ზავის დადებიდან ერთი წლის შემდეგ: ფაშინიანმა ომის შემდგომ ვითარებაზე ისაუბრა
10 ნოემბრის საღამოს ერთი წელი სრულდება რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ სამმხრივ განცხადებაზე ხელმოწერიდან. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომენტარი გააკეთა ომის შემდგომ შექმნილ სიტუაციაზე, შეეხო სამმხრივი დოკუმენტის პუნქტებსა და მათ შესრულებას კონფლიქტის მხარეების მიერ. ნიკოლ ფაშინიანმა ასევე ისაუბრა სამშვიდობო შეთანხმებასა და აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციაზე, სომეხი ტყვეების დაბრუნებაზე, „3+3“ ფორმატსა და პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრის შესახებ ხმების თაობაზე.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს ძირითადი თეზისები.
- ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ერევანში იმყოფება
- ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის აზერბაიჯანთან მოლაპარაკების პროცესი განაახლოს
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაზე
ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე მთელი წლის განმავლობაში მუდმივად არღვევდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს. და ეს ფაქტი დააფიქსირეს რუსმა სამშვიდობოებმა, რომლებიც რეგიონში ზავის გაფორმების შემდეგ იმყოფებიან:
„ვიმედოვნებ, რომ ამ საქმეებზე სათანადო გამოძიება ჩატარდება, საჭირო ზომები იქნება მიღებული. […] 9 ნოემბრის შემდეგ, ალბათ, მხოლოდ 5-6 დღე იყო, როდესაც არ დაფიქსირებულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის არცერთი დარღვევა. წარმოიდგინეთ, სულ 5-6 დღე ერთი წლის განმავლობაში“.
აზერბაიჯანის მიერ ერთი წლის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო სომხური მხრიდან 28 ადამიანი დაიღუპა.
პუბლიკაციის გამოქვეყნების მომენტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლის შედეგად კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, სამი ადამიანი დაიჭრა.
ფაშინიანი დადებითად აფასებს რეგიონში რუსი სამშვიდობოების განთავსებას. ამავდროულად, ზავის რეჟიმის დარღვევა და სომეხი ჯარისკაცების დაღუპვა შესაძლებლობას აძლევს ივარაუდოს, რომ აზერბაიჯანი „სამშვიდობოების საქმიანობის დისკრედიტაციის“ პოლიტიკას აწარმოებს.
ტყვეების დაბრუნების შესახებ
პრემიერის თქმით, სომეხი ტყვეების უმრავლესობა, რომლებიც ჯერ კიდევ აზერბაიჯანში იმყოფებიან, სამმხრივი განცხადების შემდეგ დააკავეს, დოკუმენტის მერვე პუნქტი კი მათ დაბრუნებასაც ეხება:
„აზერბაიჯანის მხრიდან იმის ინტერპრეტაცია, ვინ არის სამხედრო ტყვე და ვინ არა, უადგილოა, იმიტომ რომ, განცხადებაში ნათქვამია: სამხედრო ტყვეები, მძევლები, სხვა დაკავებული პირები – ანუ ფაქტობრივად ყველა, ვინც საკუთარი ნების წინააღმდეგ არის დაკავებული, ხვდება განცხადების ამ პუნქტში. ამავდროულად, ხაზი მინდა გავუსვა, რომ მასში არავითარი განსხვავება არ არის – 9 ნოემბრამდე აიყვანეს ტყვედ თუ შემდეგ“.
„ზანგეზურის დერეფნის“ შესახებ
პრემიერმა თქვა, რომ გაძლიერებული მუშაობა მიმდინარეობს რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვისთვის და მას იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში, კონკრეტული შედეგები დადგება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფაშინიანი ხაზს უსვამს, რომ ე.წ. ზანგეზურის დერეფნის თემა 2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ დაიხურა. და თურქეთშიც კი ამ დღეებში გაისმა განცხადება იმის შესახებ, რომ „დერეფანს“ სომხეთი უნდა აკონტროლებდეს.
საუბარია გზაზე, რომელიც სომხეთის სიუნიქის პროვინციის სამხრეთზე გადის და აზერბაიჯანს მის ანკლავთან, ნახიჩევანთან აკავშირებს. სომხურმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის კომუნიკაციების განბლოკვისთვის, მაგრამ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ისეთი გზის არსებობას, რომელიც არ იქნება მისი სუვერენული კონტროლის ქვეშ.
„შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ლექსიკური პრეფერენციების მიუხედავად, საუბარია რეგიონული კომუნიკაციების გახსნაზე“, – განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პრობლემა ცნებების, მოსალოდნელი გადაწყვეტილებების ფორმულების აღქმის დაახლოება და იდენტიფიცირებაა.
რას განიხილავენ ვიცე-პრემიერები
სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ვიცე-პრემიერების უკვე გამართული 8 შეხვედრის განმავლობაში, ფაშინიანის თქმით, დიდი სამუშაო განხორციელდა.
სამმხრივი სამუშაო ჯგუფი 2021 წლის იანვარში შეიქმნა სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ ხელმოწერილი ზავის პუნქტების რეალიზაციისთვის. კერძოდ, ვიცე-პრემიერები განიხილავენ ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კომუნიკაციის განბლოკვის საკითხს.
სამუშაო ჯგუფი თავდაპირველად ტექნიკურ საკითხებს სწავლობდა: რომელი გზები მოქმედებდა კონფლიქტამდე და რა გზების ამოქმედება შეიძლება ახლა.
ფაშინიანის თქმით, შედეგად აზერბაიჯანს ექნება სატრანსპორტო კავშირი ნახიჩევანთან სომხეთის სუვერენული გზით, სომხეთს კი აზერბაიჯანის გზის გავლით ექნება გასასვლელი რუსეთსა და ირანზე.
და თუკი დროთა განმავლობაში გაირკვევა, რომ ტვირთბრუნვის მოცულობა იმდენად დიდია, რომ არსებული სატრანსპორტო კომუნიკაციები არასაკმარისია, მაშინ, მხარეთა შეთანხმებით, ახალი გზები აშენდება.
„სამუშაო ჯგუფმა გაწერა, მონიშნა და შეისწავლა ყველა შესაძლო მარშრუტი: იჯევანი-ყაზახის მონაკვეთი, ბერდი-თოვუზის მონაკვეთი, ანგეღაკოთი-ბიჩანაქის მონაკვეთი, ჰორადიზი-ერასხის მონაკვეთი, ჰოდარიზი-მეღრი-ორდუბადი-ერასხის მონაკვეთი. და ჩვენი აღქმა ასეთია, რომ ახალი რკინიგზა უნდა გავიყვანოთ ერასხი-ორდუბადი-მეღრი-ჰორადიზის მონაკვეთზე – სომხეთის რესპუბლიკამ თავის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანმა – თავისზე და ასევე, საავტომობილო გზები“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.
მშვიდობის შესახებ
ნიკოლ ფაშინიანი შეეხო აზერბაიჯანისა და თურქეთის განცხადებებს იმის შესახებ, რომ სომხეთს ზავი შესთავაზეს, მაგრამ სომხურ მხარეს ჯერჯერობით პასუხი არ აქვს. პრემიერმა თქვა, რომ ზავის შეთავაზება აზერბაიჯანის მონოპოლია არ არის:
„ჩვენ თვითონ შევთავაზეთ მშვიდობა, ეს არაერთხელ გავაკეთეთ. და ძალიან უცნაურია განცხადებები იმის შესახებ, რომ სომხეთს რეაგირება არ მოუხდენია. სომხეთმა რეაგირება მოახდინა, სომხეთმა განაცხადა, რომ მზადაა“.
ფაშინიანის თქმით, სომხურმა მხარემ მზაობა გამოთქვა, რომ დისკუსიები ჩატარდეს „ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფორმატის ფარგლებში (რუსეთი, აშშ და საფრანგეთი – ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების შუამავლები 2020 წელს ყარაბაღის მეორე ომის დაწყებამდე – JAMnews), კერძოდ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხის ჩათვლით“.
კითხვაზე, რატომ არ შედგა ამ დრომდე თანათავმჯდომარეების ვიზიტი რეგიონში, რომლის შესახებაც ადრე განაცხადეს, ფაშინიანმა უპასუხა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ფაშინიანს აცნობა თანათავმჯდომარემ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ენდრიუ შაფერმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ესტუმრა სომხეთს სხვა დელეგაციის შემადგენლობაში.
„ვფიქრობ, აზერბაიჯანის მხრიდან არის გარკვეული წინააღმდეგობები“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
დემარკაციისა და დელიმიტაციის შესახებ
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საკითხები ა) დემარკაციისა და დელიმიტაციის, ბ) მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების და გ) რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის – მკაფიოდ არის შემოსაზღვრული.
ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზად არის დაიწყოს დემარკაციის პროცესი, მაგრამ რთულად წარმოსადგენია საზღვრის განსაზღვრის საკითხი იქ, სადაც ყოველდღიურად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.
„თქვენს კონკრეტულ კითხვაზე, არის თუ არა რაიმე კონკრეტული შეთანხმებები, უნდა გიპასუხოთ, რომ სამწუხაროდ, არ არსებობს“, – თქვა ფაშინიანმა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ 1973, 1975, 1980 და 1985 წლების რუკები – ძირითადად უფრო ადრინდელის ასლია, მაგრამ ხანდახან ისინი მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან. მისი აზრით, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რის საფუძველზე ხდებოდა საზღვრის დემარკაცია საბჭოთა სომხეთსა და საბჭოთა აზერბაიჯანს შორის:
„რუკაზე საუბრისას ქაღალდის ნაგლეჯს არ ვგულისხმობთ. მხედველობაში გვაქვს მისი სამართლებრივი დასაბუთება, იმიტომ რომ, რუკას იურიდიული დასაბუთების გარეშე აზრი არ აქვს“.
ფაშინიანი ვარაუდობს, რომ ასეთ დასაბუთებად შეიძლება იქცეს რუკები, რომლებიც აზერბაიჯანმა და სომხეთმა 1920-1930-იან წლებში შეათანხმეს.
„3+3“ ფორმატის შესახებ
პრემიერის თქმით, სომხეთის მთავრობა დაინტერესებულია ყველა შესაძლო რეგიონული თანამშრომლობით. რაც შეეხება „3+3“ ფორმატს, ფაშინიანის განცხადებით, სომხეთმა უკვე გამოხატა თავისი პოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დონეზე:
„ჩვენი პოზიცია ასეთია: „3+3“ შესაძლო ფორმატი თავის დღის წესრიგში არ უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, რომლებსაც ჩვენ უკვე განვიხილავთ შეთანხმებულად სხვა ფორმატებში. კერძოდ, რეგიონული კომუნიკაციების გახსნის საკითხი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხი და ა.შ.“.
„3+3“ ფორმატი შემოთავაზებული და ხელშეწყობილია თურქეთის ხელისუფლების მიერ. ის 6 სახელმწიფოს თანამშრომლობასა და ჩართვას ითვალისწინებს – საქართველოს, რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის.
ფაშინიანის თქმით, თუკი ეს ფორმატი მოიტანს ახალ, ორმხრივად მისაღებ დღის წესრიგს, მაგალითად, რეგიონში ეკონომიკური ტრანზიტის შესაძლებლობების შესწავლას, სომხეთი შეიძლება ამით დაინტერესდეს.
ფაშინიან-ალიევის შესაძლო შეხვედრის შესახებ
აზერბაიჯანის პრეზიდენტთან 9 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრის შესახებ პრესაში გავრცელებულ პუბლიკაციებზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ასეთი შეთანხმება არ არსებობს.
ფაშინიანმა გაიხსენა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში გამოსვლა, რომელმაც თქვა, რომ მოლაპარაკებების მრავალი ფორმატი განიხილება.
პრემიერმა კვლავ ხაზი გაუსვა, რომ ის შეხვედრის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია კონტექსტი, სიმბოლიკა და მოსალოდნელი შედეგი: „თუკი შეგვიძლია [კონკრეტული] შედეგის დაფიქსირება, შეხვედრაზე უარს არ ვიტყვით, მაგრამ ჩვენ ვემხრობით იმას, რომ შეხვედრები თვითმიზნად არ იქცეს“.