სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტები სოჭში შეხვდნენ
სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 23 აგვისტოს ოფიცილური ვიზიტით გაემგზავრა სოჭში რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად. როგორც სომხეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახური აღნიშნავს, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ რიგი საკითხები განიხილეს.
ოფიციალური ცნობის თანახმად, სერჟ სარგსიანმა და ვლადიმირ პუტინმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ფარგლებში ინტეგრაციული პროცესების განვითარებაზე იმსჯელეს, და ერთმანეთს აზრები გაუზიარეს საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის – ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე.
„სომხეთსა და რუსეთს – როგორც ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გამყარდა“, – თქვა ვლადიმირ პუტინმა, და აღნიშნა, რომ წელს სომხურ-რუსული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი შესრულდა, რამდენიმე დღეში კი, 29 აგვისტოს, 20 წელიწადი შესრულდება, რაც ხელი მოეწერა „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმებას“.
პუტინმა ასევე თქვა, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი მიმდინარეობს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში.
სერჟ საგსიანმა აღნიშნა, რომ სომხურ-რუსული სტრატეგიული ურთიერთობები უმაღლეს დონეზე მუდმივად გამართული ინტენსიური დიალოგითა და ფართო საგარეო პოლიტიკური კოორდინაციით გამოირჩევა.
„ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება, გასულ წელს სავაჭრო ბრუნვის 15%-იანი ზრდა გვქონდა. ამ წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ის თითქმის 24%-ით გაიზარდა. ჩვენი ქვეყნების პარლამენტებსა და მთავრობებს შორის მუდმივი კავშირი არსებობს. განუხრელად ვითარდება ასევე თანამშრომლობა რეგიონთაშორის და ჰუმანიტარულ სფეროებში“, – თქვა სომხეთის პრეზიდენტმა.
დაგროვდა კითხვები
სარგსიანისა და პუტინის შეხვედრა სომხურ და რუსულ საექსპერტო წრეებში განიხილებოდა. მას შედეგ, რაც ამ ვიზიტის შესახებ ცნობილი გახდა, პოლიტოლოგები იმის ამოხსნას ცდილობდნენ, თუ რას უკავშირდება სარგსიანის რუსეთში ვიზიტი.
პოლიტიკური მიმომხილველი აკოპ ბადალიანი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრას მოვლენების მომავალი განვითარების თვალსაზრისით არსებითი შედეგი მოჰყვება. მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს შეხვედრა გარდამტეხი აღმოჩნდეს, თუმცა უდავოდ პროდუქტიული იქნება.
„ეს არის მორიგი მაღალი დონის სომხურ-რუსული შეხვედრა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში დაგროვდა კითხვები, მოხდა მოვლენები, რომლებიც ამ შეხვედრის ახალ დღის წესრიგს აყალიბებს“, – აღნიშნა ბადალიანმა.
პოლიტიკური ანალიტიკოსის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმავე დღეს სოჭში პუტინი ასევე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსაც ხვდება, ხოლო ერთი კვირით ადრე იმავე ადგილას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
„ბევრმა შენიშნა დროში დამთხვევა, განსაკუთრებით მანამდე რამდენიმე კვირით ადრე ისრაელის მაღალი რანგის ჩინოსნის – რეგიონული თანამშრომლობის მინისტრის სომხეთში ვიზიტის ფონზე, რომელიც მანამდე სპეცსამსახურის ხელმძღვანელი იყო, და რომლის ერევანში მიღება სერჟ სარგსიანმა არ ისურვა. მიუხედავად ამისა, ეს ბოლო წლებში სომხეთ-ისრაელის ურთერთობაში უპრეცედენტო ვიზიტი იყო.
ვიზიტმა რამდენიმე დღეში განსაკუთრებული ელ-ფერი შეიძინა, როდესაც ისრაელის უპილოტო თვითმფინავების მწარმოებელ კომპანიასა და აზერბაიჯანს შორის დადებული კონტრაქტის ფარგლებში, ისრაელის უპილოტო თვითმფრინავების მიერ სომხეთის სამხედრო პოზიციების მიმართულებით განხორციელებული საცდელი დარტყმების გამო ისრაელის პრესაში ხმაური ატყდა…
ეჭვს არ იწვევს, რომ ლაპარაკია რეგიონში თუნდაც შედარებით მშვიდობიანი ვითარების შენარჩუნებაზე, კერძოდ ყარაბაღის ზონაში – სომხური ძალების კონტოლქვეშ და მესამე ძალის ჩაურევლად. საქმე ისაა, რომ რუსეთი და ისრაელი, როგორც მესამე მხარე, ძალიან ახლოს არიან ამ ზონასთან მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღის სახით“, – წერს აკოპ ბადალიანი.
სომეხი პოლიტოლოგები ასევე მოელოდნენ, რომ საგსიანი-პუტინის შეხვედრის დროს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიასთან თურქეთის მიერთების საკითხიც იქნებოდა განხილული. ამ საკითხის წვრილმანები JAMnews-მა წარმოადგინა თავის სტატიაში „თურქეთმა ანკესი გადააგდო“. აურზაური არაფრის გამო“.
https://jam-news.net/?p=55230&lang=ka
რუსმა ანალიტიკოსმა ვადიმ დუბნოვმა აღნიშნა, რომ სარგსიანს და პუტინს ბევრი რამ აქვთ განსახილველი, ყარაბაღის საკითხი კი იმ მხრივ არის მოსახრხებელი, რომ „ამით შესაძლებელია ნებისმიერი მსჯელობა შეინიღბოს, იქნებ არც იმდენად მასშტაბური, თუმცა მოსკოვისთვისაც და განსაკუთრებით ერევნისთვის ალბათ უფრო მნიშვნელოვანი. მაგალითად, პერსპექტიული სტრატეგიული, სამხედრო-ტექნიკური საკითხები, ანდა ის საკითხები, რომლებიც სომხეთის ევროპულ ინტეგრაციას ეხება“.