ერდოღანის მთავრობა ლირის გამოცდის პირისპირ
თურქული ლირის გაუფასურებამ, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში უპრეცედენტო იყო, სერიოზულად იმოქმედა ერდოღანის მთავრობის მიმართ ნდობაზე და მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია.
23 ნოემბერს, თურქეთში, ამერიკული დოლარის კურსი ერთი დღის განმავლობაში 18 პროცენტით გაიზარდა და 13 ლირა შეადგინა, რითაც ახალი რეკორდი დაამყარა. ამრიგად, თურქულმა ლირამ თავისი ყველაზე რთული დღე გამოიარა 2001 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს მცურავ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ.
- ელჩების გაძევება, გიულენი და სტამბოლის არხი: თურქეთი ზესახელმწიფოობაზე აცხადებს პრეტენზიას?
- სირიელი და ავღანელი დევნილები თურქეთში: ჩხუბი და პროტესტი, რა იქნება შემდეგ
- ტერორი თუ არაკომპეტენტურობა? ტყის ხანძრები თურქეთში
პროტესტი
მსოფლიოს ძირითად ვალუტებთან მიმართებით ლირის გაცვლითი კურსის მკვეთრი ვარდნისა და ფასების ზრდის შემდეგ, თურქეთი მოქალაქეების პროტესტმა მოიცვა. სოციალური ქსელების თურქულ სეგმენტში 150 ათასს მიუახლოვდა იმ ჰეშთეგის მქონე განცხადებების რიცხვი, რომელიც მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებდა. 23 და 24 ნოემბერს, ქვეყნის დედაქალაქ ანკარაში, ასევე სტამბოლსა და იზმირში პროტესტის მონაწილეები ქუჩაში გამოვიდნენ ლოზუნგით, რომ „AKP-მ (თურქეთის მმართველი პარტია – JAMnews) მოსახლეობას ანგარიში უნდა ჩააბაროს“ და მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. ყველა ქალაქში, რომელშიც აქცია ჩატარდა, პოლიციამ სასტიკად დაარბია პროტესტის მონაწილეები, ათობით მოქალაქე დააკავა.
საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდნენ მემარცხენე პარტიები.
„AKP-ს მმართველობის პერიოდში თურქეთი თავისი ისტორიის განმავლობაში ყველაზე ღარიბ, უმუშევარ და მშიერ პერიოდს განიცდის. ერთადერთი, ვინც ამ ეკონომიკური სურათით იგებს, AKP და მისი ხელმძღვანელობაა. როგორც უნდათ, ისე ძარცვავენ თურქეთს, რომელიც გადაიქცა სამოთხედ იაფი მუშახელით. არღვევენ დასაქმებულების უფლებებს, ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია ფასების ზრდის შესახებ, შემდეგ კი სურთ, რომ მილიონობით დასაქმებული კმაყოფილი იყოს თავისი ცხოვრებით“, – ნათქვამია თურქეთის მუშათა პარტიის განცხადებაში, რომელიც ქვეყნის ცენტრალური ბანკის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციისას გაახმოვანეს.
თურქეთის მუშათა პარტია საყოველთაო გაფიცვის მოწოდებით გამოვიდა და „სასახლის რეჟიმის“ დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვა.
„გამათავისუფლებელი ომი“
23 ნოემბერს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გამოსვლისას კიდევ ერთხელ შეაფასა ეკონომიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა, გარე ძალების თამაშად. მისი თქმით, ფასის ყოველდღიური მატება, ლირის გაუფასურება – ეს ყველაფერი საბოტაჟის შედეგია.
„ვხედავთ მათ თამაშს კურსებით და პროცენტებით ქვეყნის სტაბილური ვითარებიდან გამოყვანის მიზნით. იმავე თამაშს ვხედავდით ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის დროს, მაგრამ კონტრშეტევაზე გადავედით და გავიმარჯვეთ. მსგავსი თამაშები მიმდინარეობდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს – ხალხთან ერთად დავუპირისპირდით ამას და გავიმარჯვეთ. ყველა ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვედით, როდესაც ხალხთან ერთად დავდექით. ჩვენს ერს გამარჯვებულს გამოვიყვანთ ამ გამათავისუფლებელი ომიდანაც“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის – სახალხო რესპუბლიკური პარტიის (CHP) ლიდერ ქემალ ქილიჩდაროღლუს ასეთი რეაქცია ჰქონდა პრეზიდენტის გამოსვლაზე: „კარგი და რა მოხდა, რომ გამათავისუფლებელი ომი დაიწყო? ვინმე სხვა მართავდა ქვეყანას?“.
„სამზარეულოებს ცეცხლი უკიდია. ხელისუფლება ბითუმად მოვაჭრეებს, მაღაზიების მეპატრონეებს ადანაშაულებს. შევხვდი მათ, ბითუმად მოვაჭრეები ამბობენ, რომ „საწყისი ფასი ძალიან მაღალია, ფერმერებს მხარს არ უჭერენ, მთელი მხარდაჭერა მიდის მიწების მეპატრონეებზე და არა მათზე, ვინც მათ ამუშავებს. 55 მილიონი ტონა პროდუქციიდან 29 მილიონი რეგისტრაციას არ გადის. ყუთი უფრო ძვირია, ვიდრე პამიდორი, რომელიც მასში დევს. საწვავის ფასი, გზა და ტრანსპორტი გავლენას ახდენს თვითღირებულებაზე. ჩვენ მხოლოდ 8-პროცენტიანი ფასნამატით ვმუშაობთ, ფასს ვერ ვუმატებთ.
მაღაზიებში სამუშაოდ აიყვანეს თანამშრომლები, რომლებიც ყოველ საათში ცვლიან ფასებს. თურქეთი ისეთ ზღვართან მივიდა, როდესაც საქონლის გაყიდვით, ზარალს ნახულობ. თუკი მწარმოებლებს მხარს არ დავუჭერთ, შესაძლოა შიმშილის პრობლემას შევეჯახოთ. გაყიდული პროდუქციის 77 პროცენტი სოფლის მეურნეობის საქონელზე მოდის. ფასები არ დაიწევს ზეწოლის ქვეშ, კონტროლის ქვეშ. შავ ბაზარზე გადავა. დოლარის ყოველ გაძვირებასთან ერთად ფასები იზრდება. და ვინ იხდის ლირის საფასურს? ცდილობენ პასუხისმგებლობა მოქალაქეებზე გადაიტანონ“, – განაცხადა ქილიჩდაროღლუმ.
10 მილიარდი დოლარი არაბებისგან
24 ნოემბერს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უმასპინძლა ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აბუ-დაბის პრინცს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰაიანი. მათ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და თურქეთს შორის პირდაპირი ინვესტიციების შესახებ. შეთანხმება ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორებიც არის ენერგეტიკა, ნავთობქიმია, ტექნოლოგიები, ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, საფინანსო მომსახურება, საკვები პროდუქცია და სოფლის მეურნეობა.
შეხვედრის შემდეგ აბუ დაბის განვითარების ჰოლდინგის მმართველმა, მოჰამედ ჰასან ალ-სუვაიდიმ განაცხადა, რომ არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა 10 მილიარდი დოლარი გამოყო თურქეთის ეკონომიკაში ინვესტირებისთვის.
მრავალი წლის განმავლობაში, თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობები არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული მეგობრულობით რეგიონულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის გამო, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ეკონომიკური კავშირების განსამტკიცებლად და დაძაბულობის შესამცირებლად. ეს პირველი მსხვილმასშტაბიანი ეკონომიკური შეთანხმებაა, რომელსაც მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ ორ ქვეყანას შორის მოეწერა ხელი.
მაგრამ ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთმა მომხმარებლებმა სიტყვასიტყვით ასეთი რამ დაწერა: „ჩვენ ერთი პუნქტითაც არ შეგვიმცირა საპროცენტო განაკვეთი (მხედველობაში აქვს ცენტრალური ბანკის განაკვეთის ცვლილება – JAMnews), მაგრამ გვაიძულა დახმარება არაბებისთვის გვეთხოვა. ჩემი მშვენიერი ქვეყანა ნაწილ-ნაწილ იყიდება“.
სოციალური ქსელების მეორე მომხმარებელმა კი ასეთი კომენტარი გააკეთა მედიაჯგუფ Rûdaw-ის Twitter-ის გვერდზე ხელშეკრულების გაფორმების შესახებ გამოქვეყნებულ შეტყობინებაზე:
„დახმარება ვთხოვოთ არაბებს, რომლებსაც დავცინოდით… იმედია ახლა გაიგეთ, რომ არცერთ ეროვნებაზე არ უნდა იცინოთ“.
ჩარევა ჩაურევლად
ეკონომისტების აზრით, მომხდარის მიზეზი გახდა სიტუაციისადმი პრეზიდენტ ერდოღანის დამოკიდებულება. იმ მოდელის მიხედვით, რომელიც პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე თავის ბოლო გამოსვლაში გააჟღერა, ვალუტის გაძვირების პრევენცია არ არის საბოლოო მიზანი. მაღალ კურსთან ერთად მოსალოდნელია ექსპორტის ზრდა, მაგრამ დავიწყებულია ინფლაციის ზრდა. და ამიტომ ეკონომისტები დარწმუნებულები არიან, რომ ახლა რთული გამოსაცნობია, სადამდე გაიზრდება ძირითადი უცხოური ვალუტების კურსი. ახალი სისტემა რისკს შეიცავს.
მარმარის უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტის პროფესორმა, ბურაქ არზოვმა უცხოური ვალუტის კურსზე საუბრისას აღნიშნა: „ამას დასასრული არ აქვს, ეს უძირო ჭა არის“.
„ადამიანებმა პანიკაში დოლარის ყიდვა დაიწყეს მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ მთავრობა გააგრძელებს საპროცენტო განაკვეთის შემცირებას და არ აპირებს კურსის ზრდის შეჩერებას. იმიტომ რომ, თუკი თქვენ არ შეგიძლიათ და არ აპირებთ კურსის ზრდის შეჩერებას, არ გეცოდინებათ, სადამდე გააგრძელებს ის ზრდას“, – ხაზი გაუსვა პროფესორმა. არზოვის აზრით, რომელიც ინფლაციის ზრდის გამო დიდ შოკს ელის, უცხოელი ინვესტორები გაცვლითი კურსის ზრდის გამო თავს აარიდებენ აქტივებს თურქულ ლირაში. მისი პროგნოზით, ხელისუფლება გაზაფხულს ელოდება, რადგან ტურისტული ნაკადის ზრდა და, შესაბამისად, ვალუტის შემოსვლა, ლირის დანაკარგების კომპენსირებას ახდენს, რასაც ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდა და მიმდინარე დეფიციტის შემცირება. „მაგრამ, ამავდროულად, არსებობს იმის ალბათობა, რომ კურსმა იმ დონემდე მოიმატოს, რომლის მოლოდინიც მთავრობას შეიძლება არ ჰქონოდა“, – შეაჯამა საკუთარი ნათქვამი ეკონომისტმა.