აფხაზეთი: პოლიტიკური მტრები მოკავშირეებად იქცნენ
აფახაზეთის პოლიტიკურ ლანდშაფტს უახლოეს ხანში გადაფორმატება ელის. ყოველ შემთხვევაში, 2019 წელს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ ზოგიერთ წამყვან მოთამაშეს ამასთან დაკავშირებით სერიოზული მიზნები აქვს.
არჩევნებამდე ახალი ფორმატით მისვლის იდეა – როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია გაერთიანდებიან და პრეზიდენტობის საერთო კანდიდატს წარადგენენ – აფხაზეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დღეს კი პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალექსანდრ ანქვაბმა გამოთქვა.
„მხოლოდ ოპოზიციურ ძალებს შორის კონსენსუსი მთელ საზოგადოებაში თანხმობის მიღწევას არ ნიშნავს. ყველასათვის ჭკვიანური და სასარგებლო იქნება, თუკი ოპოზიცია და პროსამთავრობო ძალები ასევე შეთანხმებას მიაღწევენ“, – განაცხადა „აფხაზია-იფორმ“-თან ინტერვიუში ანქვაბმა.
მისი აზრით, წარმატების შემთხვევაში, მოცემული კონსენსუსი „არა წარმოსახვითი, არამედ რეალური“ პოლიტიკური კულტურის განვითარების დასწყისი გახდებოდა.
საკმაოდ ვრცელ ინერვიუში არც ერთხელ არ არის ნახსენები მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. მიუხედავად ამისა, იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც დღეს ასე აქტიურად მუსირებს სოხუმის ყავახანებში – ალექსანდრ ანქვაბი სწორედ მასთან აპირებს გაერთიანებას.
ცნობილია, რომ ამ ინტერვიუმდე რამდენიმე დღით ადრე ამ ორ პოლიტიკოსს შორის უკვე შედგა კულუარული მოლაპარაკება და ალექსანდრ ანქვაბის ტონის მიხედვით (თუმცა, მას ამ შეხვედრის შესახებ სიტყვაც არ დასცდენია) – საკმაოდ წარმატებულადაც.
2014 წლის მაისში რაულ ხაჯიმბამ, რომელიც იმ მომენტისთვის გაერთიანებულ ოპოზიციას ედგა სათავეში, პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბს თავისი სავარძლის ვადაზე ადრე დატოვება აიძულა და სამი თვის შემდეგ უკვე თავად გახდა აფხაზეთის მეთაური.
მაშინ ისე ჩანდა, რომ ეს პოლიტიკოსები სამუდამო მტრებად დარჩნენ. თუმცა, აფხაზეთის პოლიტიკურ გარემოში ზოგჯერ შეუძლიათ ხოლმე, პირადი წყენა და უკმაყოფილება განზე გაწიონ და გაერთიანებას მიაღწიონ.
აფხაზეთის ელექტორატი სანგრებს მიჩვეულია და ამ საკმაოდ აღრეულმა კავშირმა მას შეიძლება რეალური მოტივაცია შესთავაზოს: შეჩერდეს არჩევნებიდან არჩევნებამდე საზოგადოებაში არსებული განხეთქილება და თანხმობის მიღწევა შეძლონ.
„საუბარია არა იმაზე, რომ სიმშვიდე და სტაბილურობა დროის გარკვეულ მონაკვეთში შენარჩუნდეს… მე იმას ვამბობ, რომ ეს მდგომარეობა ჩვენი საზოგადოების მუდმივ მახასიათებელ ნიშნად იქცეს“, – ამბობს ანქვაბი..
თავად მას, ასაკობრივი ცენზის გამო, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭის ყრა არ შეუძლია. ამ წლის დეკემბერში მას 65 წელი შეუსრულდება. საარჩევნო კანონის მიხედვით, სწორედ ამ ასაკიდან იწყება შეზღუდვა რესპუბლიკის ხელმძღვანელობის პრეტენდენტი პოლიტიკოსებისთვის.
სხვათა შორის, აფხაზეთის ხელისუფლების ვერტიკალში საკმაო რაოდენობის მნიშვნელოვანი თანამდებობაა, და ალექსანდრ ზოლოტინსკოვიჩ ანქვაბი, მის მიერ წამოჭრილი იდეის წარმატების შემთხვევაში, ალბათ ერთ-ერთი მათგანის დაკავებას იმედოვნებს.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ: ლაპარაკია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იმ გუნდში, რომელთან ერთადაც რაულ ხაჯიმბა ახალ საპრეზიდენტო ვადას დაიწყებს. ამ გუნდში ვიცე პრეზიდენტად ახლანდელი პრემიერი ბესლან ბარციცი იყრის კენჭს.
საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელობას თავად ანქვაბი მოჰკიდებს ხელს. ამ როლს ის ალბათ არავის დაუთმობს. ხსენებულ ინტერვიუში მან ამის შესახებ ღიად მიანიშნა კიდეც.
გაერთიანების მთავარ მოტივთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია – ლაპარაკია შიდაპოლიტიკური სტაბილურობის მიღწევაზე, მაგრამ ის, თუ რა მეთოდებით აპირებს ახალი გუნდი საზოგადოების სხვა, არაპოლიტიკური კრიზისებიდან გამოყვანას, არც ისე გასაგებია.
„ყველაზე ნაკლებად მინდა რეფორმებზე ლაპარაკი… იმიტომ, რომ მე რეალისტი ვარ და კარგად მესმის, ნებისმიერი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას მხოლოდ პოლიტიკური ნება და საკანონმდებლო თანხლება არ ეყოფა. რეფორმების განხორციელება ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია. ხოლო … ფულს უეცრად „ფეხებთან“ არავინ დაგიყრის“, – ამბობს ანქვაბი.
თუმცა, თავი მთლად ანტირეფორმატორადაც ვერ გამოიყვანა:
„თუ სახსრები არის – სერიოზული რეფორმები იქნება. თუ არ იქნება სახსრები – მხოლოდ ცარიელი სიტყვები დარჩება“.
თუმცა, თუკი არც მმართველობაში, არც ეკონომიკაში, არც სამართალდამცავ სისტემაში არაფერი შეიცვლება, და ისევ წლობით გაკვალული კალაპოტით სვლას გავაგრძელებთ, რასაც, როგორც ჩანს, ანქვაბი გვთავაზობს – ახალ პოლიტიკურ კრიზისს ვერ ავიცილებთ. რადგან პოლიტიკური სიტუაცია ქვეყნისა და მისი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან უშუალო კავშირშია.
ელიტა ერთმანეთში, შესაძლოა, შეთანხმდეს – საერთო კანდიდატი წამოაყენოს და შემდეგ განსაკუთრებული წინააღმდეგობის გარეშე მოიგოს ეს არჩევნები, მაგრამ შემდეგ ეს პრობლემები თუ არ გადაიჭრება – მოტყუებული მოქალაქეების ზეწოლით, ეს კონსენსუსი უცბად დაირღვევა – და მაშინ, ჩვენ ისევ ძველ ვითრებაში აღმოვჩნდებით.
მეორე მხრივ, ხაჯიმბა-ანქვაბის – ან ანქვაბი-ხაჯიმბას (ვისაც როგორ სურს, ისე უწოდოს) კავშირის, რა თქმა უნდა, თუკი ის შედგა, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არც ისეთი უტყუარია, როგორც ეს შეიძლება ჩანდეს. ისევ და ისევ ერთ-ერთი მიზეზი რესპუბლიკის მმართველობაში რაიმე მკვეთრი ნაბიჯის გადადგმის სურვილის არარსებობაა.
არსებობს კიდევ ერთი არცთუ ნაკლებად მნიშვნელოვანი ასპექტიც. ამ სქემით – ოპოზიცია + პროსამთავრობო ძალა – სრულიად შესაძლებელია, რომ სხვა კავშირებიც აღმოცენდეს. აფხაზეთის პოლიტიკურ სივრცეში 2019 წლის არჩევნებში სერიოზული მისწრაფებების მქონე ამბიციური პოლიტიკოსები საკმარისად არიან.
რასაკვირველია, მათ იმხელა გამოცდილება არ გააჩნით, რაც ამ საქმეში გაჭაღარავებულ ალექსანდრ ანქვაბსა და რაულ ხაჯიმბას; მაგრამ, სამაგიეროდ, აქვთ ენერგია და, აღიარებული ავტორიტეტებისთვის ანგარიშის გაწევის გარეშე, საკუთარი ქცევის წესების შემოღების სურვილი. ამ შედარებით ახალგაზრდა თაობას შეუძლია გასაერთიანებლად იგივე სქემა გამოიყენოს და ამ კავშირს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის მკაფიო გეგმა დაურთოს. მაშინ კი, ალექსანდრ ანქვაბს საკუთარი პროექტის რეალიზაციისთვის რაღაც უფრო მეტი დასჭირდება, ვიდრე ეფემერული „პოლიტიკური სტაბილურობის“ მიღწევა.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო