გადარჩენილები მოსულიდან
“კავკაზსკი უზელის“ მასალების მიხედვით
გუშინ გროზნოში ორი ბავშვი ჩამოიყვანეს – რვა წლის გოგონა და ბიჭი, რომელიც ცხრა წლისაა. ორივე ბავშვი ჩეჩენია, რომლებიც დაახლოებით ერთი წლის წინათ ახლო აღმოსავლეთში ჩაიყვანეს მშობლებმა – უფრო სწორად, „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა, ან ამ ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაახლოებულმა ადამიანებმა.
„ბავშვებმა მოსულზე სარაკეტო თავდასხმების დროს დამწვრობები მიიღეს და მკურნალობას საჭიროებენ“, – განაცხადა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთი აფრიკის ქვეყნებში ჩეჩნეთის წარმომადგენელმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, ზიად საბსაბიმ. მანვე თქვა, რომ ბავშვების მშობლები დაიღუპნენ.
„მშობლები (ბიჭუნას), ძმა და ორი და დაიღუპნენ. მის მპოვნელ ჯარისკაცს ეგონა, რომ ბავშვი დანაღმული იყო, მაგრამ ბავშვმა ავტომატიანი ადამიანის დარწმუნება შეძლო, რომ არაფერი არ ჰქონდა. გოგონას ფეხები ძლიერად აქვს დამწვარი. ექიმებმა მას აეროპორტშივე აღმოუჩინეს აუცილებელი დხმარება. მისი მშობლები, ორი ძმა და და ასევე ადგილზე დაიღუპნენ“, – ციტირებს საბსაბის სიტყვებს ჩეჩნეთის მეთაურის ვებგვერდი.
“ჩვენი მოქალაქეებისა და ბავშვების შესახებ მონაცემები ყოველდღიურად იცვლება, ჩვენ ყოველდღიურად ახალ ინფორმაციას ვიღებთ, თითოეულ შეტყობინებას ვამოწმებთ. შევიტყვეთ მოსულის ჩრდილოეთში ბანაკის არსებობის შესახებ, სადაც, ჩვენი მონაცემებით, შესაძლოა 70-დან 120-მდე რუსეთისა და დსთ-ს მოქალაქე იმყოფებოდეს. ესენი არიან აზერბაიჯანელებიც, უზბეკებიც და ტაჯიკებიც“, – განუცხადა საბსაბიმ „რია ნოვოსტის“.
გათავისუფლებული ბავშვები ნათესავებს გადასცეს – იუწყებიან, რომ ჩეჩნეთში ორივეს ჰყავს ნათესავები დედების და მამების მხრიდანაც.
ბავშვების დაბრუნებას ნათესავები ითხოვენ
“ხშირად სწორედ ნათესავები ხდებიან ბავშვების სამშობლოში დაბრუნების ინიციატორები. ხელისუფლებისადმი მიმართვები მას შემდეგ გახშირდა, რაც სირიიდან ჩეჩნეთში პირველი ბავშვი დააბრუნეს. ეს 1 აგვისტოს მოხდა“, – უთხრა „კავკაზსკი უზელს“ ერთ-ერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
„ბავშვების ნათესავებმა აქტიურად ადიწყეს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩეჩნეთის ხელისუფლებისადმი მიმართვა ერაყიდან და სირიიდან თავიანთი შვილებისა და შვილიშვილების დაბრუნებაში დასახმარებლად“, – თქვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, – თითოეული დედა და ბებია იმედოვნრბს, რომ მათი შვილები და შვილიშვილები გადარჩენილებს შორის აღმოჩნდებიან“, – დასძინა მან.
აგვისტოს შუა რიცხვებში ქალების აქცია ჩატარდა: მათ ქალაქის ქუჩებში მარში მოაწყვეს და ჩეჩნეთის ხელისუფლებას და პირადად რამზან კადიროვს ერაყისა და სიირიის ტერიტორიიდან ნათესავების დაბრუნებაში დახმარება მოსთხოვეს. მაშინ ვარაუდობდნენ, რომ ერაყში რუსეთიდან მშობლების მიერ გაყვანილი 48 ბავშვი იმყოფებოდა.
1 სექტემბერს ჩეჩნეთში ერაყიდან სპეცრეისი ჩავიდა: ოთხი ქალი და რვა ბავშვი. ერთ-ერთი გათავისუფლებულის იმან მუზაევის ნათესავი ქალი ჰყვებოდა, რომ ახალგზრდა ქალის დედა აქტიურად მოითხოვდა ქალიშვილის გათავისუფლებას:
“ის გროზნოში გამართული ქალთა მსვლელობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო, ჩეჩნეთის ხელისუფლებას შვილის სამშობლოში დასაბრუნებლად თანადგომას სთხოვდა. იმანი 2000-იანი წლების დასწყისიდან ყაზახეთში ცხოვრობდა. როდესაც ის და მისი ქმარი სირიაში გაემგზავრნენ, მათ მხოლოდ ერთი ვაჟი ჰყავდათ, მათი ორი მომდევნო ვაჟი სირიასა და ერაყში გაჩნდნენ. უფროსი ოთხი წლისაა, უმცროსი კი სულ ექვსი თვის. იმანის ქმარი გასულ წელს მოკლეს, მას კი ბავშვებთან ერთად ერაყიდან დამოუკიდებლად გამოღწევა არ შეეძლო“, – უთხრა მუზაევას ნათესავმა „კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტს.
ახლო აღმოსავლეთის საომარი მოქმედებების ზონიდან ბავშვების ევაკუაციის საკითხი 2017 წლის ივნისში დადგა, – განუცხადა Forbes-ის ჟურნალისტმა ორჰან ჯემალმა „კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტს.
“ბავშვების ერაყიდან გაყვანის საკითხი მოსულზე განხორციელებული შეტევის შემდეგ უფრო მწვავედ დაისვა. იქ უამრავი ბავშვი დაიღუპა, გადარჩენილები კი საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდნენ: მათი მშობლები დაიღუპნენ, თავად ბავშვები კი პოლიტიკურად მტრულ გარემოცვაში მოხვდნენ. სრულიად გაუგებარი იყო, თუ რა უნდა ექნათ ამ ბავშვებისთვის“.
გათავისუფლებულ მოსულში ბოევიკების შვილებისა და ცოლების მიმართ სასტიკ მოპყრობაზე ირიბად მეტყველებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის ზეიდ რაად ალ-ჰუსეინის და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტურბიერნ იაგლანდისადმი რუსეთში ადამიანის უფლებების დამცავი უფლებამოსილი პირის ტატიანა მოსკალკოვას მიმართვა, მხარი დაეჭირათ „ტერორისტებისგან მოსულის გათავისუფლების ოპერაციის დროს ერაყის ხელისუფლების მიერ დაკავებული რუსი ქალებისა და ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობის დამგმობი პოზიციისთვის“.
რატომ მიჰყავთ ბავშვები ომში?
რადიკალური ორგანიზაციების მომხრეებს თავიანთი ოჯახები სირიასა და ერაყში ჩაჰყავთ, რადგან სამშობლოში დაბრუნებას აღარ აპირებენ, – უამბო „კავკაზსკი უზელს“ ყოფილმა ბოევიკმა, რომელმაც, მას შემდეგ, რაც „ისლამური სახელმწიფოს“ იდეებმა იმედი გაუცრუა, რუსეთში დაბრუნება მოახერხა.
გარდა ამისა, ბევრი ბავშვი უკვე ომში გაჩნდა: ჩეჩენ უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ ბოლო წლებში სირიაში ათობით ახალგაზრდა ქალი გაემზავრა.
ივლისში, ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუსახელებელმა წყარომ „კავკაზსკი უზელს“ აცნობა, რომ სირიასა და ერაყში შეიძლება ასობით ჩეჩენი ბავშვი და ქალი იმყოფებოდეს.