საქართველოს პრეზიდენტს მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებს. იმპიჩმენტი იქნება?
ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებენ
„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია და ამის გამო მას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებენ. კონსტიტუციის დარღვევებში შედის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ემანუელ მაკრონთანაც, რომელიც თებერვალში შედგა.
საქართველოში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მოქმედი პრეზიდენტისთვის კონსტიტუციის დარღვევის ბრალდებით საკონსტიტუციო სასამართლოში ეჩივლათ.
მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ დღეს გამოაქვეყნა ოთხგვერდიანი წერილი, სადაც წერია, რომ “პრეზიდენტს კონსტიტუციის გადაწერის შესაძლებლობას ვერავინ მისცემს”.
წერილში აღნიშნულია, რომ “საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს”.
მმართველი გუნდის უკმაყოფილება პრეზიდენტის გუშინდელმა საპარლამენტო გამოსვლამ გამოიწვია. ზურაბიშვილი გუშინ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.
სასესიო დარბაზში ის უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შევიდა და თან ჰქონდა უკრაინის ომის ამსახველი ფოტოები. ზურაბიშვილმა დეპუტატებს ფეხზე ადგომა და მათი ყურება მოსთხოვა. ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში გააკრიტიკა ხელისუფლება უკრაინასთან დაკავშირებული თავშეკავებული პოლიტიკის გამო: „ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს“, – თქმა მან.
დარღვევები მმართველმა გუნდმა სწორედ პრეზიდენტის გუშინდელ საპარლამენტო გამოსვლაში აღმოაჩინა.
კონკრეტულად რას ედავებიან პრეზიდენტს:
1. “ქართული ოცნება” მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე გაემგზავრა საერთაშორისო ვიზიტებში
მმართველი გუნდი აცხადებს, რომ პრეზიდენტი არ უნდა ერეოდეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ საკითხებში მთავრობის დაუკითხავად, რადგან ეს კონსტიტუციით მისი კომპეტენცია არ არის.
„კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება,” – წერია “ქართული ოცნების” განცხადებაში.
14 მარტს პარლამენტში გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ 26 თებერვალს მას რამდენიმე საერთაშორისო ვიზიტი გაუუქმეს – პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში. თუმცა, მისი თქმით, მან პირადი კონტაქტები გამოიყენა და გაუქმებული სამუშაო ვიზიტების ნაცვლად პირადი შეხვედრები გამართა.
“ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება … ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ესოდენ რთულ რეგიონში იმყოფება, შეზღუდვების დრო კი არა, პირიქით, ვისაც რა შეგვიძლია, საერთაშორისო დონეზე, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულნი, მოსვენებას არ უნდა ვაძლევდეთ ჩვენს პარტნიორებს”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
2. “ქართული ოცნება” ამბობს, რომ როდესაც პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოს შეკრებისკენ მოუწოდებს, ის ამით კონსტიტუციას არღვევს
ზურაბიშვილმა 14 მარტს გააკრიტიკა მთავრობა იმის გამო, რომ უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში არც ერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო. ასევე გააკრიტიკა მმართველი გუნდი გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღების გამო, მთავარსარდლის მონაწილეობის გარეშე:
„ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში… ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არც ერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არც ერთხელ არ ყოფილა ერთობლივად განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარსარდლის დასწრებით. სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები“.
პასუხად „ქართული ოცნება“ შეახსენებს პრეზიდენტს, რომ „უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო სამთავრობო ორგანო”, რომელსაც პრეზიდენტი არ ესწრება.
„აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს კონსტიტუციას ვერ კითხულობს და დღემდე მის არსში ვერ გაერკვა, ან ის ამ შემთხვევაშიც კონსტიტუციის თავისებურად გადაწერას ცდილობს“.
„ქართული ოცნება“ ასევე ურჩევს პრეზიდენტს “მთავარსარდლის სტატუსი” უკეთ გაიაზროს: „საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს სტატუსი მხოლოდ ცერემონიული დატვირთვის მატარებელია“, – შეახსენეს ზურაბიშვლს.
3. “ქართული ოცნება” ამბობს, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც პარლამენტში უკრაინის ელჩის წარმომადგენელთან ერთად მივიდა
„პარლამენტთან შეთანხმების გარეშე, სხდომათა დარბაზის მთავარ სივრცეში შეიყვანა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რისი უფლებაც, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს“, – წერია “ქართული ოცნების განცხადებაში.
4. კონსტიტუციის “უხეშ დარღვევად” მიიჩნევს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლის თარიღი პარლამენტთან არ შეათანხმა.
“პარლამენტში მისი მისვლის თარიღი პარლამენტთან შეთანხმების გარეშე გამოაცხადა,” – აღნიშნულია პოლიტსაბჭოს წერილში.
პრეზიდენტმა მართლა დაარღვია კონსტიტუცია?
არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის წაყენებულ ბრალდებებს აანალიზებს და შეფასებას აქვეყნებს . ეს ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია.
“ჩვენი შეფასებით, ყველა გარემოება მიუთითებს, რომ პრეზიდენტმა, როგორც სახელმწიფო მეთაურმა უბრალოდ შეასრულა კონსტიტუციით მისთვის დაკისრებული კომპეტენცია/ვალდებულება. ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში პრეზიდენტის გაზრდილი როლი გამოწვეულია არა პრეზიდენტის მიერ საკუთარი კონსტიტუციური მანდატის დარღვევით, არამედ პარლამენტისა და მთავრობის პასიური მოქმედებებითა და პრობლემური შეფასებებით,” – აღნიშნულია ამ ორგანიზაციის დასკვნაში.
კიდევ ერთი ექსპერტი და კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში ასევე ამბობს, რომ ზურაბიშვილის ქმედებებში კონსტიტუციის დარღვევა არ არის.
“სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტებით კონსტიტუციის არცერთი ნორმა არ დარღვეულა. ეს იყო არაოფიციალური შეხვედრები. ამ შემთხვევაში [იგი] არ წარმოადგენდა საქართველოს, რისთვისაც საჭირო იყო მთავრობის თანხმობა. მე რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ვიყო, უარყოფით დასკვნას დავდებდი,” – განაცხადა მან.
და რა მოხდება, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია?
თუ სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტმა თავისი მოქმედებით დაარღვია კონსტიტუცია, ასეთ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ შეეძლება დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, ინტერპრესთან საუბარში ამბობს, რომ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი “ქართულ ოცნებას” ტექნიკურად გაუჭირდება:
“არა მგონია, რომ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში „ქართულმა ოცნებამ“ იმპიჩმენტის პროცედურა დაასრულოს, ანუ პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენოს, რადგან ამას სჭირდება პარლამენტში 2/3-იანი უმრავლესობა, ესე იგი ოპოზიციის არც თუ მცირე ნაწილმა უნდა დაუჭიროს მხარი მათ ამ გადაწყვეტილებას. ზურაბიშვილის გადაყენებას „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს“, – აღნიშნა ხმალაძემ.
დავა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის პოლიტიკურია და არა სამართლებრივი, მიიჩნევენ პოლიტიკოსები
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ოპოზიციური პარტია “ლელოს” წევრი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ 2018 წლიდან ცხადი იყო, რომ მოვიდოდა დრო, როცა “სალომე ზურაბიშვილი ვეღარ მოახერხებდა გადაეყლაპა ყველაფერი, რასაც “ქართული ოცნება” გააკეთებდა და პირიქით, “ქართული ოცნება” ვერ გადაყლაპავდა ყველაფერს, რასაც ზურაბიშვილი გააკეთებდა.”
უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მომენტმა უკრაინასთან დაკავშირებული მოვლენების ფონზე იჩინა თავი.
„საქმე გვაქვს ჩვეულებრივ მოვლენასთან, რაც ტრადიციად იქცა ამ ქვეყანაში, მაგრამ ახლა სწორედ რომ ამის დრო არ არის. ახლა ძალების გაერთიანება და კონსოლიდაციაა საჭირო, მაგრამ “ოცნებას” შეუძლია მხოლოდ დაყოფა და ახლაც ეს გზა აირჩია”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ზურაბიშვილსა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთობა ბოლო ხანებში დაიძაბა და უკრაინის კრიზისმა ეს განსაკუთრებით გამოკვეთა – ზურაბიშვილი უკრაინის მხარდასაჭერად უფრო რადიკალურ ნაბიჯებს ემხრობა, ხელისუფლება კი დისტანცირების პოლიტიკას ირჩევს – არც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა და რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქტების გაგზავნასაც აპირებს.
ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებენ