„ნაღმებს კარტოფილს ვეძახით“
ჰრომადსკოეს მასალების მიხედვით
იმისთვის, რომ უკრაინელმა ფერმერებმა მოსავალი აიღონ, დონბასში „პურის ზავი“ გამოცხადდა, რომელიც აგვისტოს ბოლომდე უნდა გაგრძელდეს. მაგრამ სამხედროებს აქ თავიანთი წესები აქვთ, და ფერმერებს ისევ ძველებურად უწევთ დაბომბვებისგან თავის არიდება და ნაღმებისთვის გვერდის ავლა. რეპორტაჟი დონეცკის რაიონის სოფელ კოდემიდან, სადაც ჰრომადსკოე იმყოფებოდა.
„ყვითელ-ცისფერი კედლის გადაღებვა მოგვიხდა“
ფერმერულ ბაზა „დინასტიაში“ , რომელიც ოკუპირებული სოფლის გორლოვკას მახლობლად მდებარეობს, მოსავლის აღების პირველი კვირაა. ფერმა, უკვე ოცი წელიწადია, მუშაობს და მუშაობა მხოლოდ 2014 წელს შეწყვიტა. მაშინ მისი პატრონი ვადიმ კაპლია კიევში გაემგზავრა, რათა მის ფერმაში შეჭრილ და იქაურობის გამძარცველ ბოევიკებს დამალვოდა.
„დინასტიაში“ ცხოვრება ომის დაწყებიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ ამოძრავდა. ფერმერებმა და აგრონომებმა სამხედროებთან მეზობლობა ისწავლეს და მუდმივი საფრთხის ქვეშ მუშაობას მიეჩვივნენ.
ვადიმ კაპლიას კაბინეტში სათვალთვალო კამერების მონიტორი დგას, კომპიუტერის ეკრანზე რუკაა გახსნილი:
- ეს ჩვენი მინდვრებია, ეს კი – სამხედროების თავდაცვითი ნაგებობები, სანგრები და თხრილები. ოდნავ მოშორებით ისევ ჩვენი მინდვრებია, მაგრამ ეს უკვე სეპარატისტების ტერიტორიაა, ახლა ჩვენ იქ აღარ მიგვესვლება“.
ომამდე კაპლიას 10 ათასი ჰექტარი მიწა ჰქონდა, ახლა მხოლოდ 4,5 დარჩა – დანარჩენი „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ბოევიკებს ერგოთ, მინდვრების გასწვრივ კი გამყოფი ხაზი გადის.
აქ სტრატეგიული მცენარე ყოველთვის მზესუმზირა იყო, თუმცა არის ხორბალი, ფეტვი, სოიო და სორგოც. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ მინდვრებზე არაფერი არ არის დათესილი – ეს ბორცვიდან კარგად ჩანს, – ამბობს ვადიმი.
მეურნეობა მამამ დააფუძნა, ვადიმის დედამ კი ფერმას „დინასტია“ დაარქვა – სერიალის პატივსაცემად. ახლა ვადიმი ფერმას ძმასთან ერთად უძღვება.
— აი, აქ ფლაგშტოკზე ყოველთვის უკრაინული დროშა ეკიდა, და კედელიც ყვითელ-ცისფერი იყო. ეს კედელი გორლოვკიდან და თვითმფრინავებიდან მოჩანდა. გადაღებვა მოგვიხდა, თორემ ისე იყო, როგორც ხარისთვის – წითელი ნაჭერი. რომ არ გადაგვეღება, არავინ იცის, აქ რა დღე გველოდა“.
იქ „კარტოფილი“, აქ „სათამაშოები“
„დინასტიის“ შესასვლელში დამტვრეული კომბაინი დგას. 2015 წელს მინდორში ნაღმზე აფეთქდა. მძღოლი გადარჩა, მაგრამ მას შემდეგ საჭესთან აღარ ჯდება.
ასეთი ზიანის შემდეგ შეუძლებელია სწრაფად გონს მოსვლა და სამუშაო პროცესის განახლება. ადამიანებს ეშინიათ, სამსახურში არ გამოდიან; დაწყნარება რომ მოასწრონ, ორი კვირა მაინც უნდა გავიდეს. ხორბალი კი ვერ მოიცდის.
—ცოტას დავცხრებით, ყველაფერი თავიდან გამოგვაქვს, ვქოქავთ, ვაჭრიალებთ, გვეშინია, მაგრამ მაინც მივდივართ, – აი, ასე განაახლებენ აქ მუშაობას.
მთელი ამ სამხედრო კონფლიქტის განმავლობაში „დინასტიაში“ ტექნიკა ნაღმებზე სამჯერ აფეთქდა, ბოლოს – 2015 წელს. ფერმის მფლობელმა გამნაღმველებს კონსულტაცია სთხოვა. მათ ადგილი დაათვალიერეს, თუმცა განაღმვას არ ჩქარობენ. ჯერ ერთი, ბოევიკების პოზიციების სიახლოვის გამო, „უსაფრთხო“ დისტანცია – 15 კილომეტრი უნდა შენარჩუნდეს, და მეორეც არ არსებობს ამ ადგილის დანაღმვის არანაირი მარკირება ან რუკა.
—აქ მინდორში ნაღმებს ისეთი მანქანებით აწყობდნენ, რომლებითაც, როგორც წესი, კარტოფილს რგავენ ხოლმე. ათასობით არის, – ამბობს ფერმერი, – ჩვენში ნაღმებს „კარტოფილს“ ან „სათამაშოებს“ ეძახიან. ერთმანეთს ასე ვეუბნებით ხოლმე: „ იქ კარტოფილია, იქით არ წახვიდე, იქით კი სათამაშოები – არც იქ შეიძლება გასვლა“.
ნაღმები, ფაქტობრივად, „დინასტიის“ ღობის ქვეშ აწყვია. ბაზიდან, გზის გადაღმა – მზესუმზირების ყანაა, ყანაში კი – ბეტონის სვეტების სამი რიგი, რომლების ქვეშაც ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებია დამარხული. მავთულხლართი თითქმის არ ჩანს, ყველაფერს ბალახი აქვს მოდებული. ადგილობრივებმა იციან, რომ აქ სიარული არ შეიძლება.
მიუხედავად იმისა, რომ მიწა ფერმერების საკუთრებაა, სამხედროებს შეუძლიათ მინდორში არ შეგიშვან. აქ სამხედრო გამაგრებები შეგხვდებათ, სამხედრო პოზიციების ჩვენება კი არ შეიძლება:
—ვთანხმდებით, თითქოს ყველაფერი გავარკვიეთ, იმის სანახავად მივდივართ, თუ რა არის იქ დათესილი. შემდეგ კი ისევ, ბაც, და როტაცია, და ყველაფერი თავიდან იწყება – ისევ არსად გვიშვებენ, – ჰყვება ვადიმი.
“პური არავის აინტერესებს“
კომბაინერები ხორბალს დილიდ შვიდი საათიდან კრეფენ, „ვიდრე სამხედროები დააცდიან“. „პურის ზავის“ მიუხედავად, დაბნელებისთანავე სროლას იწყებენ.
—რასაკვირველია, დათმობაზე მიდიან, თუმცა გარკვეულ მომენტებში მოლაპარაკება შეუძლებელი ხდება ხოლმე. პური არავის ადარდებს, ყველა კი ჭამს, მაგრამ ყველასთვის სულერთია, – ოხრავს „დინასტიის“ მთავარი აგრონომი ვიქტორი.
აქედან ოკუპირებულ გორლოვკამდე სულ 15 კილომეტრია.
—აი, იქ უკვე „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაა“, ხოლო აქ სულ ახლოს – ჩვენები დგანან. ჰოდა, ერთმანეთს ცოტ-ცოტას ესვრიან ხოლმე.
სროლებისგან მინდვრებზე ხანძარი ჩნდება, რაც დამატებითი ზარალია.
საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ახლა დონბასში 7 ათასი კვადრატული კილომეტრი მინდვრები დანაღმული რჩება. სახედრო მოქმედებების დაწყებიდან უკვე 20 ათასი ჰექტარია განაღმული, მაგრამ ეს ზურგში, და არა გამყოფი ზოლის სიახლოვეს, სადაც ჯერ კიდევ „დისტანცია უნდა გეკავოს“.
ფერმერი კაპლია ამბობს, რომ ამასთან შეგუებაც კი შესაძლებელია, და ერთადერთი, რასაც სახელმწიფოსგან ისურვებდა – მიწის გადასახადის შემცირებაა, განსაკუთრებით, როდესაც სამხედროების იქ ყოფნის გამო, მასზე ვერაფერი მოჰყავთ.
ომის ერთი წელი – ეს ნაომარ ტერიტორიებზე გამნაღმველების ათი წლის სამუშაოს უდრის – ასეთ მონაცემებს აქვეყნებენ ჟენევის განაღმვის ცენტრის მკვლევრები. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუკი მთელი დანაღმული ტერიტორია მარკირებულია და რუკაზეა დატანილი, რაც ახლა არ ხდება. ამავდროულად, ეუთოს მონაცემების მიხედვით, ბოლო წლის განმავლობაში ნაღმებსა და აუფეთქებელ ჭურვებზე 58 სამოქალაქო პირი აფეთქდა, რომელთაგან 16 ადამიანი დაიღუპა.