რას ფიქრობენ აფხაზეთში აბორტის აკრძალვაზე ხუთი წლის შემდეგ
აბორტის აკრძალვა აფხაზეთში
აფხაზეთში აბორტი უკვე ხუთი წელია აკრძალულია. დღეს, საზოგადო მოღვაწეები და ექიმები ხელისუფლებას მის დაშვებას სთხოვენ, თუნდაც სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში. ისინი ასევე საუბრობენ იმაზე, რომ აკრძალვასთან დაკავშირებული მოლოდინი არ გამართლდა და ამან შობადობის ბუმი არ გამოიწვია.
აფხაზეთში აბორტი 2016 წლის მარტში აიკრძალა, როდესაც პარლამენტმა ჯანდაცვის შესახებ ახალი კანონი მიიღო. ძირითადი მოტივი – აბორტები რესპუბლიკაში შობადობის მნიშვნელოვან შემცირებას იწვევს.
აფხაზეთში აბორტის აკრძალვისადმი ინტერესის ახალი რაუნდი ლუდმილა ლოლუას ინიციატივის შემდეგ გაჩნდა, რომელიც პირადად შეეჯახა ამ პრობლემას. ლოლუა – აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრია – ეს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ორგანო და გავლენიანი საზოგადოებრივი ინსტიტუტია ქვეყანაში. პრობლემამ ლოლუას ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც მისი ნათესავისთვის სამედიცინო ჩვენების გამო ორსულობის შეწყვეტა აუცილებელი აღმოჩნდა.
- „ვიცოდი, რომ ერთი ქალი აკეთებდა უფრო იაფად და მასთან წავედი“. რატომ მიმართავენ ქალები არალეგალურ აბორტს საქართველოში?
- აფხაზეთი: ერთი წელიწადი აბორტების გარეშე
აფხაზეთში ეს არ გააკეთეს – კანონი არ იძლევა უფლებას. და მეზობელ სოჭშიც ასევე რთული იყო, რადგან ქალი რუსეთის მოქალაქე არ არის. საბოლოოდ, საზოგადოებრივმა პალატამ აფხაზეთის პარლამენტს მიმართა თხოვნით, განიხილოს ჯანდაცვის კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი აბორტების აკრძალვის ნაწილში.
მუშაობს თუ არა აკრძალვა?
საქმე ისაა, რომ ქალები, რომლებსაც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ბავშვის მოშორება, ამის გზებს პოულობენ. აფხაზეთშიც კი. სამედიცინო აბორტის აბები სოხუმის ყველა სამშობიაროს მეან-გინეკოლოგის არსენალშია.
ამ პრეპარატების დახმარებით აჩქარებენ მშობიარობას ორსულობის ბოლო პერიოდში, რათა თავიდან აიცილონ ვადის გადაცილება.
ამ აბების მიცემა ან მიყიდვა ქალისთვის, რომელსაც ნაყოფის მოშორება სურს – ცალკეული ექიმის სინდისისა და კანონმორჩილების საქმეა. ხშირად ისინი ეხმარებიან ნათესავებსა და ახლო მეგობრებს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც ასეთი სამედიცინო მომსახურებისთვის საზღვარგარეთ წასვლა უწევთ.
მაგრამ ეს ყოველთვის კარგად არ მთავრდება, რადგან არის ქალების გარდაცვალების შემთხვევები. ქალი, რომელსაც ქირურგიული აბორტის შემდეგ სტაციონარში დარჩენის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ოპერაციის დამთავრებისთანავე სოჭიდან აფხაზეთში გაემგზავრა და მანამდე გარდაიცვალა, სანამ სახლამდე მიაღწევდა.
ეს შემთხვევაც ახსენეს თავიანთ გამოსვლებში საზოგადოებრივი პალატის წევრებმა.
„ქალი, რომელიც აბორტის გაკეთებას გადაწყვეტს, ამას გააკეთებს“
აბორტის აკრძალვის შესახებ ცვლილების მიღებიდან ხუთი წელი გავიდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა კვლევა ჩაატარეს, რათა შეესწავლათ, როგორ აისახა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის აკრძალვა დემოგრაფიულ ვითარებაზე.
პროექტის მონაწილე ელიტა კოკოსკერია, აბორტების აკრძალვაზე საუბრისას ამბობს, რომ მიღებული კანონი ფაქტობრივად აიგივებს ქალისა და განაყოფიერებული კვერცხუჯრედის სიცოცხლეს, რაც არასწორია.
„სახელმწიფო შეიძლება შეეცადოს ყველა ზომის გამოყენებას საშვილოსნოს შიგნით სიცოცხლის შესანარჩუნებლად, მაგრამ მკაცრად ქალების ფუნდამენტური უფლებების შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალი ჩვენს საზოგადოებაში აღიქმება, როგორც ინკუბატორი ან გვარის გაგრძელების ინსტრუმენტი, რაც მის უფლებასა და ღირსებას არღვევს. საშვილოსნოს შიდა სიცოცხლის უფლება არ შეიძლება იყოს უფრო მაღალი, ვიდრე ქალის უფლება“, – ამბობს ელიტა კოკოსკერია და დასძენს, რომ აბორტების აკრძალვას არ შეუძლია შობადობის ხარისხობრივად გაზრდა და აბორტის იურიდიული სტატუსი მათ რაოდენობაზე არასოდეს მოქმედებს.
„ქალი, რომელიც აბორტის გაკეთებას გადაწყვეტს, ამას გააკეთებს. საქმე ისაა, სახელმწიფო, ჯანდაცვის სისტემის სახით, რა როლს შეასრულებს ამაში“, – დარწმუნებულია ახალგაზრდა ქალი.
აფხაზეთის ქალთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნათელა აკბამ პრეზიდენტთან არსებულ სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად აფხაზეთის დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავების ინიცირება მოახდინა, სადაც მიღებული იქნება ზომები ქალების მხარდასაჭერად, რადგან აბორტის აკრძალვამ, მისი თქმით, აშკარად არ შეუწყო ხელი დემოგრაფიულ ზრდას.
2016 წელს აბორტის აკრძალვის მიღებამდე, აფხაზეთში ყოველწლიური შობადობის მაჩვენებელი, დაახლოებით, 2.5 ათას ახალშობილს შეადგენდა. ამ საკითხზე ტაბუს დადების შემდეგ, ქალების უმეტესობამ, რომელთაც ორსულობის შეწყვეტა სურთ, მეზობელ სოჭში დაიწყეს გადასვლა.
მათ რუსეთის სამშობიაროებში მიჰყვნენ ის ქალებიც, რომლებმაც მაინც გადაწყვიტეს დედობა. და ამან სტატისტიკური მონაცემების დამახინჯება გამოიწვია. ვინაიდან აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო დაბადებულ ჩვილთა რაოდენობას იმ მონაცემებიდან გამომდინარე აფიქსირებს, რომელსაც მას რესპუბლიკის სამშობიარო დაწესებულებები აწვდიან.
ამრიგად, მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, რესპუბლიკაში ათასზე ცოტათი მეტი ახალშობილი დაიბადა. რა არის შობადობის მაჩვენებლის ასეთი მკვეთრი ვარდნის მიზეზი? აბორტის აკრძალვის შედეგი თუ ის, რომ მშობიარე ქალები ბოლო წლებში რუსეთში ამჯობინებენ ბავშვების გაჩენას – ზუსტი პასუხი თვითონ ჯანდაცვის სამინისტროშიც კი არ აქვთ.
არასრულფასოვანი ბავშვები – აკრძალვის საფასური
„ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილება მიიღეს ჯერ არდაბადებული ბავშვისა და დედის უფლებების დასაცავად – ამაზე არ ვკამათობ. ეს მნიშვნელოვანია. მაგრამ, როდესაც ჯანდაცვის შესახებ კანონში დაამატეს ფაქტობრივად აბორტის სრული აკრძალვა, ეს საერთოდ არ იყო გააზრებული. იმიტომ რომ, არის სიტუაციები, როდესაც ქალებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ ან ულტრაბგერითი გამოკვლევისას ნაყოფს პათოლოგიები უჩანს და გასაგებია, რომ ის ვერ გახდება სრულფასოვანი ადამიანი. ასეთ სიტუაციებში, მიმაჩნია, რომ აბორტის გაკეთება კანონიერია“, – ამბობს ნათელა აკბა.
თავად ექიმები, მაგალითად, მეან-გინეკოლოგი ოქსანა ჭითანავა გვიყვება, რომ აბორტის აკრძალვის გამო უკვე რამდენიმე ქალი დაიღუპა. გარდა ამისა, აკრძალვის გამო ქალებს არასრულფასოვანი ბავშვების შენარჩუნება უწევთ.
ყველა არ არის მზად ამასთან შესაგუებლად და ზოგიერთები ინსტანციებში მიდიან: ჯანდაცვის სამინისტროში და პარლამენტშიც კი. ექიმის თქმით, ასეთი სიტუაცია დიდ ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებს ადამიანს.
„ინტიმური პრობლემა, რომელიც ოჯახის შიგნით უნდა დარჩეს, საყოველთაო განხილვაზე გამოდის. ეს ძალიან ტრავმულია. და კარგია, თუკი ასე თუ ისე მოხერხდება ორსულობის შეწყვეტა. და თუ ვერ მოხერხდება, ქალი იძულებულია ცხრა თვე ატაროს მუცლით ავადმყოფი ან სიცოცხლისუუნარო ბავშვი, რომელიც შემდეგ დაიღუპება. ეს მძიმე დეპრესიით მთავრდება“, – ამბობს ექიმი.
ომბუდსმენი ასიდა შაკრილიც ასევე მხარს უჭერს ცვლილებების მიღებას არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალური მიზეზების გამო, რადგან მრავალშვილიანი ოჯახების უმეტესობა სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. სახელმწიფოს არაფრით შეუძლია დაეხმაროს ოჯახებს, სადაც ექვსი, რვა და ცხრა შვილიც კი ჰყავთ. და მხოლოდ საქველმოქმედო ფონდები ეხმარებიან, რომ როგორღაც გადარჩნენ.
ყოველწლიურად ასეთი ოჯახები და მათი ბავშვები ხვდებიან ომბუდსმენის სტატისტიკასა და ანგარიშებში, რადგან ისინი ყველაზე ხშირად აწყდებიან ძირითადი უფლებების დარღვევას.
სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებთან, სადაც ხშირად ბევრი ბავშვია და ყველა არ არის დაგეგმილი და სასურველი, მუშაობა უწევს ბავშვთა ფონდს, რომელსაც ასიდა ლომია ხელმძღვანელობს. მისი თქმით, დეპუტატებს უფლება არ ჰქონდათ მიეღოთ აკრძალვა, რომელიც ქალებისა და ბავშვების დისკრიმინაციას ახდენს, რადგან ეს ხშირად თავად მშობიარე ქალის გარდაცვალებას იწვევს.
„ამ სულელური აკრძალვის გამო ობლები რჩებიან მცირეწლოვანი ბავშვები, ღმერთმა არ ქნას, ვინმემ გამოცადოს, რას ნიშნავს ოთხი-ხუთი წლის ასაკში უდედოდ დარჩენა“, – ამბობს ასიდა ლომია. ასევე, მისი თქმით, ყველა ქალი, რომელმაც საკუთარი სახელით სტატია ან ბლოგი დაწერა აბორტების აკრძალვის კრიტიკით, დეპუტატ საიდ ხარაზიას მხრიდან ზეწოლის მსხვერპლი გახდა.
ორსულობის შემოწმება საზღვარზე?
სამართლებრივი თვალსაზრისით, აბორტების აკრძალვას ასევე აქვს გარკვეული იურიდიული ხარვეზები. ამაზე წამყვანი იურისტები საუბრობენ. მაგალითად, სერგეი სმირი, რომელიც ირონიულად აღნიშნავს, რომ თუკი სახელმწიფომ შობადობის გაკონტროლება გადაწყვიტა, მაშინ ეს დადგენილება ბოლომდე უნდა შეასრულოს და ორივე საზღვარზე დააწესოს კონტროლი, ეპიდემიოლოგიურის მსგავსი. მაგალითად, საზღვარზე ულტრაბგერითი კვლევის აპარატები დაამონტაჟოს, რათა ყველა გამსვლელი ქალი შეამოწმონ, ორსულია თუ არა. და როდესაც ბრუნდება, გაიკეთა თუ არა აბორტი.
„ეს ხომ სასაცილოა. მაგრამ უფრო სიღრმისეულად შეხედეთ. კანონში გაწერილი არ არის პასუხისმგებლობა დედის, რომელმაც, როგორც ჩვენ ვამბობთ, აფხაზეთის ფარგლებს გარეთ მოკლა ბავშვი. და კიდევ, რატომ არ გაითვალისწინეს დეპუტატებმა სხვადასხვა პათოლოგიით დაბადებული ბავშვების მკურნალობა, მათი რეაბილიტაცია და მომავალში მატერიალური მხარდაჭერა?“, – სვამს კითხვას სერგეი სმირი და მხედველობაში აქვს უამრავი უსიამოვნო ისტორია, რომელიც აფხაზეთში აბორტის აკრძალვის შემოღების შემდეგ მოხდა.
მაგალითად, 15 წლის გოგონას შესახებ, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა იმის გამო, რომ აბორტის გაკეთების უფლება არ მისცეს; აივ-ინფიცირებულ დედაზე, რომელიც შიდსის ცენტრში აღრიცხვაზე არ დგას, არ გადის თერაპიას და არ სურს შვილები, მაგრამ ამის მიუხედავად, კანონის თანახმად იძულებულია ბავშვი გააჩინოს; ქალზე, რომელმაც ვერ შეძლო აბორტის უფლების მიღება, დალია მშობიარობის დამაჩქარებელი პრეპარატები და ლამის გარდაიცვალა საშვილოსნოს გახეთქვის გამო.
მაგრამ ამაზე საუბარი მსხვერპლებს რცხვენიათ, ჟურნალისტებს კი ეშინიათ, რადგან მუქარის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა აკრძალვის ინიციატორების მხრიდან.
JAMnews-ის მასალებში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს მხოლოდ კონკრეტული მასალის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას.