"ხალისიანი ცხოვრება მინდა, ომის შიშის გარეშე". კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვები სამშობლოსა და ბედნიერებაზე
„ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ მათი წარსული, მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ მათი მომავალი“ – ამ იდეით საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ 24 ბავშვს ბანაკში „ძალა ერთობაშია“ წაიყვანენ.
ბანაკის ადგილი უკვე შერჩეულია – „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ ფინანსური მხარდაჭერით, 12-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეები ორ კვირას ბორჯომის ხეობაში გაატარებენ.
ბანაკის მონაწილეების შერჩევა 9 აპრილიდან დაიწყო. მსურველებს თხზულებები უნდა დაეწერათ. კონკურსის შედეგად, ბანაკისთვის ხურვალეთში, ატოცში, ვარიანში, გუგუტიანთკარსა და საოკუპაციო ზოლთან მდებარე სხვა სოფლებში მცხოვრები 24 მოსწავლე შეირჩა.
ყველა მათგანის ტექსტი თავისებურად სევდიანია – მოსწავლეების უმრავლესობამ საკონკურსო ნამუშევარში საკუთარ წუხილებსა და დარდებზე საუბარი ისურვა. მასალები აჩვენებს, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ახალგაზრდებს ერთმანეთის მსგავსი ფიქრები აქვთ – ოკუპაციის შიში, სამშობლოს სიყვარული და ბედნიერების სურვილი.
დავით ცერცვაძე, 13 წლის
2013 წელს პაპა გარდამეცვალა, მამაჩემის მხრიდან. დაკრძალვაზე ჩამოსული ჩვენი ნათესავები გვინდოდა, რომ დათა პაპასთანაც [დათა ვანიშვილი სოფელ ხურვალეთიდან. მას შემდეგ, რაც სოფელ ხურვალეთში მავთულხლართები გაივლო, მისი სახლი საოკუპაციო ხაზის მიღმა აღმოჩნდა. დათა ვანიშვილმა უარი თქვა საკუთარი სახლის დატოვებაზე. იგი 2021 წლის მარტში გარდაიცვალა_ JAMnews] მიგვეყვანა. მაშინ ჯერ მავთულხლართები არ იყო გავლებული, მაგრამ ნადარბაზევთან რომ მივედით, დაგვიჭირეს.
_____________________________________________________________________________
● დათა პაპა – მავთულხლართების ყველაზე ცნობილი მსხვერპლი გარდაიცვალა
● მავთულხლართებით ორად გაყოფილი სოფელი
● 10 წელი მავთულხლართებს მიღმა
● 12 წელი აგვისტოს ომიდან
_____________________________________________________________________________
ჩემი მშობლები რამდენიმე დღით დატოვეს ცხინვალის იზოლატორში, მე რადგან პატარა ვიყავი, გამომიშვეს. ის დღეები დათა პაპასთან გავატარე. იმ დროიდან მოყოლებული, სულ მელაპარაკებოდა, რომ იქაურობა ჩვენი იყო და რომ ადრე თუ გვიან, ყველაფერი ძველებურად იქნებოდა. თხზულება, რომელიც ამ ბანაკში მოსახვედრად დავწერე, სწორედ ამ ამბავსა და დათა პაპაზეა. ძალიან მიყვარდა და სულ მემახსოვრება. როცა სიტყვა „სამშობლო“ მესმის, სულ ის მახსენდება და ძალიან მინდა, რომ ერთ დღეს მისი სურვილი ახდეს – მავთულხლართები აღარ იყოს.
სოფი მარკიევი, 15 წლის
მე ბედნიერებაზე საუბარი მინდოდა, რადგან ჩემ გარშემო ძალიან ცოტა ადამიანია ბედნიერი. სულ მესმის, რომ ბავშვობა ბედნიერი პერიოდია, მაგრამ ეს წლები სოფელში, მოწყენილობასა და შიშში გადის.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ძალიან ბევრი ნათესავი დავკარგე. საოკუპაციო ხაზის გამო, მათ ვეღარც კი ვნახულობ. ბევრი კარგი და ცუდი ამბავი ხდება და სულ მინდა, ისინიც რომ ჩვენ გვერდით იყვნენ, მაგრამ ვერ გამოდის. ასეთ დროს ვეღარ ხარ ისეთი ბედნიერი, როგორც გინდა.
ამ ყველაფერზე იყო ჩემი თხზულება, სადაც იმასაც ვამბობ, რომ „სამშობლო“ ჩემთვის ყველაზე თბილი და ტკბილი სიტყვაა და ძალიან მინდა, ერთ დღეს, როცა ამ სიტყვას ვიტყვი, ომი და ოკუპაცია კი არა, ბედნიერება და ერთიანობა გამახსენდეს.
ნინო მაისურაძე, 13 წლის
მერეთში ვცხოვრობ. ჩვენს სოფელში ბურთით თამაშია ჩემი და ჩემი თანატოლების გასართობი. ქალაქში სხვანაირად ცხოვრობენ ჩვენი ტოლები, ჩვენთან ყველაფერი განსხვავებულადაა. ქალაქელი ბავშვები კაფეებში, კინოებში დადიან. ჩვენ კიდევ ჩვენ თვითონ ვიგონებთ რაღაც გასართობებს. ამ ბანაკში მე და ჩემი მეგობარი მოვხვდით და ძალიან მიხარია. რაღაც ახალი და კარგი მოხდება ჩემს ცხოვრებაში.
მასალაც ახალგაზრდების პრობლემებზე დავწერე. მინდა, რომ ყველას გვიხაროდეს ცხოვრება და რომ ამბობენ, ბავშვობა უკან აღარ დაბრუნდებაო, ეს გვახსოვდეს ყველას. ხალისიანი ცხოვრება მინდა, ომის შიშის გარეშე.
___________________________________________________________________
დავითი, სოფი, ნინო და სხვა ახალგაზრდები დღეს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ ქარხანაში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა ჩაიყვანეს და ბანაკის იდეის გაჩენის ისტორიაც უამბეს.
„სოფელ ვარიანში, ერთ-ერთ ოჯახში ყოფნისას გაჩნდა ეს იდეა. მე და ჩემი მეგობრები ვიყავით სახლში, სადაც პატარებიც ცხოვრობდნენ და მათთან საუბრისას მივხვდით, რომ ახალგაზრდებს მხოლოდ ერთჯერადი საჩუქრები კი არა, ასეთი ამბები სჭირდებათ. დღეები, სადაც ახალ მეგობრებს გაიჩენენ, საკუთარ შესაძლებლობებს გამოავლენენ, ახალ ცოდნას მიიღებენ და რაც მთავარია – გახალისდებიან“, – თქვა დავით ქაცარავამ.
ახალგაზრდებს ქარხანაში გიდობას „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი უწევდა.
„ეს უნდა იყოს თქვენთვის დაუვიწყარი დღეები, რომლებიც დიდხანს გემახსოვრებათ. გარდა სპორტული, გასართობი და შემეცნებითი აქტივობებისა, რომლებიც ბანაკში გელოდებათ, თქვენ გაიჩენთ ახალ მეგობრებს და დარწმუნებული ვარ, გაგიჩნდებათ ახალი იდეებიც, თუ როგორ გახადოთ თქვენი ცხოვრება უკეთესი“, – უთხრა ახალგაზრდებს თემურ ჭყონიამ.
ქარხანაში მცირე ექსკურსიის, საჩუქრებისა და ლანჩის შემდეგ, იდეის ავტორებმა, პარტნიორებმა და მოსწავლეებმა ეზოში სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და ერთმანეთს ბანაკში შეხვედრამდე დაემშვიდობნენ.