მოსაზრება: ჰაბიბი, აფხაზეთი და სანქციების ომები
ჰაბიბის ვიზიტის ჩაშლაში აფხაზეთში საქართველოს ადანაშაულებენ
აფხაზეთში დიდი რეზონანსი შერეული ორთაბრძოლების მსოფლიო ვარსკვლავის, დაღესტნელი ჰაბიბ ნურმაგომედოვის ვიზიტის ჩაშლამ გამოიწვია. მიზეზად მებრძოლის წინააღმდეგ შესაძლო სანქციები დასახელდა აშშ-ის მხრიდან, სადაც იგი ასპარეზობს. JAMnews– ის რედაქტორი აფხაზეთში ინალ ხაშიგი ამ მოვლენის მიზეზებსა და შესაძლო შედეგებს აანალიზებს.
ცნობილმა მებრძოლმა ჰაბიბ ნურმაგომედოვმა, UFC– ს [Ultimate Fighting Championship – სპორტული ორგანიზაცია, რომელიც ლას – ვეგასში მდებარეობს და შერეულ ორთაბრძოლებს მთელს მსოფლიოში ატარებს] ყოფილმა ჩემპიონმა აფხაზეთში ჩამოსვლა გადაიფიქრა.
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, იგი აფხაზ ბავშვებს მასტერკლასის ჩატარებას დაჰპირდა. ახლა ეს აღარ გამოვა. ბოლო მომენტში მებრძოლის მენეჯერებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოთხოვნით, აფხაზეთს სანქციები ადევს.
შედეგად, ამერიკის ვიზის გაუქმების, UFC– ში სპორტული საქმიანობის შეზღუდვისა და შეერთებულ შტატებში კონტრაქტის შეწყვეტის შიშით, ჰაბიბს მოუწია აფხაზ ბავშვებთან შეხვედრაზე უარი ეთქვა.
- “როცა შენ გამო კი არა, სხვების მაგივრად გრცხვენია” – ისტორია აფხაზეთიდან
- აფხაზი პოლიტოლოგი ასტამურ ტანია ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე
- აფხაზი ოპოზიციონერი: თბილისთან მოლაპარაკება ილუზიაა
სოციალური ქსელები სავსეა აღშფოთებული კომენტარებით, ბუნებრივია არა ჰაბიბ ნურმაგომედოვის, არამედ საქართველოს მისამართით. ამ განწყობებთან ერთად, ვეტერანთა ოპოზიციური ორგანიზაცია “არუაა” მოუწოდებს პრეზიდენტს და პარლამენტს, საპასუხოდ საქართველო-აფხაზეთის საზღვრის გადაკვეთის ისედაც მკაცრი რეჟიმი გაამკაცრონ და, სავარაუდოდ, ხელისუფლებაც ეტყვის: “ამინ”.
სანქციების ომები ახლა მოდაშია, მით უფრო, რომ სოხუმს აქვს მიზეზი, რომ საქართველოს პასუხი გასცეს.
ერთი კვირით ადრე პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, იგივე ოპოზიციური “არუაას” ზეწოლის შედეგად, შეცვალა “საგარეო პოლიტიკის კონცეფცია“, რომელიც გასული წლის დეკემბერში იქნა დამტკიცებული და იქიდან ამოიღო აბზაცი, რომელიც სოხუმს საშუალებას აძლევდა შეექმნა დამატებითი ფორმატი მრავალდონიანი ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების გასამართად. რაც გულისხმობს, მათ შორის, პირდაპირ მოლაპარაკებებს ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის.
ამ პუნქტს, სანამ ის დოკუმენტში არსებობდა, პრეზიდენტისთვის პრობლემების გარდა არაფერი მოუტანია. თბილისში კი აფხაზეთის მზადყოფნა პირდაპირი მოლაპარაკებებისათვის ლამის საქართველოს “წიაღში” მისი დაბრუნების დასაწყისად აღიქვეს. როგორც ჩანს, იქ გულუბრყვილოდ სჯეროდათ (პროპაგანდისტული მანქანა იქაც მოქმედებს), რომ შემდეგი ნაბიჯი სოხუმის დანებება იქნება.
მეორეს მხრივ, აფხაზურმა ოპოზიციამ ასლან ბჟანია ეროვნული ინტერესების ღალატში დაადანაშაულა.
მოკლედ, ბჟანიამ გაცლა ამჯობინა და უკან, საწყის პოზიციაზე, დაიხია. და თუ მან ამ ანტიქართული მიმართულებით სვლა გააგრძელა, ის საქართველოსთან საზღვარზე მოძრაობას გაამკაცრებს. ოპოზიციას კი, რომელიც “პატრიოტიზმს აწვება”, ან თვითდაშლა ან სხვა იმიჯის ძებნა მოუწევს, რადგან მთავარი პატრიოტის ნიშას თავად პრეზიდენტი დაიკავებს.
რა თქმა უნდა, ცოტათი ვაჭარბებ, მაგრამ თბილისმა არ გამოიყენა სოხუმის მიერ ინიცირებული შანსი, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პროცესი გარკვეულწილად გაეცოცხლებინა.
ახლა კი ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთის ხელისუფლება ქართველებს რამეს შესთავაზებს. ეს ნიშნავს, რომ პირდაპირი მოლაპარაკებების “შესასვლელი ბილეთი” საგრძნობლად გაძვირდა.
იმისთვის, რომ მოლაპარაკებების პროცესს ახალი სტიმული მისცეს, საქართველომ ხარჯი უნდა გაიღოს – უარი თქვას თავის მთავარ “კოზირზე” აფხაზეთის გარშემო თამაშში, რაც ამავე დროს მთავარი დაბრკოლებაა აფხაზეთთან ურთიერთობაში – კანონზე “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”.
მეტიც, თუ სანქციების გრადუსი გაიზრდება, მაშინ აფხაზეთის პრევენციულ ზომებით ძირითადად გალის რაიონში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დაზარალდებიან. ჯანდაბას აფხაზები, მაგრამ თუნდაც გალის მაცხოვრებელთა ხათრით, თბილისი სანქციების პოლიტიკის ეფექტურობაზე უნდა დაფიქრდეს.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო