მოსაზრება: რაში ეძებენ ბედნიერებას აფხაზეთში
„ციფრული ფსიქოლოგია სიუცაი“ აფხაზეთში დარბაზებს ავსებს
საქორწინო დარბაზი სოხუმის ერთ-ერთ რაიონში. ასობით სკამი (კონკრეტულად კი 800) გვერდიგვერდ დგას პატარა სცენის პირდაპირ. ადამიანები, უპირატესად ქალები, საკმაოდ აქტიურად იკავებენ ადგილებს. გვერდიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ აქ სადაცაა კონცერტი დაიწყება. მაგრამ არის ერთი ნიუანსი – შემოსვლა თავისუფალია, პროექტორებზე კი ე.წ. აფიშაა, რომელიც გვაჩვენებს თუ რა ხდება კონკრეტულად აქ. „ციფრული ფსიქოლოგია სიუცაი. მეცნიერება სულის რეალიზაციისა და გონების დისციპლინაზე“.
ამ „მეცნიერების“ მასტერკლასს მილანა ტარბა ატარებს. ეს ახალგაზრდა ლამაზი ქალი წარმოშობით აფხაზეთიდანაა, მაგრამ ცხოვრების დიდი ნაწილი მის ფარგლებს გარეთ გაატარა.
გასულ წელს მილანა გათხოვდა, წელს – დედა გახდა. ეს ყველაფერი, ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, სიუცაის ოსტატ მილანა ტარბას შესახებ შეგიძლიათ Instagram-ზე მისი ანგარიშიდან შეიტყოთ. იქ – პირდაპირი ეთერები და უამრავი პუბლიკაციაა.
მათში ის „ციფრულ ფსიქოლოგიაზე“ ლაპარაკობს, აანონსებს თავის მარათონებს, ჰყვება, სად და როგორ შეიძლება გახდე სიუცაის ოსტატი. ასევე, რომელ დღეს უნდა ჩაიფიქრო სურვილი, რათა აგიხდეს, როგორ უნდა ჩამოაყალიბო ის, როგორ უნდა ისარგებლო კალმით, ბლოკნოტით, კრემით, რათა ცხოვრებაში შემოვიდეს „სწორი ენერგია“ და როგორი სურათი უნდა დაკიდო საძინებელში, რათა ცხოვრებაში მამაკაცი მოიზიდო.
ამ ტექსტიდან შეიძლება შთაბეჭდილება დაგრჩეთ, რომ მე – რეგულარულად ვარ მის გვერდზე. უარყოფას არ დავიწყებ. ცხოვრებაში, მსოფლიოში ყველაზე მეტად მოვლენების, მათი მიზეზების გაანალიზება და შედეგების პროგნოზირება მიყვარს. ბავშვი ვარ, რომელიც პატარაობისას სამზარეულოში ისმენდა, როგორ განიხილავდნენ უფროსები კაშპიროვსკის და ვცდილობ გავიგო, ვის სჯერა მისი.
კარგად მახსოვს, დედა და ბებია როგორ განიხილავდნენ ვანგას, ჯუნას (ცნობილი ნათელმხილველები და წინასწარმეტყველები) და აი, ეს არის ყველაფერი. ჩემებს – არ სჯეროდათ, დრო არ ჰქონდათ. უნდა გადარჩენილიყვნენ უცხო მოსკოვში ომისა და ბლოკადის შემდეგ, მე ფეხზე დავეყენებინე, ბებია კიბოსგან განეკურნათ – და ეს ყველაფერი ნაქირავებ ბინაში. მათ ეჩვენებოდათ, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იყო დამუხტული წყლის საშუალებით. ახლა, მეჩვენება, რომ საძინებელში ჩამოკიდებულ ნებისმიერ ტილოს არ შეუძლია გოგონა მომავალ ქმარს გააცნოს.
როგორ გახდე ბედნიერი
მაგრამ დავბრუნდეთ საქორწინო დარბაზში. მზად ვარ ვიკამათო – დღეს, აფხაზეთში არ არის პოლიტიკოსი, რომელიც ჩვეულებრივ პარასკევს, სოფლებში „დაქირავებული ავტობუსების“ გარეშე, ახლო მეგობრებისა და მრავალრიცხოვანი ნათესავების გარეშე, მხოლოდ სოციალურ ქსელებში ანონსის საშუალებით გაავსებს ადამიანებით დარბაზს.
ეს რაზე მეტყველებს? გავბედავ ვივარაუდო, რომ ადამიანებს აფხაზეთში, განსაკუთრებით ქალებს, უკვე ნაკლებად სჯერათ 24-საათიანი ელექტროენერგიის, წყლის, მაღალი ხელფასებისა და პენსიების. მაგრამ, ამის მიუხედავად, ძალიან უნდათ ბედნიერები იყვნენ და ეძებენ გზებს, გასაღებს, ამ ბედნიერების საიდუმლოს.
„32 წლამდე, საკუთარი თავი ბედნიერ ადამიანად მიმაჩნდა – სრული ოჯახი მყავდა, ყველა ჯანმრთელი, ბევრი მეგობარი, მივიღე უმაღლესი განათლება, ვმოგზაურობდი. ჩანდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, საწუწუნო არაფერი მქონდა. მაგრამ ჩემს სულში რაღაც სიმშვიდეს ვერ პოულობდა. ვფიქრობდი, რა ცხოველი იყო ეს? რატომ არ შემეძლო კმაყოფილება შემეგრძნო? პასუხი ერთი იყო: ჩემს სულში ჰარმონია არ იყო“, – ასე იწყებს თავის შეხვედრას მასტერკლასის აფხაზ მონაწილეებთან მილანა.
საერთო ჯამში, სტრუქტურა გამართულად არის აწყობილი – ბევრი პირადი გამოცდილება, გრძნობა, განცდა. ეს ყველაფერი გაზავებულია ბუდიზმის, ინდუიზმის ნაწილობრივ სწავლებებში. თუკი მე მთხოვდნენ მასტერკლასის ჰეშთეგების სიის შედგენას, აი, ასეთი იქნებოდა: #ეგო, #კარმა, #სული, #ენერგია, #სინდისი. სხვათა შორის, შესანიშნავი სიტყვებია. ისევე, როგორც გზავნილი – იცხოვრო სულით და არა გონებით. მოუსმინო საკუთარ გულს. წახვიდე ჰარმონიისკენ. პირადად მე ვეთანხმები თითოეულ მტკიცებულებას. მაგრამ არის ნიუანსი.
როგორც აშკარად განათლებული და პროფესიონალი გაყიდვების სპეციალისტი, მილანა პერიოდულად, სხვათა შორის ახსენებდა, რომ ახლა აუცილებლად გეტყვით თქვენი პირადი ნომრების ყველა მახასიათებელს, მაგრამ თემა ფართოა, მარათონში ჩვენ გვაქვს ამისათვის მიძღვნილი მთელი ბლოკი. ამაზეც მთელი ბლოკი, იმაზეც მთელი ბლოკი, მარათონზე.
„სიუცაი კარგია იმით, რომ გაძლევს არა მხოლოდ განაჩენს, არამედ გაძლევს გასაღებს და გიხსნის, რა უნდა გააკეთო. სიუცაიში იკურნება ყველაფერი“, – იმეორებს მილანა და ეხება თავის მარათონს.
დარბაზთან კარგი ინტერაქტივია დამყარებული – ის სვამს კითხვებს, ადამიანები ხელს იწევენ, იცინიან ხუმრობებზე, ტაშს უკრავენ. აუდიტორიასთან სათანადო კონტაქტის სრული შეგრძნებაა. დარბაზიდან ისმის აპლოდისმენტები, როდესაც მილანა სცენიდან საუბრობს გელენვაგენზე, რომელიც მას მეუღლემ აჩუქა და რომელზეც ის ასე ოცნებობდა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი სიუცაის წყალობით.
სიუცაი – „როგორ მუშაობს ეს“
ცნობიერების რიცხვი, მატრიცა, მისიების რიცხვი – მთელი ეს რიცხვები ჩვენს დაბადების თარიღშია დამალული. თითოეული მათგანის გაშიფვრა შეუძლია სიუცაის ოსტატს, ასევე, რჩევის მოცემა – რა უნდა გაუკეთო ამ ყველაფერს, როგორ ეურთიერთო სხვა ციფრებს და რა უნდა ქნა, თუკი, მაგალითად, დაბადების თარიღში არ არის „ფულის ციფრი“. ასეთი რაღაცებით სკოლაში ვერთობოდით დაქალები.
მაგრამ ახლა ამით ფულს შოულობენ. და მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ბოლოს და ბოლოს, არ გინდა სიუცაიზე ფულის დახარჯვა, არ დახარჯო. გინდა – დახარჯე. ფული ხომ შენია. შეგიძლია გაყიდო სიუცაი? მშვენიერია, გაყიდე. სხვათა შორის, აქტიურმა დაგუგვლამ და ლიტერატურის ძიებამ არ მომცა არანაირი ახლის გაცნობის საშუალება „ციფრული ფსიქოლოგიის“ შესახებ. ყველა მასალა 2020 წლით არის დათარიღებული.
მაგრამ მე ყველაზე მეტად ამ იმერსიული სპექტაკლის მონაწილეთა მოტივაცია მაინტერესებს. სოხუმი – პატარა ქალაქია. აქ მუშაობს არა ექვსი, არამედ, უფრო ხშირად ერთი ან ორი ხელის ჩამორთმევის თეორია. დარბაზის 95% ქალია. სხვადასხვა ასაკის ბევრი ნაცნობი სახეა. ძირითადი აუდიტორია, ერთი შეხედვით – 25-35 წლისაა. ამასთან, არიან, რა თქმა უნდა, ძალიან ახალგაზრდა გოგონები და ბალზაკის ასაკის ქალები.
„მე უბრალოდ მაინტერესებს, როგორ მუშაობს ეს. მალინას ინსტაგრამის გვერდი სულ რაღაც ერთი წელია გამოვიწერე, ვხედავ ყველა ცვლილებას მის ცხოვრებაში – დაოჯახება, ბავშვის გაჩენა, ახალი მანქანა. ვუყურებ პირდაპირ ეთერებს, ბევრი დამთხვევაა. რაკი არსებობს მოსმენის შესაძლებლობა, რატომაც არა? ოცნებები ხომ ყველას აქვს“, – ამბობს ერთ-ერთი გოგონა, რომელიც 22 წლისაა და სტუდენტია.
„სინამდვილეში, უბრალოდ მინდა მჯეროდეს სასწაულის. გონებით მესმის, რომ ეს ყველაფერი უცნაურად ჟღერს, მაგრამ იქნებ უცებ ისეთი შანსია, რომ გავიგო ცხოვრება, საკუთარი თავი და საბოლოოდ ბედნიერი გავხდე“, – ეს მეორე ქალია, 32 წლის და ის აღიარებს, რომ ასე ეძებს ნათელ მომავალს პირად ცხოვრებაში.
„მეჩვენება, რომ ციფრებმა მართლაც იციან ბევრი რამ ჩვენ შესახებ. ტყუილად არ ვჩნდებით გარკვეულ დროს, დღესა და თვეს. ალბათ, მართლაც არსებობს რაღაც კოდი. რთულია, რა თქმა უნდა, მტკიცება, რომ სიუცაი – ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანციაა, მაგრამ რატომ არ უნდა მოვიდე და მოვუსმინო?“, – მიაჩნია მრავალშვილიან დედას, რომელიც აქ რესპუბლიკის სხვა ქალაქიდან ჩამოვიდა.
„მე ვიცი, რომ ეს მუშაობს. სწორ დღეს ვუთქვამ სურვილებს, მარათონი გავიარე, დავიწყე ბევრი სიარული და ვხედავ, როგორ იცვლება ჩემი ცხოვრება“, – დასძენს მასტერკლასის კიდევ ერთი მონაწილე.
რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი? მხოლოდ ისტორიის ციკლური ბუნების შესახებ.
კაშპიროვსკისა და ჩუმაკის [ცნობილი „მკურნალები და ფსიქოთერაპევტები“, რომელიც ტელევიზიით 90-იანების დასაწყისში გამოდიოდნენ] ესტაფეტა ქოუჩებმა, ნუმეროლოგებმა და ციფრულმა ფსიქოლოგებმა გადაიბარეს.
ჩვენ სკეპტიკოსების ესტაფეტა გადავიღეთ, ვიღაც სხვამ – უფრო ოპტიმისტური ადამიანების. არავინაა უკეთესი და უარესი. უბრალოდ ყველას სურს, კარგად იცხოვროს. ყოველ შემთხვევაში, იმაზე უკეთ, ვიდრე ახლა. და ვიღაცას ამისთვის სჭირდება მარათონის გავლა ცხოვრებაში ჰარმონიაზე, ვიღაცას კი – ამის შესახებ სტატიის დაწერა.