ხაზარაძე, ჯაფარიძე, ხოშტარია, აბესაძე - ოპოზიციამ ჩრდილოვანი კაბინეტი დაასახელა
თბილისის მერობის კანდიდატმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ნიკა მელიამ კოალიციური ჩრდილოვანი კაბინეტი დაასახელა.
იმ შემთხვევაში, თუ მელია დედაქალაქი მერი გახდება, მისი მოადგილეები იქნებიან:
- მამუკა ხაზარაძე – ლელო;
- ზურაბ ჯაფარიძე – გირჩი – მეტი თავისუფლება;
- ელენე ხოშტარია – დროა;
- ირაკლი აბესაძე – ნაციონალური მოძრაობა.
ნიკა მელიას თქმით, გამარჯვების შემთხვევაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობას აღარ აპირებს და აპირებს დარჩეს პარტიის რიგით წევრად.
“არ მგონია სწორი იყო 1.5 მლნ-იანი ქალაქის მერი იყო და დღის განმავლობაში ერთი მხრივ მთავრობის სხდომას ატარებდე დედაქალაქის მერიაში და დღის სხვა ნაწილში პარტიაში თათბირს ატარებდე“, – განაცხადა მელიამ.
წარდგენის შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი კოალიციური მმართველობაა.
“ერთპარტიული მმართველობა ესაა რუსული ტიპის მმართველობა. 30-წლიანი პოსტსაბჭოთა გამოცდილებაში და ცხოვრებაში დღეს გვაქვს უნიკალური შანსი, რომ სხვადასხვა პარტიებმა, რომელთა პროგრამები და ხედვები არ ემთხვევა ერთმანეთს და მათი მიზანია რომ ეს ქალაქი იყოს უკეთესი – ეს ყველას საერთო გვაქვს”, – თქვა ხაზარაძემ.
ამ დრომდე ვიცე-მერობის კანდიდატად “გირჩი-მეტი თავისუფლებიდან” ცოტნე კობერიძე განიხილებოდა, თუმცა დღეს ყველაფერი შეიცვალა. კობერიძის განმარტებით, 20 ოქტომბრის დილით აღმოჩნდა, რომ სხვა პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს მეორე ტურში თვითონაც აქტიურად ჩაერთონ, “ხმების მაქსიმალურად მობილიზებას კი ზურა, როგორც ვიცე-მერობის კანდიდატი, მასზე კარგად იზამს.”
ვიცე-მერიბის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
“მე ამ ბრძოლას არ ვუყურებ, როგორც ბრძოლას თბილისისთვის. ჩემთვის ესაა ტრამპლინი, რომ თბილისი მოვიგოთ და ამის შემდეგ მოვიგოთ ცენტრალური ხელისუფლება, რომ ამის შემდეგ შეიცვალოს ეს ხელისუფლება.”
მანვე აღნიშნა, რომ საქართველო მოდის საზოგადოებიდან, სადაც თავისუფლება არ არსებობდა – საბჭოთა კავშირიდან, სახელმწიფოდან, რომელიც იდგა ადამიანის მონობაზე.
“ჩემს პოტენციურ მხარდამჭერებს მინდა ვუთხრა – მე მჯერა თავისუფლების. მგონია, რომ ზუსტად მესმის, რა არის თავისუფლება. მეტიც, მესმის, როგორ მუშაობს თავისუფლება საზოგადოებაში და რატომ არის, რომ თავისუფალი საზოგადოებები აღწევენ წარმატებას და პროგრესს“, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.
დღესვე ცნობილი გახდა მერიის ჩრდილოვანი კაბინეტის სხვა კანდიდატების ვინაობაც.
ისინი არიან:
სოფო ჯაფარიძე – ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი;
დეა მეტრეველი – კულტურის სამსახურის უფროსი;
გიორგი ნონიაშვილი – ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელი;
მამუკა აჩბა – შესყიდვების სამსახურის უფროსი;
დიმიტრი ქუცნაშვილი – მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვენელი;
გიგა ლემონჯავა – იურიდიული სამსახური ხელმძღვანელი;
დავით ლაგვილავა – მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
ვასო ურუშაძე – ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი;
ნიკა ვაჩეიშვილი – თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვენელი;
ბესო გაზდელიანი – თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელი;
თენგიზ გიორგაძე – გლდანის გამგებელი;
ლერი დემეტრაშვილი – ნაძალადევის გამგებელი;
დავით ნაფეტვარიძე – დიდუბის გამგებელი;
კახა ჟღენტი – ჩუღურეთის გამგებელი;
საბა ბუაძე – ვაკის გამგებელი;
ოთარ თავართქილაძე – საბურთალოს გამგებელი;
ლანა გალდავა – ისნის გამგებელი;
გულიკო ზუმბაძე – სამგორის გამგებელი;
რომეო ფარულავა – კრწანისის გამგებელი;
თაზო დათუნაშვილი – მთაწმინდის გამგებელი;
ანა ბიბილაშვილი – არქიტექტურის სამსახური.
თბილისის მერობისთვის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატი ნიკა მელია “ქართული ოცნების” კანდიდატს, მოქმედ მერს, კახა კალაძეს დაუპირისპირდება.
“ნაციონალური მოძრაობა” და ოპოზიციის ნაწილი ჩრდილოვან კაბინეტზე მუშაობას თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შეუდგა. თავდაპირველად წარდგენა 18 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, თუმცა წარდგენის თარიღმა 20 ოქტომბრამდე გადაიწია.
● ტრუსკავეციდან “უმაღლესი დონის” სპეცოპერაციამდე. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია – რა იქნება შემდეგ?
● საპატრიარქო სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს. ექს-პრეზიდენტი უარზეა
● “არაფრის არ შეგეშინდეთ, ხვალ მიდით არჩევნებზე”. დაკავებამდე სააკაშვილმა ვიდეოს ჩაწერა მოასწრო
2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობას უნდა აერჩია 64 მერი და საკრებულოს 2044 დეპუტატი. ძირითად თვითმმართველ ქალაქებში მეორე ტურები ჩაინიშნა (მათ შორის თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში და თელავში), სწორედ მეორე ტურებისთვის ემზადება ოპოზიცია 30 ოქტომბერს.
მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
ეს რიგით მერვე თვითმმართველობის არჩევნებია, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში ჩატარდა.
ეს არჩევნები, თავისი მნიშვნელობით, ოპოზიციამ და არამხოლოდ ოპოზიციამ, მისი დანიშვნის დღიდანვე შეაფასა რეფერენდუმის ტოლფასად.