ქართველი ჟურნალისტების ულტიმატუმი ხელისუფლებას - მთავრობას გადადგომისთვის ვადა დღეს 12 საათამდე აქვს
წამყვანი ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, რომელთა ორგანიზებით გუშინ მრავალათასიანი აქცია გაიმართა საქართველოს პარლამენტის შენობასთან, დღეს შუადღემდე მისცეს ულტიმატუმი ხელისუფლებას – ისინი პრემიერ-მინისტრის და მთლიანად მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.
_________________________________________________
● “პრემიერი უნდა გადადგეს” – აქცია საქართველოს პარლამენტთან
___________________________________________________
აქცია პარლამენტის შენობასთან გაიმართა ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ. ლაშქარავა 5 ივლისს ულტრა-მემარჯვენე ჰომოფობიურმა ჯგუფებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სასტიკად სცემეს.
მიტინგს, რომელიც გუშინ სპონტანურად, ფეისბუკზე დაიგეგმა, ათასობით ადამიანი შეუერთდა. მთავრობის გადადგომის მოთხოვნას ჟურნალისტებთან ერთად შეუერთდნენ რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები.
________________________________________________
- თბილისში პრაიდის კვირეული გაიხსნა. პირველმა დღემ კვერცხების სროლისა და დაკავებების ფონზე ჩაიარა
- რატომ ვერ ჩატარდა ღირსების მარში – რა აჩვენა ამ დღემ?
__________________________________________________
გამომსვლელთა შორის, ძირითადად, ჟურნალისტები იყვნენ. სიტყვით გამოსვლისას, ისინი აღნიშნავდნენ, რომ ქვეყანაში ჟურნალისტის პროფესია სახიფათო გახდა და სიტყვით თავისუფლება საფრთხეშია, რაც ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია.
აქცია საღამოს 18:00 საათზე დაიწყო და ოთხ საათში დაიშალა.
აქციის მონაწილეებმა დღეს, 12 ივნისს 12:00 საათამდე მისცეს ვადა ხელისუფლებას:
“ჩვენ მივეცით ხელისუფლებას ვადა – ხვალ 12 საათამდე. ჩვენთვის მისაღები გადაწყვეტილება ერთადერთია: მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობით და სუს-ის ხელმძღვანელის ლილუაშვილის გადადგომა. ეს მოთხოვნა თუ არ იქნება შესრულებული, ხვალ ვიკრიბებით 6 საათზე ისევ აქ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და მთავარი არხის ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ.
პარლამენტთან მიტინგის დასრულების შემდეგ მომიტინგეები მსვლელობით კანცელარიასთან მივიდნენ.
ჟურნალისტები და აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება არ შეასრულებს მათ მოთხოვნებს, ქვეყანაში ყოველდღიური საპროტესტო გამოსვლები დაიწყება.
აქციის მოთხოვნების მიმართ სოლიდარულია თითქმის სრულად ქართული მედია. მიტინგის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, მედიის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევები “კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა”.
განცხადებას ხელს აწერს 71 მედიასაშუალება, მათ შორის JAMnews.
მიმართვის ავტორებმა მოუწოდეს დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს “მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ რუსთაველის გამზირზე 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართულ დევნაზე”.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვას, მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები კი, კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას”.
___________________________________________________
- ნადირობა მედიაზე. პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე ოცზე მეტი რეპორტიორი მძიმედ დაშავდა
- ჰომოფობების ცეკვა პარლამენტთან. ფოტორეპორტაჟი
- პრემიერის განცხადების შემდეგ ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ოპოზიციის კარვები დაარბიეს
__________________________________________________
5 ივლისს, თბილისში, Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე დაიგეგმა.
საპატრიარქომ მალევე დააანონსა მარშის საწინააღმდეგო აქცია. იგი თავის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ და ქვეყნის “გაუკუღმართებული ცხოვრების წესისგან” დაცვისკენ მოუწოდებდა.
5 ივლისს ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები დილიდან გამოვიდნენ პარლამენტთან. მათ ჯერ პარლამენტთან თვეების განმავლობაში მდგარი ოპოზიციური კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ამ ამბის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს დაერივნენ.
5 ივლისს თბილისში ნამდვილი ნადირობა მოეწყო ჟურნალისტებზე – რადიკალები 53 ჟურნალისტს დაესხნენ თავს.
შეკრებილ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ სასულიერო პირები. “არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის” – ასე მიმართა შეკრებილებს დეკანოზმა სპირიდონმა.
როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, მოძალადეთა ქმედებები წააქეზა პრემიერ ღარიბაშვილის მიერ 5 ივლისს გაკეთებულმა განცხადებამ. ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ “ღირსების მარშის“” ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი “ღირსების მარში” მისთვის “მიზანშეუწონელი” და საფრთხის შემცველი იყო. ასევე მან თქვა, რომ ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.
“ღირსების მარში” გაუქმდა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე ძალადობა კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა.
როგორც ჟურნალისტები ამბობდნენ, მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული არასაკმარისი პოლიციელი. ამაზე შს მინისტრმა განაცხადა, რომ იმდენი სამართალდამცველი იქნა მობილიზებული, “რისი საშუალებაც იყო”.
როგორც მედიის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, ჰომოფობები მათ მიზანმიმართულად დასდევდნენ. ზოგ ჟურნალისტს ქირურგიული ოპერაცია და სერიოზული სამედიცინო ჩარევა დასჭირდა.
მათ შორის იყო ლექსო ლაშქარავა, ტვ პირველის ოპერატორი. ძალადობრივმა ჯგუფები ლაშქარავას და მის კოლეგას, ტვ პირველის ჟურნალისტს მირანდა ბაღათურიას თავს დაესხნენ ორგანიზაციის “სირცხვილიას” ოფისში. როგორც ბაღათურია ამბობს, ლაშქარავას 20 ადამიანი სცემდა. თვითმხილველთა თქმით, მოძალადეებს შორის სასულიერო პირებიც იყვნენ.
ლაშქარავა საავადმყოფოში გადაიყვანეს სახის ძვლების მოტეხილობით, მას ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.
სამი დღის შემდეგ მან კლინიკა დატოვა. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, 10 ივნისს, იგი ტვ “პირველის” შუადღის გადაცემის სტუმარი იყო, სადაც 5 ივლისის მოვლენები გაიხსენა.
ლაშქარავა 11 ივლისს დედამ საკუთარ ლოგინში გარდაცვლილი იპოვა.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ლაშქარავას ცხვირიდან სისხლი სდიოდა. ოჯახის ახლობლების ერთ-ერთი ვერსიაა, რომ იგი მიყენებული დაზიანებების შედეგად, თრომბოემბოლიით გარდაიცვალა.
ახალგაზრდა კაცის ცხედარი კრიმინალისტებმა ექსპერტიზაზე ოჯახის თანხმობის გარეშე გადაიტანეს. მამაკაცის ცხედარი ლურჯ პარკში გახვეული გამოიტანეს სახლიდან, საკაცის გარეშე და სირბილით მიიტანეს მანქანამდე. გარდაცვლილის მიმართ ასეთი მოპყრობა საზოგადოების უკმაყოფილების კიდევ ერთ მიზეზად და სოციალურ ქსელებში განხილვის თემად იქცა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ლაშქარავას გარდაცვალებიდან ძალიან მალე, ხელისუფლებასთან ასოცირებულმა საიტებმა დაიწყეს გავრცელება ინფორმაციის, თითქოს ლაშქარავა ნარკოდამოკიდებული იყო და იგი ზედოზირებით გარდაიცვალა.
იმავე დღეს, 11 ივლისს საღამოს, შსს-მ გამართა ბრიფინგი, სადაც უწყებამ იგივე ვერსიის გავრცელება დაიწყო, რომ ლაშქარავა “არაფხიზელ მდგომარეობაში” იყო.
ბრიფინგზე გაუშვეს ქუჩის ვიდეოკამერებით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, რომ წინა დღეს ლაშქარავა ფონიჭალაში აფთიაქში შედის, შემდეგ დედა ენის ბაღში მიდის.
“ფონიჭალიდან მოდის ორთაჭალაში და მოგვიანებით 19:41 წუთზე ბრუნდება ფონიჭალაში, საიდანაც გადაადგილდება დედა ენის ბაღის მიმართულებით, სადაც დაჰყო გარკვეული პერიოდი, ხოლო 00:10 საათზე ბრუნდება საბურთალოს ტერიტორიაზე საკუთარი სახლში, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში”, – თქვა ამ კადრების ბრიფინგზე ჩვენების შემდეგ კრიმინალური დეპარტამენტის უფროსმა, მაუკა ჭელიძემ.