პარალელური რეალობები. ერევანი
სომხეთში პოლიტიკური მოღვაწეები და სოციალური ქსელების მომხმარებლები დაძაბულები არიან. ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ახალი ომის საფრთხე არსებობს. ამ დროს კი ერევნელები ქალაქის ცენტრში სეირნობენ და მრავალრიცხოვან კაფეებში ცხოვრებით სიამოვნებას იღებენ.
რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მორიგი კრიზისით არიან დაკავებულები, ირანი ორივე ქვეყნის საზღვართან ჯარებს ათავსებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კი რეგიონში არსებულ ვითარებას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განიხილავს.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი, სხვადასხვა ორგანიზაციისა და ინიციატივის ლიდერები ყოველდღიურად მართავენ მიტინგებსა და საპროტესტო აქციებს. ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ისინი სომხეთს არცთუ ისე მარტივი სიტუაციიდან გამოსვლაში უნდა დაეხმარონ.
როგორც ჩანს, ისინი ხალხმრავალი უნდა იყოს. ამ დროს კი, დემონსტრაციებსა და აქციებში მონაწილეობას იღებს, სხვადასხვა დათვლებით, ათასიდან სამი ათას ადამიანამდე, რაც ერევნის საზომით, საკმაოდ ცოტაა.
დაძაბულობა გაიზარდა, როდესაც 20 მაისს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ აპირებს ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვარს ადგენს.
მის განცხადებას არ ენდობიან არც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არც აქტივისტები და არც სოციალური ქსელების მომხმარებელთა უმრავლესობა.
ასეთ პირობებში, ისე ჩანდა, რომ ერევანში დიდი დუღილი უნდა ყოფილიყო. გასულ წლებში, ასე იყო, როდესაც სოციალური მდგომარეობით უკმაყოფილებას ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოჰყავდა. ასე იყო, როდესაც ხელისუფლება სამარშრუტო ტაქსებზე საფასურის გაზრდას გეგმავდა ან ელექტროენერგიასთან ან გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული პრობლემები ჩნდებოდა.
ერევნელები ახლაც ყოველ საღამოს გამოდიან ქუჩაში, მაგრამ უფრო იმისთვის, რომ გაისეირნონ და კაფეში დასხდნენ.
იმ დროს, როდესაც რესპუბლიკის მოედანზე მიტინგი იმართებოდა, ადამიანები თავისუფლად სეირნობდნენ ჩრდილოეთის პროსპექტზე. ფოტო: ანი მინასიანი
და იმისათვის, რომ უკეთ გამეგო, რა ხდება ქუჩებში, ერევნის ცენტრში გავედი.
იმ დროს, როდესაც მომიტინგეები ერევნის მთავარ, რესპუბლიკის მოედანზე სკანდირებდნენ „სომხეთი ნიკოლის გარეშე“ და პრემიერ-მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვდნენ, მათგან ზუსტად რამდენიმე ასეულ მეტრში, ჩრდილოეთის პროსპექტზე, ნემსსაც ვერ ჩააგდებდით. კაფეები კი იქ ოცზე მტია.
პროსპექტზე – ბევრი გამვლელია, რომლებსაც არსად არ ეჩქარებათ. ეს კი იმის უტყუარი ნიშანია, რომ ისინი უბრალოდ სასეირნოდ გამოვიდნენ.
ისინი ფაქტობრივად ყოველ ფეხის ნაბიჯზე ეჯახებოდნენ ჩინურ სათამაშოებს: ძაღლებს, რომლებიც ყეფენ, ჯარისკაცებს, რომლებიც ისვრიან და მიცოცავენ, იხვებს, რომლებმაც უნდა იცურონ.
„აი, წავალ მოედანზე და რა? ხალხმა ერთხელ უნდა აირჩია. ნახეთ, რით დასრულდა ეს ყველაფერი“, – გაბრაზებული აცხადებს შუახნის ქალბატონი, რომელიც სათამაშოებით ვაჭრობს.
მამაკაცი, რომელიც უახლოეს გზაჯვარედინზე დგას, ყველას მიტინგში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს. „ქვეყანას ვკარგავთ!“, – ყვირის ის და ხელში სომხეთის სამფეროვანი დროშა უჭირავს.
ადამიანები გულგრილად უვლიან გვერდს.
ამ დროს კი მიტინგის მონაწილეები მსვლელობას აწყობენ და ეროვნული კრების შენობისკენ მიემართებიან. ისინი იმდენად ცოტანი არიან, რომ ბაგრამიანის გამზირზე მოძრაობა არც კი ფერხდება. კასკადსა და ჩრდილოეთის გამზირზე ადამიანები სულ უფრო ბევრნი ხდებიან, მაგრამ ისინი მიტინგში არ მონაწილეობენ. ქალები მოვლილები ჩანან, არ ნერვიულობენ და იღიმებიან. მამაკაცები ხმამაღლა საუბრობენ. თუმცა, მათი საუბრის თემები პოლიტიკურია: ისინი სომხეთში არსებულ ვითარებას განიხილავენ.
ერთ-ერთ კაფეში, სადაც ყველა მაგიდა დაკავებულია, პოლიტიკაზე საუბრობენ. მაგიდასთან, რომელთანაც მე მივედი, ახალგაზრდები ისხდნენ. „ვერ წარმომიდგენია, ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ შევძლებ ერევნის ფარგლებს გარეთ გასვლასაც კი. რას გავაკეთებთ, თუკი ყველა ძირითადი გზა აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავა?“.
ამბობენ, რომ მიტინგში არ მონაწილეობენ, რადგან არ სჯერათ, რომ რაიმეს შეცვლა შეუძლიათ.
„ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა არ იციან, რა დოკუმენტს აწერს ხელს ნიკოლი. თუ მათაც კი არ შეუძლიათ რაიმეს გაკეთება, ჩვენ რას შევძლებთ?“.
იმისათვის, რომ ყავა ან რაიმე გამაგრილებელი დალიო, კასკადზე მდებარე ერთ-ერთ კაფესთან, როგორც წესი, რიგში დგომა გიწევს. საღამოობით, ერევნის ცენტრში, თავისუფალი მაგიდები არ არის.
„ჩემთვის ეს გულგრილობის ნიშანია. ადამიანები არ ენდობიან პოლიტიკოსებსა და პოლიტიკას და მათდამი უნდობლობა იმდენად მაღალია, რომ ბევრისთვის მნიშვნელოვანი გახდა აზერბაიჯანელი ჯარისკაცების სომხეთში ყოფნა. ადამიანები დაიღალნენ პოლიტიკით“, – ამბობს ჟურნალისტი და ანალიტიკოსი, მარკ გრიგორიანი.
ისინი, ვინც ერევნის ცენტრში კაფეში სხედან და ისინიც, ვინც Facebook-ზე წერენ შეშფოთებულ და გაბრაზებულ შეტყობინებებსა და კომენტარებს, სავარაუდოდ, ერთი და იგივე ადამიანები არიან. უბრალოდ, მათი შეშფოთება გამოიხატება არა პოლიტიკური ქმედებებით, არამედ აქტივობით სოციალურ ქსელებში ან მწვავე კამათით კაფეებში.
ეს ისტორია არის მედიაპროექტ „ტრაექტორიების“ ნაწილი. ის მოგვითხრობს ადამიანების შესახებ, რომელთა ცხოვრებასაც სამხრეთ კავკასიაში მომხდარი კონფლიქტები შეეხო. პროექტი მუშაობს ავტორებსა და რედაქტორებთან მთელი კავკასიიდან და მხარს არ უჭერს არც ერთ მხარეს არც ერთ კონფლიქტში. ამ გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე პასუხისმგებლები არიან ავტორები. ტოპონიმები უმრავლეს შემთხვევაში მოხსენიებულია ისე, როგორც ეს მიღებულია ავტორის საზოგადოებაში. პროექტს ევროპის კავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ ორგანიზაციები GoGroup Media და International Alert.