კომენტარი: მოხსენება აფხაზეთში ადამიანის უფლებების შესახებ, რომლის დამალვასაც ევროკავშირი ცდილობს
photo JAMnews
პუბლიკაციის ორიგინალი Middle East Eye-ში
ევროპის კავშირს პატივი უნდა მიეგოს იმისთვის, რომ საგარეო პოლიტიკის საკითხებში მისი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი ახლახან ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის ინაუგურაციაზე იმყოფებოდა.
აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა წამყვანი სახელმწიფოების მიერ ირანთან დადებული ბირთვული გარიგების გამო, დონალდ ტრამპის მხრიდან გახშირებული თავდასხმების ფონზე, ასეთი საქციელს მართლაც გაბედულება სჭირდებოდა. ეს ევროკავშირის მხრიდან წინააღმდეგობის აქტი იყო, რომელიც სათანადოდ არ შეფასდა.
თუ ამერიკულ მედიაში გაჟონილ ინფორმაციას დავუჯერებთ, ტრამპი უარის თქმას აპირებს ამ გარიგებაზე, რომლის მიღწევასაც მისი წინამორბედი ბარაკ ობამა ასე ცდილობდა. ის აპირებს, რომ ირანი – ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე – შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულოს.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი იმპულსურად და მარტო მოქმედებას ამჯობინებს, რა თქმა უნდა, ევროპელების მხარდაჭერა მას მაინც გაახარებდა. ამ სიტუაციაში პატივისცემას იმსახურებს მოგერინის გადაწყვეტილება იმის საჩვენებლად, რომ ევროპა მზადაა, შეეწინააღმდეგოს და არა დათანხმდეს ირანის მხრიდან დარღვევების ფაბრიკაციას.
სამწუხაროდ, მსოფლიო პოლიტიკისთვის არც ისეთ რეზონანსულ სხვა საკითხში, როგორიც ირანთან ურთიერთობაა, ევროკავშირი აშკარა სისუსტეს იჩენს.
საქმე მის აღმოსავლეთევროპელ შავი ზღვისპირა პარტნიორს ეხება.
წ ელიწადნახევრის წინ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკიური სამსახურის გენერალური მდივანი ჰელგა შმიდი დათანხმდა წინადადებას იმის შესახებ, რომ დამოუკიდებელ ექსპერტს გამოეკვლია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაცია აფხაზეთში, საქართველოსგან ჩამოცილებულ რეგიონში.
ექსპერტის მიწვევის თხოვნა სამხრეთი კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლისგან ჰერბერტ სალბერისგან მივიდა.
ექსპერტად აირჩიეს თომას ჰამემბერგი – უზადო რეპუტაციის მქონე შვედი დიპლომატი, რომელმაც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარის თანამდებობაზე ექვს წელიწადს იმუშავა. მისი მისია – გამოკვლევის ჩატარება და მოხსენების მომზადება – მოიწონეს გაერომ და ეუთომ, რომლებიც ევროკავშირთან ერთად თავმჯდომარეობენ 2008 წელს საქართველოში მომხდარი კონფლიქტის შედეგების თაობაზე ჟენევის მოლაპარაკებებს. მაშინ, რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და ხანმოკლე ომის შემდეგ, რუსეთმა სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.
შეთანხმება სამუშაოს საჯაროობის შესახებ
ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ეს მოხსენება ღია ხელმისაწვდომობით გამოქვეყნდებოდა. და ეს ყველამ იცოდა, ვინც ამ მოხსენებისთვის საუბარს თანხმდებოდა – ოფიციალურმა პირებმაც და რიგითმა მოქალაქეებმაც.
ჰამემბერგმა საუშაოდ მიიწვია მაგდალენა გრონო, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის თანამშრომელი. ისინი ექვსჯერ იმყოფებოდნენ ერთად აფხაზეთში, სადაც თბილისის გავლით ჩადიოდნენ, და სადაც საქართველოს ოფიციალურ პირებს ხვდებოდნენ.
მნიშვნელოვანი მომენტები:
– ჰამემბერგის თქმით, მიიღწა შეთანხმება მისიის „მკაცრად ნეიტრალური“ სტატუსის შესახებ – მხოლოდ ასე შეიძლებოდა გამოძიების ჩატარების უფლების მიღება.
– იყო შეთანხმება, რომ მოხსენებაში არ შევიდოდა მხარეების ურთიერთგამომრიცხავი პრეტენზიები აფხაზეთთან დაკავშირებით, რომლის დამოუკიდებლობა არამხოლოდ რუსეთმა, არამედ კიდევ ორმა ქვეყანამაც აღიარა. ევროკავშირმა ჩამოცილებული რეგიონი არ აღიარა. ის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მომხრეა.
– ვარაუდობდნენ, რომ მოხსენებაში არ შევიდოდა შეფასება აფხაზეთში ადამიანისუფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით და წინადადებები, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს სიტუაცია – იმისდა მიუხედავად, თუ რა ნაბიჯები გადაიდგმება მომავალში კონფლიქტის მოსაგვარებლად.
საბოლოოდ მოხსენება შედგა შემდეგი სავარაუდო პოზიციიდან გამომდინარე:
აფხაზეთში ადამიანის უფლებების შესახებ ევროკავშირის მოხსენება – ამ საკითხის მეტ-ნაკლებად ყოვლისმომცველი გამოკვლევაა. მასში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, საბინაო დისკრიმინაცია, ენების სწავლება სკოლებში, საქართველოში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გალის რაიონის ქართული უმცირესობისთვის, რომლის ბევრი წარმომადგენელი 2008 წელს გაიქცა და შემდგომ დაბრუნდა.
გარკვეული გაუმჯობესება ჯერ კიდევ მოხსენების მომზადების პერიოდში დადგა. დაინიშნა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში უფლებამოსილი პირი, რომლის პოზიციის წარდგენაც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელად ხდებოდა. იყო გაუარესებაც, მაგალითად, მიიღეს კანონი აბორტების აკრძალვის შესახებ (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა).
„დაპირებები არ შესრულდა“
მოხსენების პირველი ვარიანტი ევროკავშირს 2017 წლის დასაწყისში წარედგინა. ის ასევე გაიგზავნა თბილისში, სოხუმსა და მოსკოვში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკვეთრად დაგმო დოკუმენტის „ მკაცრად ნეგატიური“ სტატუსი. ოფიციალური პირები ითხოვდნენ, რომ აფხაზეთის ხსენებისას აუცილებლად დაესახელებინათ მისი საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა, ხოლო ქართველი მოსახლეობისადმი დამოკიდებულება ტერმინი „გენოციდით“ ხასიათდებოდა. ისინი ასევე წინააღმდეგი იყვნენ, რომ ადამიანის უფლებების საკითხებში აფხაზური კანონმდებლობა განეხილათ, რადგან მათი თვალსაზრისით, ეს ოკუპაციის ლეგალიზაციას ნიშნავდა.
ჰამემბერგის თქმით, საქართველს საგარეო საქმეთა სამინისტრო ენერგიულიად გამოვიდა ამ მოხსენების გამოქვეყნების წინააღმდეგ. ქართულმა მხარემ რუსეთისადმი საერთო არაკეთილგანწობით ისარგებლა და თავისი ძალისხმევისას პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების მხარდაჭერა მოიპოვა.
ჰ ელგა შმიდმა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების გენერალურმა მდივანმა მაშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ მოხსენებისთვის „შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი სამუშაო დოკუმენტის“ სტატუსი მიენიჭებინა. შმიდი კომენტირებისთვის მიუღწეველი აღმოჩნდა, მაგრამ პოლიტიკურ საკითხებში მისმა თანაშემწემ ოლივერ დაჟიჩმა გამოცემა Middle East Eye-სთან მიმოწერისას აღიარა, რომ „ მოხსენების მთავარი მიზანი იყო „აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობისადმი ყურადღების მიპყრობა“. მას არ უთქვამს, თუ რა მიზეზით არ გამოქვეყნდა ეს დოკუმენტი.
ეს ყველაფერი არათანმიმდევრულობას და და სიმხდალეს ჰგავს. „საინტერესოა, რომ ისინი იმ ქვეყნის მხრიდანაც კი ექვემდებარებიან ზეწოლას, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის. ეს ცუდის ნიშანია. მათ დანაპირები არ შეასრულეს“, – განაცხადა ჰამემბერგმა Middle East Eye-სთან ინტერვიუში.
რა პარადოქსულიც უნდა იყოს, ყველაზე არსებითი კრიტიკა გამოუქვეყნებელ მოხსენებაში გალის რაიონში დაბრუნებული ქართველი მოსახლეობის მდგომარეობას შეეხება. მოხსენებაში დაწვრილებით არის აღწერილი, თუ რა პრობლემებს აწყდებიან ისინი სკოლებსა და საბინაო სფეროში, დაპყრობილი საკუთრების დაბრუნებისა და პასპორტების მინიჭების საკითხში.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ომის მიზეზების და ჩამოშორებული ტერიტორიის სტატუსის შესახებ დისკუსია ქართველი და ევროპელი დიპლომატებისთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე მოხსენების პუბლიკაცია.
ჰამემბერგმა და გრონომ დუმილის შენარჩუნება არ ისურვეს და მოხსენება გამოაქვეყნეს ულოფ პალმეს სახელობის შვედეთის საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე, სადაც ჰამემბერგი ერთხანს გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებდა. მისი წაკითხვა შესაძლებელია აქ.