რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი და იქნება თუ არა ქართული მაიდანი - გია ნოდიას თვალსაზრისი
დღეს სამი დიდი კითხვა გვაქვს საპასუხო: რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი, აქამდე რა იყო მისი ჩამოსვლის შედეგი და რა მოხდება ამის შემდეგ, როცა ის ციხეშია და შიმშილობს.
___________
პოლიტიკური პროცესების გამო დაბნეულობა ქართველებისთვის ჩვეული მდგომარეობაა. თუმცა, დღეს, ჩემი პირადი დაკვირვებით, ხალხი ჩვეულებრივზე მეტ გაურკვევლობაშია. ყველა ერთმანეთს ეკითხება: „ახლა რა მოხდება?“ – მაგრამ პასუხის მოძებნა ჭირს.
დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1 ოქტომბერს, მუნიციპალური არჩევნებს წინა დღეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უეცარმა ჩამოსვლამ და იმავე საღამოს მისმა დაპატიმრებამ პროცესებზე, მათ შორის, შესაძლოა, არჩევნების შედეგებზეც, რაღაც გავლენა მოახდინა; მაგრამ ძნელია ცალსახად ვთქვათ, კონკრეტულად რაში გამოიხატა ეს გავლენა.
სააკაშვილი ახლა ციხეში შიმშილობს და მისი შიმშილობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა. ამან შეიძლება 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურის შედეგებზეც მოახდინოს გავლენა, თუმცა კონკრეტულად როგორ, ამ შემთხვევაშიც ვერ ვიტყვით. ესეც რომ არ იყოს, ვინ იცის, 30 ოქტომბრამდე რა მოხდება. მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, რასაც ახლა ვწერ, ორიოდ დღეში შეიძლება მოძველდეს.
დღეს სამი დიდი კითხვა გვაქვს საპასუხო: რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი, აქამდე რა იყო მისი ჩამოსვლის შედეგი, და რა მოხდება ამის შემდეგ, როცა ის ციხეშია და შიმშილობს.
თავს ვერ დავდებ, რომ ამ კითხვებზე პასუხები ვიცი, მაგრამ შევეცდები, თითოეულ ამ საკითხზე ჩემი ვერსია შემოგთავაზოთ.
რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი?
სააკაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე საქართველოში ჩამოსულიყო, ერთდროულად იმედის და სასოწარკვეთის ჟესტად ჩანს.
როგორც სჩანს, მასაც სჯერა საკუთარი განსაკუთრებული ძალისა: მის გარეშე ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელი იქნება.
სააკაშვილს სერიოზული საფუძველი აქვს ასე ფიქრობდეს: მისი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (ენმ), რომელიც დიდი უპირატესობით მთავარ ოპოზიციურ პარტიად რჩება, დიდწილად სწორედ მის პირად ქარიზმას ემყარება.
მეორეს მხრივ, არის „ქართული ოცნება”, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად არცთუ კანონიერ მეთოდებს იყენებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასთან დაპირისპირების დროს ოპოზიციას შეიძლება ბრძოლის არაკონვენციური მეთოდები დასჭრიდეს, რაც სწორედ სააკაშვილის სპეციალობაა.
● ტრუსკავეციდან “უმაღლესი დონის” სპეცოპერაციამდე. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია – რა იქნება შემდეგ?
ასევე, კრიტიკოსებმა შეიძლება თქვან, რომ სააკაშვილს უბრალოდ არ უნდა, ხელისუფლება მისი მონაწილეობის გარეშე შეიცვალოს: ის მოვლენათა ცენტრში უნდა იყოს.
თუკი აქამდე ჩამოსვლის დაპირება და შემდეგ რაღაც საბაბით გადაფიქრება შეიძლება საკმარისი ყოფილიყო სააკაშვილის მიმართ ყურადღების შესანარჩუნებლად, დღეს უკვე – აღარ. მას შემდეგ რაც ჩამოსვლის დაპირების ეს ტრიუკი (თუ ეს ტრიუკი იყო) რამდენჯერმე განმეორდა და არ შესრულდა, ის მეტს ვეღარ იმუშავებდა.
მიშას ჩამოსვლა ხუმრობის თემად იქცა, ის კი ხუმრობად ქცევას ვერ შეეგუებოდა.
როგორც ჩანს, სააკაშვილი ანგარიშობდა, რომ მისი ჩამოსვლის თვით ფაქტი ხალხს გამოაცოცხლებდა და ქუჩაში გამოიყვანდა, ხოლო ხალხთან ერთად ის თავის სტიქიაშიც იქნებოდა და (შედარებით) უსაფრთხოდაც.
არავინ იცის, რა მოხდებოდა შემდეგ (არა მგონია, თვით სააკაშვილსაც ჰქონოდა მოვლენების განვითარების რაიმე ცხადი სცენარი), მაგრამ პროცესები რაღაც ახალი მიმართულებით წავიდოდა.
ცხადია, მას ესმოდა, რომ რისკი დიდი იყო, მაგრამ სწამდა, რომ თამაში ამად ღირდა.
მას მეტი აღარ შეეძლო, უბრალოდ, მჯდარიყო კიევში (ან სადმე სხვაგან) და ფეისბუქზე ეპოსტა; ამით დაკმაყოფილება მის ბუნებას ეწინააღმდეგებოდა.
გარდა ამისა, რაც დრო გავიდოდა, „მიშას მაგია“ შეიძლება გაქარწყლებულიყო. ის გრძნობდა, რომ რაღაც მეტი უნდა გაეკეთებინა.
რა გავლენა მოახდინა სააკაშვილის ჩამოსვლამ არჩევნებზე?
გავრცელებული აზრით, რომელსაც მეც ვიზიარებ, მიშას ჩამოსვლის ფაქტმა პოლიტიკური ტემპერატურა აწია და როგორც მისი პარტიის, ენმ-ის, ისე მმართველი პარტიის მომხრეთა მობილიზაციას შეუწყო ხელი.
შეუძლებელია გადაჭრით ვთქვათ, უფრო ვის დაეხმარა, მაგრამ თუ არჩევნების შედეგებს წინასაარჩევნო გამოკითხვებს შევადარებთ, (ვიცი, რომ ყველა ქართველი ამგვარ პროცედურას სანდოდ არ ჩათვლის), შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მისმა ჩამოსვლამ „ოცნებას“ უფრო მოუმატა ხმები, ვიდრე საკუთარ პარტიას.
სავარაუდოდ, სააკაშვილის ჩამოსვლამ მრავალრიცხოვანი „მესამე“ პარტიებიც დააზიანა.
ამ არჩევნებზე (მარტო პროპორციული ხმები რომ ვიანგარიშოთ), „ოცნებამ“ და ენმ-მა ერთად 77.4 პროცენტი აიღეს; შარშან იგივე მონაცემი 75.5 პროცენტს უდრიდა.
● ხუთი ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ საქართველოში თვითმმართველობა არ არის
შარშანდელთან შედარებით ეს შედეგები მეტად მოულოდნელია, რადგან ამასობაში შეიქმნა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიაც, რომელსაც გამოკითხვებში დაახლოებით ათი პროცენტი ჰქონდა. სოციოლოგების და ექსპერტების აზრით, გახარიამ მხარდაჭერა ძირითადად „ოცნების“ იმედგაცრუებული ამომრჩევლის ხარჯზე მოიპოვა (გახარია როგორც „ოცნებისგან“, ისე ენმ-ისგან თანაბრად დისტანცირებას ცდილობდა). აქედან გამომდინარე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, „მესამე პარტიების“ ბაზარი უნდა გაფართოებულიყო, ის კი კიდევ უფრო შეიკუმშა.
საბოლოოდ, გახარიას პარტიამ 7.8 პროცენტი აიღო, ხოლო სხვა პატარა მესამე პარტიების მომხრეთა ნაწილმა, როგორც ჩანს, ენმ-ისკენ გადაინაცვლა, რადგან ეს პარტიები ერთ და ორ პროცენტიან ნიშნულზე ჩამოქვეითდნენ.
ისტორიულად, როდესაც ფსონი იზრდება, ქართველი ამომრჩეველი ორი ძირითადი პარტიისკენ იხრება; როგორც ჩანს, სააკაშვილმა ფსონის ამაღლებას შეუწყო ხელი. ის წინააღმდეგობრივი პიროვნებაა, მისმა ჩამოსვლამ მეტი იმედიც გააჩინა და მეტი შიშიც. შესაძლოა, მეორე ეფექტი უფრო ძლიერი აღმოჩნდება.
ახლა რა უნდა მოხდეს?
შიმშილობის გამოცხადებით სააკაშვილმა ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა და ტემპერატურა კიდევ უფრო აწია. მაგრამ საბოლოოდ, რა უნდა მოხდეს?
უკვე იყო საპროტესტო გამოსვლები და კიდევ იქნება. ყველაზე დიდი აქცია 14 ოქტომბრისთვისაა დანიშნული.
მასზე, ძირითადად, ენმ-ის ტრადიციულ მომხრეებს ელიან, მაგრამ მივა ბევრი სხვაც, ვისაც სააკაშვილი შეიძლება დიდად არც მოსწონდეს, მაგრამ სწამს, რომ ის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია, ხოლო ეს რეჟიმი შესაცვლელია.
არ ვიცი, სად რამდენი ხალხი მოვა, მაგრამ ქართული მაიდანის დაწყებას ცოტა ვინმე თუ ელოდება – მათ შორის, არც მე. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ასეთ საქმეებში წინასწარმეტყველებები სათუოა.
ციხიდან სააკაშვილის ძირითადი შემონათვალი მის გათავისუფლებას კი არ ეხება, არამედ 30 ოქტომბერს ამომრჩევლის მეტ აქტიურობას მეორე ტურში.
ოპოზიციას (ამ ეტაპზე, ის ძირითადად ენმ-ით იქნება წარმოდგენილი) ზოგ ქალაქში გამარჯვების შანსი აქვს. თუ ეს მოხდა, შეიქმნება მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომელიც საქართველოს აქამდე არ ჰქონია: საქართველოსთვის დამახასიათებელია დომინანტი პარტიების სისტემა, როდესაც ეროვნულ დონეზე გაბატონებული პარტია ყოველთვის მუნიციპალურ დონესაც აკონტროლებს.
ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოიქცევა „მესამე პარტიების“ ამომრჩეველი – მივა თუ არა არჩევნებზე და დაუჭერს თუ არა მხარს ენმ-ს. ეს კიდევ ერთი სფეროა, სადაც წინასწარმეტყველება რთულია.
მიშას ფაქტორი როგორც ფსონი
მაგრამ უფრო შორეულ პერსპექტივაში, რა ელის სააკაშვილს როგორც პიროვნებას, როგორც ტუსაღს, როგორც პოლიტიკოსს?
სააკაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებში ვლინდება განწყობა „ახლა ან არასოდეს”.
სასწორზე დევს არა იმდენად ივანიშვილის რეჟიმის ბედი (თუმცა, შესაძლოა, ისიც იდოს), არამედ თავად სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი და რეპუტაცია.
სააკაშვილი ნამდვილად განთავისუფლდა „მშიშარას“ იმიჯისგან. მაგრამ რა ბედი ელის რწმენას მიშას მაგიური ძალის შესახებ?
წლების განმავლობაში, მთავარი ოპოზიციური პარტია მნიშვნელოვანწილად ამ რწმენას ეყრდნობოდა: მიშას ძალუძს ის, რაც სხვას არავის შეუძლია, მისი ჩამოსვლა (და მხოლოდ ის) ყველაფერს შეცვლის.
და აი, ის უზარმაზარი რისკის ფასად ჩამოვიდა. მაგრამ შედეგი რა იქნება?
ეს არ ვიცით – ამბავი ჯერ ახლა ვითარდება.
ერთი ცხადია – თუ სააკაშვილის ჩამოსვლამ არსებითი ცვლილება ვერ მოიტანა, მისი ადგილი ქართულ პოლიტიკაში იგივე ვერ დარჩება. ეს მანაც კარგად იცის და ადვილად უკან არ დაიხევს.
გია ნოდია, პოლიტოლოგი, “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” თავმჯდომარე