სამარშრუტო ტაქსები - აფხაზეთის გზების მეფეები
ძველი გაფუჭებული “მარშრუტკები” აფხაზეთში
ხშირად, აფხაზეთის მცხოვრებლები და ტურისტები, რომლებსაც საკუთარი ტრანსპორტი არ ჰყავთ, რთული არჩევანის წინაშე დგებიან – დანიშნულების ადგილამდე სწრაფი, მაგრამ ნაკლებკომფორტული და არცთუ იშვიათად სახიფათო „მარშრუტკით“ მივიდნენ, თუ ძველი და ნელი ავტობუსით. სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
JAMnews-ის ავტორი აფხაზეთიდან გვიამბობს იმაზე, თუ როგორ მუშაობს საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტი აფხაზეთში და როგორ დაიპყრეს გზები მარშრუტკებმა.
სოხუმის სადგური, სიცხე 40 გრადუსისკენ მიიწევს. ასფალტი ლღვება. ადამიანები ავტობუსებისა და მარშრუტკებისკენ მიიჩქარიან. ძირითადად, ესენი არიან ტურისტები, რომლებმაც აფხაზეთში თავიანთი გზით დამოუკიდებლად მოგზაურობა გადაწყვიტეს. ანა წინ, მძღოლის გვერდით ჯდება. ამ ადგილის დაკავება – დიდი გამართლებაა, ფანჯრები ხომ მხოლოდ მძღოლისთვის განკუთვნილ მონაკვეთში იღება. მაგრამ ანამ ჯერ არ იცის, რომ მძღოლს ეშინია, კბილზე ნიავმა არ დაკრას და ფანჯარას შუამდე ასწევს.
- მოსაზრება: როგორ ეხმარება ეგოიზმი და უპასუხისმგებლობა ვირუსს აფხაზეთში
- აფხაზეთში მცირე ბიზნესს სჭირდება არა ფული, არამედ რეფორმები
„თუ შეიძლება, კონდიციონერი ჩართეთ, – ითხოვს მარშრუტკის მგზავრი ქალი, – ნჯღრევა ცუდად მხდის“ – მაგრამ მძღოლის პასუხი მოკლეა – არა. „რატომ არა? ეკონომიას აკეთებთ? მაშინ, ცოტათი გაზარდეთ ფასი, მაგრამ ადამიანები კომფორტულად ატარეთ“, – ამბობს ანა. მაგრამ მძღოლი პასუხობს: „აქ კონდიციონერი არ არის და მისი დაყენება შეუძლებელია“.
საქმე ისაა, რომ ეს „მერსედეს-სპრინტერი“ ჩაფიქრებული და აწყობილი იყო სატვირთო მანქანად. ჰქონდა ერთი კარი – უკან – და იყო უფანჯრო. სატვირთო მანქანების ამ მოდელის ფასი სამგზავროსაზე გაცილებით დაბალია. სატვირთო „მერსედესის“ შეძენა და მისი სამგზავროდ გადაკეთება ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე თავიდანვე ისეთის ყიდვა, რომელსაც დასაჯდომები, ფანჯრები და კონდიცირების სისტემა აქვს.
ეკონომიის მიზნით, ამ მარშრუტკებში ფანჯრებს პლასტიკატით აბნელებენ, დასაჯდომებს კი ერთმანეთთან ახლო-ახლოს ადუღებენ, მეტი მგზავრი რომ დაიტიოს.
„ჩაკეტილი“ ბიზნესი
— თქვენ გგონიათ, რომ მარშრუტკების მძღოლები არნახულ ფულს აკეთებენ – ამბობს მძღოლი ლეკა – ოთხ დღეში ერთხელ ვმუშაობთ. ერთი რეისი ფსოუმდე და უკან. გამოდის 12 000 მანეთი [დაახლოებით, $165], ასეთი გასვლები თვეში 7-8-ჯერ გვიწევს, ანუ ამონაგები – დაახლოებით, 85 000-ია [დაახლოებით, $1 180]. მაგრამ ამ თანხიდან უნდა გამოვქვითოთ ბენზინის, ზეთის, რემონტის და ავტონაწილების გამოცვლის ხარჯები, ლიცენზიის საფასური – ეს წელიწადში დაახლოებით ათას-ნახევარი-ორი ათასი მანეთია [დაახლოებით, $25-27], და კიდევ, საგზური, რომელიც ასევე რამდენიმე ასეული მანეთი ღირს [დაახლოებით, $2-3] თითოეული გასვლისთვის.
ზოგიერთი მძღოლი მარშრუტს არენდით იღებს. აფხაზეთში, გადამყვანების ბაზარი – საკმაოდ ჩაკეტილი სტრუქტურაა. 15-20-ადგილიანი ავტომობილის მარტივად ყიდვა და მგზავრების გადაყვანა – შეუძლებელია.
„მორჩა, დახლი დაიკეტა, – ამბობს ლეკა – საკმარისია. ბევრი ფიქრობს, რომ სოხუმი-ფსოუს გზაზე ოქროს საბადოა ჩამარხული, და აქ მოძვრებიან. მარშრუტკები უფრო მეტი გახდა, ვიდრე მგზავრები. ჩინოვნიკებს რა ენაღვლებათ, აქეთ-იქით გასცემენ ლიცენზიებს, ბიუჯეტი ეზრდებათ, სულ არ ადარდებთ, რომ ამით ჩვენი შემოსავალი მცირდება. ამ ბიზნესში აღარავის ვუშვებთ“.
სალიცენზიო ბარათებს, რომლებიც მარშრუტკებს მგზავრების გადაყვანის უფლებას აძლევს, საქალაქო ავტოსატრანსპორტო საწარმოები (ასს) გასცემენ. მაგრამ ამისთვის ისინიც ყოველწლიურად იღებენ ლიცენზიებს ეკონომიკის სამინისტროსგან. ასეთი ლიცენზია ასს-ებისთვის 10 ათასი მანეთი ღირს [დაახლოებით, $139].
სოხუმის ასს-ში, როგორც მისი უფროსი ლეონიდ შულუმბა ჰყვება, ირიცხება საკუთარი მიკროავტობუსების მფლობელი 33-დან 36 მძღოლამდე, სოხუმი-ფსოუს მარშრუტზე. მისი თქმით, ისინი მუდმივები არიან. ბოლო წლებში ასს ახალ პირებზე ლიცენზიებს აღარ გასცემს.
„ასს ხელს უწყობს თავის მძღოლებს სალიცენზიო ბარათების მიღებაში, ანუ მათთვის აგროვებს სავალდებულო დოკუმენტებს, როგორიცაა სამედიცინო ცნობა, ტექდათვალიერების მოწმობა და სხვა, და შეაქვს ეს საბუთები ეკონომიკის სამინისტროში“, – ჰყვება ლეონიდ შულუმბა.
მარშრუტკების მძღოლებისთვის ეს უფასოა, ისინი ასს-ს უხდიან სამივლინებო ქაღალდისთვის, ყოველი სამუშაო დღე 300 მანეთი ღირს [დაახლოებით, $4].
რაც შეეხება პარამეტრებს, რომლებსაც ტრანსპორტი უნდა აკმაყოფილებდეს, ასს-ში მათ არ ამოწმებენ. ასს-ს ხელმძღვანელობას მხოლოდ ტექდათვალიერების დოკუმენტის არსებობა აინტერესებს. „თუ მანქანა წესრიგში არაა, როგორღა მიიღებს მძღოლი დოკუმენტს? ვერანაირად!“ – ამბობს ლეონიდ შულუმბა.
მაგრამ, როგორც ჩანს, ტექმომსახურების სადგურზე უპირველესი ამოცანაა – ბიუჯეტის შევსება, და არა ტრასაზე იმ ავტომობილის გაშვება, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარამეტრებს აკმაყოფილებს.
სხვათა შორის, აფხაზეთში სამომხმარებლო ზედამხედველობის დებულებაში მკაფიოდ არაა მითითებული, რა უნდა იყოს სამარშრუტო ტაქსიში. სწორედ ამით სარგებლობენ მძღოლები, როცა პლასტიკატით დაბურულ ფანჯრებიან მარშრუტკებს „აწყობენ“.
„ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ, როგორ ასრულებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი სანიტარიულ რეკომენდაციებს პანდემიის პერიოდში, შეგვიძლია შევამოწმოთ, შეესაბამება თუ არა გადაყვანის ტარიფები მინისტრთა კაბინეტის მიერ დაწესებულს. სხვას არაფერს არ ვამოწმებთ, დებულებაში არ გვიწერია“, – ამბობს სტანდარტების სახელმწიფო კომიტეტის სამომხმარებლო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი გიორგი ტარბა.
„მემარშრუტეები – ესენი არიან სახელმწიფო სახელმწიფოში. თავიანთი კანონებით ცხოვრობენ, როცა უნდათ – გაზრდიან ფასებს, უნდათ და – დამტვრეული კარით ივლიან, – ჰყვება ტროლეიბუსის მძღოლი, რომელმაც თავისი ვინაობა არ გაამხილა, კოლეგების რისხვა რომ არ დასტყდომოდა თავს. – ისინი ჩვენი კონკურენტები არ არიან, სხვადასხვა აუდიტორია გვყავს. ვინც ტროლეიბუსებით მგზავრობს, ისინი მარშრუტკებში არ სხდებიან.
და ყოველთვის იმიტომ არა, რომ „ღატაკების“ ტრანსპორტია, ბევრს მოსწონს, რომ ჩვენთან სიხალვათეა და სუნთქვა შესაძლებელია. პენსიონერები და ბავშვებიანი დედები ჩვენთან უკეთესად გრძნობენ თავს“.
ტროლეიბუსის მძღოლის სიტყვებით, მათ წრეში მარშრუტკების მძღოლები ყველაზე აგრესიულებად და თავნებებად ითვლებიან. „შეხედეთ, როგორ თავხედურად დაჰყავთ მანქანა. ქალაქში კიდევ რა უშავს, აი, ქალაქებს შორის ტრასაზე ხომ საერთოდ არავის ერიდებიან“, – ამბობს ტროლეიბუსის მძღოლი.
უფრო ნელი, მაგრამ უფრო უსაფრთხო
ბევრი ტურისტი, ისინი, ვინც აფხაზეთში პირველად არ ისვენებს, ქალაქებს შორის სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობას უფრთხის და უფრო ნელ ავტობუსებს ამჯობინებს.
„ქმართან ერთად ორჯერ ვიმგზავრეთ თქვენი მარშრუტკებით, – ჰყვება ვალენტინა შჩერბაკოვა რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგიდან – პირველად, საზღვრიდან სოხუმამდე, მეორედ – სოხუმიდან ახალ ათენამდე. ისეთი შიში გამოვიარეთ, მეტჯერ აღარ მინდა. მძღოლმა უზარმაზარი სიჩქარით ჩაუქროლა ძროხებს, რომლებიც პირდაპირ შუა ტრასაზე გაწოლილიყვნენ, და თან ისეთი ვირაჟებით. ახალგაზრდებს ეს იქნებ მოსწონთ კიდეც, მაგრამ მე 50 წელი ავარიის გარეშე მიცხოვრია და კიდევ მინდა ცოტა ხანს ვიცოცხლო.
ამიტომ უკან, საზღვრამდე ავტობუსით ვიმგზავრეთ, ძველისძველი იკარუსით, რომელიც კი ყარდა, მაგრამ, სამაგიეროდ, მშვიდად ვიყავით. და წელსაც, პირდაპირ ავტობუსისკენ წავედით. აღარავითარი აფხაზური მარშრუტკა“.
გამოდის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროშიც ყველა თავისთვისაა. მძღოლს თავისი ინტერესები აქვს – ნაკლები დახარჯოს და მეტი გამოიმუშაოს, მგზავრს – აარჩიოს ნელი, მაგრამ შედარებით უსაფრთხო ტრანსპორტი, სადაც ნიავი უბერავს, მაგრამ კონდიციონერი არ არის და გამონაბოლქვისსუნიან სალონში მჯდომმა მიაღწიოს დანიშნულების ადგილამდე.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო