პუტინმა ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა
პუტინმა ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა
22 თებერვალს, ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა იმართება უკრაინის კრიზისში მოვლენების განსაკუთრებულად განვითარებასთან დაკავშირებით. 21 თებერვალს, გვიან ღამით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განაცხადა.
ღამის ორი საათისთვის, ორივე რაიონის ტერიტორიაზე უკვე იმყოფებოდა რუსული ჯარები.
რამდენიმე საკვანძო საკითხი ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტში.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა – ფორმალობა, რამდენადაც რუსეთს იქ ვეტოს უფლება აქვს
ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას ნაკლებად ექნება რაიმე პრაქტიკული შედეგი. დიდი ალბათობით, საბჭო რეზოლუციის მიღებასაც ვერ შეძლებს, იმდენად, რამდენადაც რუსეთს იქ ვეტოს უფლება აქვს.
2022 წლის თებერვალში, რუსეთი საერთოდაც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და მისი წარმომადგენელი ხელმძღვანელობს ამ საგანგებო სხდომას.
მოკლედ წარმომადგენელთა განცხადებების შესახებ:
- გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ უკრაინაში მასშტაბური კონფლიქტის რისკის შესახებ გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება.
- გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „პუტინმა გაანადგურა მინსკის შეთანხმებები და არის ეჭვი, რომ ის ამაზე არ შეჩერდება“.
- გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა რუსეთისთვის სერიოზული ეკონომიკური შედეგების შესახებ გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება. მან ყველას მოუწოდა, დაგმონ აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ და დაიცვან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.
- ჩინეთის მუდმივმა წარმომადგენელმა მხარეებს დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდა კრიზისის მშვიდობიანად გადასაწყვეტად.
- უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა გააუქმონ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.
- „ჩვენ კვლავინდებურად ღია ვართ დიპლომატიისთვის, დიპლომატიური გზით გადაწყვეტისთვის, თუმცა, აღარ ვაპირებთ დონბასში ახალი სისხლიანი სასაკლაოს მოწყობის დაშვებას“, – განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ.
დასავლეთის მხრიდან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არ იქნება, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იქნება
პუტინმა ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა
თეთრმა სახლმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს უკრაინაში ჯარების გაგზავნას.
ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის ვაშინგტონმა გამოაქვეყნა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან დაკავშირებული სანქციების სია. კერძოდ, აკრძალულია ნებისმიერი ფინანსური ან სხვა სახის ურთიერთობა ამ რესპუბლიკებთან, ფრენები, მისი მცხოვრებლებისთვის ვიზების მიცემა და ა.შ.
ამასთან დაკავშირებით პირველი კომენტარები უკრაინულ და საერთაშორისო მედიასა და სოციალურ ქსელებში ირონიულია – ამ ტერიტორიებთან არც არსებობდა არანაირი მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიციები და კონტაქტები.
თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს სანქციები მიღებულია დასავლეთის ქვეყნების ერთიანი საპასუხო სანქციებისგან ცალკე. კონკრეტულად რა შევა მასში – ჯერჯერობით უცნობია.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააანონსა რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და იაპონიამ.
„ახლა ვნახავთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და პარტნიორი“ – უკრაინის პრეზიდენტი
22 თებერვალს, დილის 4 საათზე გამოვიდა სიტყვით უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი. ძირითადი თეზისები:
- რუსეთი თავისი იმ ჯარების ლეგალიზაციას ახდენს, რომლებიც 2014 წლიდან იმყოფებოდნენ დონბასის ოკუპირებულ რაიონებში.
- „ჩვენ მშვიდობა გვინდა და თანმიმდევრულები ვართ საკუთარ მოქმედებებში“.
- „ჩვენი პარტნიორებისგან ველით მხარდაჭერის მკაფიო და ქმედით ნაბიჯებს. ძალიან მნიშვნელოვანია ახლა დავინახოთ – ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და პარტნიორი და ვინ გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის სიტყვებით შეშინებას“.
- უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს, ბუდაპეშტის მემორანდუმის საფუძველზე, კონსულტაციების დაუყოვნებლივ გამართვისკენ მოუწოდა.
- ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის ინიცირება გაეროს სპეციალური სხდომის ჩასატარებლად მოახდინა.
- ინიცირებულია ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სამიტი.
- „კარგად ვხედავთ აგრესორი ჯარების პროვოკაციებსა და შეტევას“.
- „ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ. ჩვენ არაფრის და არავისი არ გვეშინია“.
რა განაცხადა პუტინმა
პუტინმა ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა
რუსეთის პრეზიდენტის ექსტრაორდინარული და ხისტი განცხადება ისე წარმოადგინეს, როგორც პირდაპირი ტრანსლაცია 21 თებერვლის გვიან ღამით.
თუმცა, ბევრი ჟურნალისტი და ექსპერტი, ვიდეოჩანაწერის მეტამონაცემებსა და სხვა მონაცემებზე (პუტინის საათის დრო არ ემთხვეოდა „პირდაპირი“ ტრანსლაციის დროს) დაყრდნობით ვარაუდობს, რომ ეს გამოსვლა ადრე ჩაიწერა.
აქტიურად განიხილება ვერსია, რომ სინამდვილეში მოვლენები პირიქით განვითარდა: თავდაპირველად მიიღეს გადაწყვეტილება აღიარების შესახებ და ჩაიწერა პუტინის გამოსვლა, შემდეგ კი უკვე დაიწყო შეჭრისათვის საბაბის შექმნა: დაიწყო პროვოკაციები და აფეთქებები თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიაზე და იქიდან მოსახლეობის ევაკუაცია.
პუტინის გამოსვლის თეზისები მოკლედ:
- უკრაინა კომუნისტურმა რუსეთმა, ლენინმა და მისმა თანამოაზრეებმა შექმნეს, რუსეთის მხრიდან მის ტერიტორიებზე უარის თქმის ხარჯზე.
- სტალინმა უკრაინას პოლონეთისა და უნგრეთის მიწები მისცა. და ასე ჩამოყალიბდა საბჭოთა უკრაინის ტერიტორია.
- წარსულის მოვლენები არ შეიცვლება. ვლადიმირ ილიას ძე ლენინის სახელობის უკრაინა. ახლა კი უკრაინაში ლენინის ძეგლებს ანადგურებენ.
- დეკომუნიზაცია გსურთ? მზად ვართ ვაჩვენოთ, რა არის ნამდვილი დეკომუნიზაცია.
- მაიდანი – სახელმწიფო გადატრიალება დასავლური ფულით.
- 2008 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო.
- უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება არ რეაგირებს მოქალაქეების მიმართვაზე. ყირიმში იგზავნება დივერსიული ჯგუფები. გაისმა განცხადებები, რომ უკრაინა აპირებს შექმნას საკუთარი ბირთვული იარაღი. კიევის რეჟიმის სამხედრო დატუმბვა მიმდინარეობს. იარაღი უწყვეტ ნაკადად მოედინება.
- რუსეთი ფინანსურად ეხმარებოდა დამოუკიდებელ უკრაინას. კიევის ხელისუფლება მასზე დამოკიდებული გახდა.
- ნაციონალიზმი და რუსოფობია უკრაინაში. დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები.
- 2000 წელს, მოსკოვში ვიზიტის დროს ბილ კლინტონს ვკითხე, რა დამოკიდებულება ექნებოდა ამერიკას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ნატოში მიეღოთ. ძალიან თავშეკავებული რეაქცია იყო. კარგი, არ გინდათ, ჩვენგან მეგობარი ან ამხანაგი შექმნათ, მაგრამ რატომ ქმნით ჩვენგან მტერს?
- უკრაინის ნატოში მიღებისა და აქ შეიარაღების განთავსების საკითხი – დროის ამბავია. რუსეთზე მოულოდნელი დარტყმის საფრთხე იქნება. ზებგერითი რაკეტების მოსკოვამდე ფრენის დრო 4-5 წუთი იქნება. ეს პირდაპირ ყელზე მიბჯენილი დანაა. ისინი ამ გეგმების განხორციელებას გეგმავენ. ჩვენ ამაზე არასოდეს დავთანხმდებით.
- კიევს დონბასში ბლიცკრიგი სურს. გენოციდი.
- რუსეთს სრული უფლება აქვს გადადგას საპასუხო ნაბიჯები საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
- დაუყოვნებლივ აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.
უკვე ღამის 2 საათისთვის, რუსული სამხედრო ფორმირებები დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში შევიდნენ „მშვიდობის უზრუნველსაყოფად“.
ერთიანი სამხედრო ინფრასტრუქტურა რუსეთთან და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების საბანკო სისტემის მხარდაჭერა – რა წერია აღიარების შესახებ გადაწყვეტილებაში
- რუსეთის შეთანხმებები ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებთან ერთმანეთის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სამხედრო ბაზების გამოყენების, ასევე, დონბასის საზღვრების ერთობლივად დაცვის უფლებას იძლევა.
- რუსეთი მიიღებს ზომებს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების საბანკო სისტემის მხარდასაჭერად.
- შეთანხმებები 10 წლის ვადით გაფორმდა, ავტომატური გაგრძელების შესაძლებლობით.
საერთაშორისო რეაქცია ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებაზე
- დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ამას საერთაშორისო უფლებების დარღვევა უწოდა.
- დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაწყვეტილებას მტრული უწოდა და რუსეთს მოუწოდა შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის დარღვევა.
- ევროკავშირში საერთაშორისო სამართლის დარღვევის შესახებ და რუსეთის წინააღმდეგ მოსალოდნელი მკაცრი სანქციების შესახებ გააკეთეს განცხადება.
- აშშ-ში ელოდნენ რუსეთისგან დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას და „მზად არიან მასზე დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის“.
- ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ინიციატივით გამოდის, მიიღონ რეზოლუცია იმის შესახებ, რომ არასოდეს აღიარებენ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების სტატუსის ცვლილებას.
- პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს სამიტის დაუყოვნებლივ მოწვევისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.
- სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დონბასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სრულად ცვლის მსოფლიო წესრიგს.
- ნატოს გენერალური მდივანი გმობს ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას და მიაჩნია, რომ ეს აზიანებს უკრაინაში სიტუაციის დარეგულირებისთვის გაწეულ ძალისხმევას.
- იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს და ხელს უშლის კრიზისის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას.
- საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას 2008 წლის სცენარის გამეორება უწოდა.
- გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დონბასის რესპუბლიკის აღიარებას საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა და მოუწოდა რუსეთს გააუქმოს ეს გადაწყვეტილება.
- მოლდოვის პრეზიდენტმა დაგმო ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარება.
- ავსტრიის კანცლერმა ამ გადაწყვეტილებას „მინსკის შეთანხმებების“ დარღვევა და უკრაინაში კონფლიქტის დასარეგულირებლად გაწეულ დიპლომატიურ ძალისხმევაზე დარტყმა უწოდა.
- საფრანგეთის პრეზიდენტი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებით გამოვიდა.
- ვენესუელამ, კუბამ და ნიკარაგუამ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ განაცხადეს.
- სირიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოფიციალური დამასკო მზად არის ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებისათვის.