა Trend-ის მოთხოვნის საპასუხოდ.
„აზერბაიჯანში რუსეთის ფედერაციის კუთვნილი თვითმფრინავი არ დაუკავებიათ. მოვუწოდებთ შესაბამის რუსულ ორგანიზაციებს, უარყონ ეს ცრუ ინფორმაცია“, – განაცხადეს დეპარტამენტში.
სტატიის მომზადების პროცესში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ აზერბაიჯანულ მხარეს ამ “გადაცდომისთვის” ბოდიში მოუხადა.
„აზერბაიჯანში რუსული ავიახაზების თვითმფრინავები არ დაუკავებიათ. ეს ინფორმაცია იყო “გადაცდომა”. ბოდიშს ვუხდით ჩვენს კოლეგებს აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან“, – განაცხადეს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში.
ფრენების ფასი გაორმაგდა
აზერბაიჯანში “აეროფლოტის” თვითმფრინავების ფრენის აკრძალვის პერიოდში მოსკოვიდან ბაქოში ჩასვლა მხოლოდ UTair-ის თვითმფრინავით იყო შესაძლებელი. რეისი დღეში ერთხელ სრულდებოდა.
ამასობაში რუსეთის ქალაქების მიმართულებით ფრენა აზერბაიჯანულმა ავიაკომპანიებმაც შეაჩერეს. აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია AZAL-ში ეს გადაწყვეტილება სადაზღვევო რისკებით ახსნეს. რუსეთის საჰაერო სივრცეში ფრენა დასავლური კომპანიების მიერ დაზღვეული არ არის.
“აეროფლოტი” ბაქოს მიმართულებით ფრენებს უახლოეს დღეებში განაახლებს. მიუხედავად იმისა, რომ რეისები ყოველდღიურად განხორციელდება, ბილეთების ფასი ძალიან იზრდება.
უკრაინაში ომის დაწყებამდე ბაქოდან მოსკოვში და უკან ფრენა მგზავრებს 205 აშშ დოლარი უჯდებოდათ.
JAMnews-მა მოსკოვი-ბაქო-მოსკოვის ფრენის ფასი აპრილის შუა რიცხვებისთვის შეამოწმა. ბარგით ბილეთზე დაახლოებით 470 დოლარის გადახდა მოგიწევთ. ეს ნიშნავს, რომ ფასები გაორმაგდა.
ექსპერტის კომენტარი
„რუსეთ-აზერბაიჯანის ავიარეისებზე დიდი მოთხოვნაა. ეს რუსეთში დიდი აზერბაიჯანული დიასპორის არსებობით აიხსნება. ასევე იმით, რომ საკარანტინო ზომების გამო სხვა სატრანსპორტო საშუალება უბრალოდ არ არსებობს. ავტომობილითა და მატარებლებით რუსეთიდან აზერბაიჯანში მოხვედრა შეუძლებელია.
რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების დაწესების პირველ დღეებში, როდესაც “აეროფლოტმა” ბაქოს მიმართულებით ფრენების შეჩერება გამოაცხადა, ბაქოში ერთი ბილეთის ფასი 3500 დოლარს აღწევდა. ეს, ჩემს მეხსიერებაში, რეკორდული თანხაა ერთი ფრენისთვის.
რაც შეხება, რუსული მხარის მტკიცებას ბაქოს აეროპორტში რუსული თვითმფრინავების დაკავების შესახებ, ეს კრიტიკას ვერ უძლებს. რუსული ავიაკომპანიები აზერბაიჯანში დაფრინავენ ექსკლუზიურად საკუთარი თვითმფრინავებით ან იმ თვითმფრინავებით, რომლებიც დასავლურ სალიზინგო კომპანიებს არ ეკუთვნის. ყველას ახსოვს თვითმფრინავის ამბავი, რომელიც ერევანში უნდა დაშვებულიყო, მაგრამ ბოლო მომენტში “მინვოდისკენ” გაფრინდა. არ მგონია, რომ დაკავების რისკის შემთხვევაში, რუსული ავიახაზები ბაქოში თვითმფრინავებს გაგზავნიდნენ.
“აეროფლოტის” ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, დღეს რუსულ პრესაში წავიკითხე განცხადება ძველი “IL-86” და “IL-96” თვითმფრინავებით ფრენების აღდგენის შესახებ. ეს სარისკო წამოწყებაა. IL-86 დიდი ხანია აღარ იწარმოება, ბოლო ათი წელია ამ თვითმფრინავებს არ უფრენია. მე პირადად ასეთ თვითმფრინავში ჩაჯდომას ვერ გავბედავდი.
რაც შეეხება ფრენების ფასს, ეს ეკონომიკის ელემენტარული კანონია – მოთხოვნა ძალიან მაღალია და ეს განსაზღვრავს ბილეთის ღირებულებას. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ რუსული ავიაცია ურთულეს პერიოდს გადის თავის ისტორიაში და ფაქტობრივად, ყველაფერში ფულის შოვნაა საჭირო“, – ასე განმარტავს ბაქოში რუსული ავიახაზების ფრენებთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას აზერბაიჯანელი ექსპერტი ველი მამადლი.