აზერბაიჯანი და თურქეთი სამხედრო ურთიერთდახმარებაზე შეთანხმდნენ
ქალაქ შუშაში, რომელიც ყარაბაღის მეორე ომის შედეგად გათავისუფლდა, ხელი მოეწერა სამოკავშირეო შეთანხმებას აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის. დეკლარაცია მოიცავს სამოკავშირეო ურთიერთობებს ფაქტობრივად ყველა სფეროში, მათ შორის, სამხედრო ურთიერთდახმარებას. უახლოეს მომავალში, შუშაში თურქეთის გენერალური საკონსულო გაიხსნება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თავის თურქ კოლეგას ფუზულის რაიონში შეხვდა, რომელიც ოკუპაციისგან ასევე ყარაბაღის მეორე ომის შედეგად, 2020 წლის შემოდგომაზე გათავისუფლდა. ისინი ერთად გაემგზავრნენ შუშაში.
შუშის მუნიციპალიტეტის შენობის წინ, შეხვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრა გამართა. შემდეგ, ორი ქვეყნის დელეგაციების წინაშე ხელი მოეწერა შუშის სამოკავშირეო დეკლარაციას აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის.
რაზეა საუბარი დეკლარაციაში?
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ხელმოწერილი სამოკავშირეო დეკლარაცია შემდეგ პუნქტებს მოიცავს:
— მოქმედებების კოორდინაცია სტრატეგიულ რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებში, რომლებიც ორმხრივი ინტერესის საგანია;
— თანამშრომლობა თავდაცვის მრეწველობაში და ორმხრივი სამხედრო დახმარება;
— აზერბაიჯანისა და თურქეთის დამაკავშირებელი ზანგეზურის დერეფნის გახსნის საკითხი;
— კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გამტკიცება, ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის აღდგენა, რეგიონის ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება და მტკიცე მშვიდობის უზრუნველყოფა;
— ერთობლივი კონსულტაციების გამართვა, ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ძალოვანი და მართვის სტრუქტურების მოქმედებების კოორდინაცია ერთ-ერთი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობისთვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში, მესამე სახელმწიფოს ან სახელმწიფოების მხრიდან;
— შეიარაღებული ძალების ფორმირება და მოდერნიზაცია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად;
— ორი ქვეყნის უშიშროების საბჭოების რეგულარული ერთობლივი სხდომების გამართვა, ამ სხდომებზე რეგიონული და საერთაშორისო საკითხების განხილვა, რომლებიც ორივე სახელმწიფოს ინტერესებს ეხება და ა.შ.
თურქეთის დიპლომატიური მისია ყარაბაღში
დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი ეფუძნება ყარსის შეთანხმებას, რომელსაც წელს 100 წელი უსრულდება.
აღინიშნა, რომ ხელმოწერილი შეთანხმებების წყალობით, მოკლე დროში აზერბაიჯანში თურქული ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება დაიწყება.
თავის საპასუხო სიტყვაში, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში შუშაში გაიხსნება თურქეთის მორიგი გენერალური საკონსულო აზერბაიჯანში.
მან ასევე აღნიშნა თურქული კომპანიების მნიშვნელოვანი როლი გათავისუფლებული ტერიტორიების აღდგენაში.
ერდოღანის ფორმულა „3+3“
„ჩვენ შევთავაზეთ თანამშრომლობის ფორმულა „3+3“. ის გულისხმობს რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და ირანის მონაწილეობას.
ამ პატფორმაზე გვსურს მშვიდობა რეგიონში. ამ ფორმულის ხორცშესხმისთვის თურქეთი და აზერბაიჯანი ნებისმიერ ნაბიჯებზე თანახმა არიან. თავისი მზადყოფნა პუტინმაც გამოთქვა.
ამ ნაბიჯების წყალობით რეგიონში მშვიდობა გარანტირებული იქნება. იმედი გვაქვს, რომ ეს ისტორიული შანსი არ დაიკარგება არარეალური სურვილების, გამოსვლებისა და მოქმედებების შედეგად. შექმნილ ახალ სიტუაციაში ერთადერთი პირობა არის მტრობასა და პროვოკაციებზე უარი და მოქმედებები მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის მიმართვა სომხეთს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთს მიმართა.
„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ, თანამშრომლობისთვის ახალი შესაძლებლობები გაჩნდა. ჩვენ მოწმეები ვართ ამ საკითხში ჩვენი აზერბაიჯანელი ძმების გულწრფელობისა. თურქეთს სურს, ჩვენი გეოგრაფიული მეზობლური ურთიერთობები ღრმა თანამშრომლობისკენ მიმართოს“, – განაცხადა თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა.