რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები - განიხილება თუ არა უკრაინის ნეიტრალიტეტი?
მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები აგრძელებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე, რამაც რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დაასრულოს. ორივე მხარე ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება.
სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო პირობებზე მხარეები ჯერ საჯაროდ არ საუბრობენ. თუმცა, აშკარაა, რომ ერთ-ერთი პირობა შესაძლოა იყოს უკრაინის უარი ნატოში გაწევრიანებაზე – ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მისმა მრჩევლებმა სამხედრო ბლოკთან მიმართებით პოზიციის შეცვლაზე ღიად განაცხადეს. სანაცვლოდ, კიევი უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს ითხოვს.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა დაადასტურა, რომ „ტექნიკური პაუზის“ შემდეგ, რომელიც მხარეებმა ორშაბათს, 14 მარტს აიღეს, მოლაპარაკებები გაგრძელდება.
15 მარტს, გვიან, მან განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ მოლაპარაკებები ოთხშაბათიდან, 16 მარტიდან გაგრძელდეს.
„ძალიან რთული და გაწელილია მოლაპარაკებების პროცესი. არსებობს ფუნდამენტური წინააღმდეგობები, მაგრამ კომპრომისისთვის ნამდვილად არის ადგილი. შესვენებაზე მუშაობა ქვეჯგუფებში გაგრძელდება“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები ახლა ვიდეოზარის საშუალებით უნდა წარიმართოს. აქამდე, მხარეებმა ბელორუსის ტერიტორიაზე სამი შეხვედრა გამართეს.
თუ ბოლო დრომდე მხარეები შეთანხმებას მხოლოდ ჰუმანიტარულ დერეფნებზე აღწევდნენ უკრაინის ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად, 13 მარტს ორივე მხარე უკვე გარკვეულ პროგრესზე ალაპარაკდა.
მიხაილ პოდოლიაკის თქმით, რუსეთის წარმომადგენლებმა „დაიწყეს სვლა კომპრომისული დიალოგისკენ და არა ულტიმატუმისკენ, როგორც ეს მანამდე იყო“.
„ამ მოლაპარაკებების პროცესში ჩვენ კონკრეტული მიზნები გვაქვს: ომის დასრულება, რუსული ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანა და მსგავსი”, – ციტირებს პოდოლიაკს უკრაინული გამოცემა „ჰრომადსკე“.
იმავე დღეს, რუსეთის დელეგაციის წევრმა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ლეონიდ სლუცკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკების პროცესის დაწყებასთან შედარებით, მოსკოვმა და კიევმა შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს:
„მაქვს მოლოდინი, რომ ეს პროგრესი უახლოეს დღეებში შეიძლება ერთ პოზიციასა და დოკუმენტების ხელმოწერაში გადაიზარდოს”, – ციტირებს დეპუტატს რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“.
მხარეთა პოზიციები
იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც მოლაპარაკებებზე წინა დღეებში პრესაში ჟონავდა, მხარეებს შორის პოზიციების დაახლოების მოლოდინი ნაკლებად სავარაუდო იყო.
10 მარტს უკრაინულმა გაზეთმა “ზერკალო ნედელი“ გამოაქვეყნა ექვსი მოთხოვნა, რომელიც, გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებებზე რუსეთმა წამოაყენა. ამის შესახებ გამოცემას მაღალი რანგის დიპლომატიურმა წყარომ განუცხადა. ეს მოთხოვნებია:
- უკრაინის უარი ნატოსკენ სწრაფვაზე. უკრაინის ნეიტრალური სტატუსი, რომლის ერთ-ერთი გარანტი რუსეთი უნდა იყოს;
- რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადება;
- უკრაინის მიერ ყირიმის აღიარება;
- უკრაინის მიერ, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებში, პრორუსული „სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობის აღიარება;
- „დენაციფიკაცია“ – ულტრანაციონალისტური, ნაცისტური და ნეონაცისტური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვა;
- “უკრაინის დემილიტარიზაცია” – შეტევით იარაღზე უარის თქმა.
კრემლს ეს მოთხოვნები ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
13 მარტს მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მხარეები განიხილავენ:
- ცეცხლის შეწყვეტის პირობებს;
- უკრაინაში ინფრასტრუქტურის განადგურებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას;
- ქვეყნის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის პროცესს;
- სამშვიდობო შეთანხმების პირობებს, რომლის მთავარი პუნქტი უნდა იყოს რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა 13 მარტს განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები “პუტინის დამარცხების გასაფორმებლად” და რუსული ჯარების ომამდელ პოზიციებზე დასაბრუნებლად – ეს არის მინიმუმი უკრაინული დელეგაციისთვის.
ნატოზე უარის თქმა მოლაპარაკების საგანია?
15 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს მისამართით მორიგი სკეპტიკური განცხადება გააკეთა:
„გასაგებია, რომ უკრაინა არ არის ნატოს წევრი, ჩვენ ეს გვესმის. წლების განმავლობაში გვესმოდა თითქოსდა “ღია კარის” შესახებ, მაგრამ ახლა ისიც გავიგეთ, რომ ვერ შევდივართ, ეს მართალია და ეს უნდა ვაღიაროთ. მიხარია, რომ ჩვენი ხალხი ნელ-ნელა იწყებს ამის გაგებას და ეყრდნობა საკუთარ თავს და პარტნიორებს, რომლებიც გვეხმარებიან. უკრაინა ამჟამად არ აცხადებს პრეტენზიას ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის გააქტიურებაზე“.
მანამდე, 8 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ნატოს საკითხი „გაცივდა“ მას შემდეგ, რაც „ჩვენ მივხვდით, რომ ნატო არ არის მზად უკრაინის მისაღებად. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ეშინია საკამათო საკითხების და რუსეთთან კონფრონტაციის”.
9 მარტს, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ გერმანული არხის ARD-ის ეთერში არ გამორიცხა რუსეთთან მოლაპარაკებებში შესაძლო ნეიტრალიტეტის განხილვა, რაც გამორიცხავს რაიმე სამხედრო ბლოკში გაწევრიანებას.
„უკრაინა ღიაა ნეიტრალიტეტისთვის, თუ ნატო არ იქნება მზად მიიღოს უკრაინა ამ მომენტში. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ გვჭირდება უკრაინის უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები, რათა ეს საშინელი ომები, ეს საშინელი აგრესია მომავალში აღარ განმეორდეს“, – განაცხადა ჩინოვნიკმა.
ნატოს წევრობაზე შესაძლო უარის თქმის შესახებ, უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების სანაცვლოდ, უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც განაცხადეს.
15 მარტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა, ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში, რუსეთთან მოლაპარაკებების კომენტირებისას, აღნიშნა, რომ „როგორ ჩანს, ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი აღარ მიდის. ყველაფერი ძალიან მარტივია – ეს არ არის ჩვენი პოზიცია, ეს ნატოა, რომელსაც არ სურს ჩვენი მიღება. ჩვენ არ გვითქვამს უარი ნატოზე, ნატომ თქვა უარი ჩვენზე”.
მისივე განცხადებით, „ამის ნაცვლად, არსებობს კომპენსაციის მექანიზმები, რომლებიც გაახარებს უკრაინელ ხალხს.თუმცა, ჯერ მათზე საუბარი ნაადრევია“.
„ჩვენ არ ვართ მზად არაფრის დათმობისთვის, წამოვაყენეთ მკაცრი მოთხოვნები და დამარცხებაზე არავინ არ არის თანახმა”, – აღნიშნა არესტოვიჩმა.
პუტინი და ზელენსკი ისრაელში შეხვდებიან?
პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ დაჟინებით მოითხოვს პირადად ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან მოლაპარაკების შემდეგ, მან იერუსალიმი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლო ადგილად დაასახელა.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მხარეებს შუამავლობა თავად ბენეტმა შესთავაზა. ჯერ კიდევ 5 მარტს ისრაელის პრემიერ-მინისტრი მოსკოვს ეწვია და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
ისრაელის მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი მზადაა უმაღლეს დონეზე დააორგანიზოს მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის, თუ ისინი არ არიან განწირული წარუმატებლობისთვის.
პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებებზე უარს არც კრემლი ამბობს. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, ჯერ უნდა გაირკვეს, რა იქნება განხილვის საგანი და იქნება თუ არა შედეგი.